გიორგი ვაშაძე: "სიტყვა "ნაცმოძრაობამ" გატეხა" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "სიტყვა "ნაცმოძრაობამ" გატეხა"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, ითამაშოს ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი დაამარცხონ." - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა. ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებული იყვნენ და "ნაციონალური მოძრაობა" ამ შეთანხმებას ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენით არღვევს. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გიორგი ვაშაძე და ხატია დეკანოიძე გვესაუბრებიან.

გიორგი ვაშაძე: - ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ როგორც ისანში, ისე სხვა მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს დავაყენებდით და ამ შეთანხმებას "ნაციონალური მოძრაობა" არღვევს. ნაცვლად იმისა, "დამსხვრეული ოცნებების" დამარცხებაში შემოგვიერთდნენ, ბრძოლას მიცხადებენ. რა ვქნა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, რაც მათთვისაც ძალიან ცუდია.

- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ სიტყვა პირველად თქვენ გატეხეთ, როდესაც "ძალა ერთობაშია" დატოვეთ.

- ამ შეთანხმებას სხვა მონაწილეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გატეხა.

- თქვენ ბოლო წუთამდე იმედი გქონდათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატს არ დაგიყენებდათ. დღევანდელი რეალობა როგორ ცვლის თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს? - გაათმაგებულად უნდა ვიბრძოლო "დამსხვრეული ოცნებების" დასამარცხებლად. ფაქტია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართულ ოცნებას" კი არა, მე დამიყენა კანდიდატი.

- კახა კახიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ახლა უკვე ხატია დეკანოიძეც... ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები გყავთ? - კი, მაგრამ ყველას დავამარცხებ... ჩვენს თანამოქალაქეებს პოლიტიკური ინტრიგები არ აინტერესებთ. ჩვენგან "დამსხვრეული ოცნებების", შემდეგ კი სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას ელიან.

ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში, ამ ქვეყნის პრემიერიც გავხდები და კრიმინალსა და სიღარიბესაც დავამარცხებ.

საქართველოში არც ერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- არსებულმა ვითარებამ ხომ არ შეასუსტა ოპოზიციის ბრძოლის სიმძაფრე? - შესაძლოა, მაგრამ რა ვქნა?

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ვერსიები "ქართულ ოცნებასთან" თქვენი ფარული კავშირის შესახებ უფრო აქტიურად გავრცელდება? მით უფრო, რომ ასეთი ვერსიები ვრცელდებოდა იმ პოლიტიკურ ძალაზეც ("ევროპულ საქართველოზე"), რომელმაც "ნაციონალებთან" დაპირისპირებაში მხარი თქვენ დაგიჭირათ? - ასეთი ჭორების მოგონება ოპონენტებზე კომუნისტური გადმონაშთია. ბოლშევიკური გადმონაშთია ისიც, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო - ეს უნდა დავამთავროთ.

ხატია დეკანოიძე: "ევროპული საქართველოსა" და გიორგი ვაშაძის პარტიის კავშირი დროებითია"

ხატია დეკანოიძე: - ჩვენ, ისევე როგორც ყველა პარტიას, ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. ახლა ჩვენს მთავარ კონკურენტად""ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მივიჩნევ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2020 წლის არჩევნებში"ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია დამარცხდნენ.

- თქვენი და საზოგადოდ ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი ისნის ოლქთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ ხომ არ შეცვალა და ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე ხომ არ დააყენა? - ყველაფერი ვაშაძემ დაიწყო, როდესაც "ძალა ერთობაშია" დატოვა. მას შემდეგ, რაც სხვა პოლიტიკური რეალობა დადგა, ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ სტრატეგიას - გამარჯვებას. მე არა მაქვს სენტიმენტები არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ.

- რაზე მეტყველებს ის, რომ "ევროპული საქართველო" ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს უჭერს? - მხოლოდ ერთს ვიტყვი - "ევროპული საქართველოსა" და გიორგი ვაშაძის პარტიის კავშირი დროებითია, რომელიც ძალიან მალე გადაიხედება.

- როგორ ფიქრობთ, მართლაც ჩამოვა სააკაშვილი? - დიახ, აუცილებლად ჩამოვა.

- ხელისუფლება ამბობს, რომ მას აქ მართლმსაჯულება ელოდება. - როდესაც ხელისუფლება ასეთ განცხადებებს აკეთებს, ერთი ამბავი მახსენდება: რამდენიმე წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს რუსმა სატელეფონო ხულიგანმა თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინა და სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ დაელაპარაკა. ალბათ, გახსოვთ, როგორი შეშინებული პასუხობდა მღებრიშვილი, არ გაუკეთოთ ექსტრადირებაო. ამიტომ მათი უსაფუძვლო მუქარის არავის ეშინია. სააკაშვილი ჩამოვა აქ და ავანგარდში იქნება.

- როგორ გგონიათ, თქვენ შექმნით კოალიციურ მთავრობას? - ვფიქრობ, კოალიციასაც და პარლამენტში პარტიათა წარმომადგენლობის რაოდენობასაც ამომრჩეველი განსაზღვრავს. ჩვენ ამომრჩევლის გადაწყვეტილების საფუძველზე განვსაზღვრავთ კონფიგურაციას.

ხათუნა ბახტურიძე