"დიდი ბოდიში ოპოზიციონერ კანდიდატებთან, მაგრამ ჩემი რეალური ოპონენტი "ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკოა" - კვირის პალიტრა

"დიდი ბოდიში ოპოზიციონერ კანდიდატებთან, მაგრამ ჩემი რეალური ოპონენტი "ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკოა"

"მმართველ გუნდს იმედი აქვს, თუ 2016 წლის არჩევნებზე ღატაკი ხალხის მოსყიდვა ერთი ტომარა კარტოფილით მოახერხა, ამას ახლა დამპალი პამიდვრითა და კიტრითაც შეძლებს. ასეთია დღევანდელი სამწუხარო მოცემულობა", - ამბობს პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეების" თავმჯდომარე. არის თუ არა მზად ოპოზიცია წინასაარჩევნო ბრძოლისთვის და ვინ რა მეთოდებით აპირებს ადგილის დაკავებას მომავალ ხელისუფლებაში, ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება.

- სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, არის თუ არა მზად ოპოზიცია საარჩევნო ბრძოლისთვის, ან რისთვის და როგორ ემზადება. ერთადერთი, რითაც დაინტერესებული და შესაბამისად, დაკავებულიც ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაძლიერება, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა და ჩვენი დღის წესრიგია.

ვცდილობთ ხალხი დავარწმუნოთ, რომ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ პოლიტიკაში წესიერი, კვალიფიციური ხალხი არ მოვა. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია.

- მაგრამ თქვენც ხომ ოპოზიციის ნაწილი ხართ?

- კი, მაგრამ მე დანარჩენ ოპოზიციაზე ვლაპარაკობ, მათი არაფერი მაინტერესებს. ჩემი ამოცანაა ხალხთან მივიტანო ჩვენი სათქმელი და დავარწმუნო, რომ შეცდომაა ხელის ჩაქნევა და იმის თქმა, მაინც არაფერი შეიცვლებაო. თითოეულმა ჩვენგანმა კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

- თავდაპირველად თქვენ მოლაპარაკებებს მართავდით როგორც ოპოზიციურ ერთობასთან, ისე მის გარეთ ოპოზიციურ ძალებთან. ახლა რატომ გადაწყვიტეთ ყველასგან განდგომა? - ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ერთადერთი, რის გამოც დანარჩენ ოპოზიციას დაველაპარაკებოდით, პროპორციული არჩევნების საკითხი იყო.

თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი ისევ წამოიჭრება, ოპოზიციაში ისევ დავილაპარაკებთ, მაგრამ არასერიოზულ თემებსა და პარტიულ საკითხებზე მსჯელობისთვის დროის დაკარგვას არ ვაპირებ.

- არასერიოზულია დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის ხმების დაცვა ივალდებულეს და პირობა დადეს, რომ მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციას "ქართულ ოცნებასთან"? თქვენ რა მოტივით არ მოაწერეთ ხელი ამ დეკლარაციას? - არასერიოზულია აბა, რა არის?! სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ერთმანეთის ხმებს დავიცავთ და მთავრობას არ შევუქმნით "ოცნებას". ხმების დაცვისთვის ბრძოლაა საჭირო და არა დეკლარაციების წერა. ბიძინა ივანიშვილს და სუს-ს სულ არ ეშინიათ დეკლარაციების.

- თქვენ ერთხანს "ლელოს" სავარაუდო მოკავშირედ მოიაზრებოდით, დღეს საბურთალოს სამაჟორიტარო ოლქში ამ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე თქვენი ოპონენტი იქნება. რატომ ვერ შეთანხმდით ამ პოლიტიკურ ძალასთან? - რამდენჯერმე შევხვდით და აზრები გავცვალეთ. საბოლოოდ რატომღაც ვერ შედგა შეთანხმება და დამოუკიდებლად ბრძოლა გადავწყვიტეთ. არა უშავს, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენ სხვადასხვა ხედვა აღმოგვაჩნდა.

- ბადრი ჯაფარიძის გარდა, საბურთალოზე მაჟორიტარი კანდიდატები არიან დავით სერგეენკო, ირაკლი ოქრუაშვილი, თაკო ჩარკვიანი... ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ ოპონენტად? - დიდი ბოდიში ოპოზიციონერ კანდიდატებთან, მაგრამ ჩემი რეალური ოპონენტი "ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკოა.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი მართლაც დაბრუნდება და შეცვლის საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს? - ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილი ან დაბრუნდეს, ან თავი დაგვანებოს, თორემ მისი განცხადებები "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება.

ხათუნა ბახტურიძე