"ოპოზიციაში უკვე შეჭამეს ერთმანეთი" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციაში უკვე შეჭამეს ერთმანეთი"

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე არასერიოზულად მიიჩნევს, ექსპრეზიდენტს კი კარიკატურულ ფიგურას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თავის "ფეისბუკის" გვერდზე მიმართვა გაავრცელა: "ახლა, წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... შეცდომები იყო, და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც, ამ წლების გადმოსახედიდან, ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. ამავე დროს, მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით, დღესაც მუშაობს... მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!"

რამდენად რეალურია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა გადაწყვეტილებამ წინასაარჩევნო გარემოზე, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება:

- სააკაშვილი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. რვა წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოუნანიებია თავისი ქმდებები და ახლა გაახსენდა შეცდომები, როდესაც ისევ ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა? თუ ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებაზე, ქონების წართმევაზე, ბოდიში არ კმარა. ამაზე პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს. აქ მას მართლმსაჯულება ელოდება.

- როგორ გგონიათ, მზად არის პასუხი აგოს, თუ შეთანხმების იმედი აქვს? - არაფრის იმედი არა აქვს, ამასთან, ძალიან მშიშარაა და არსადაც არ ჩამოვა.

მისი განცხადებები საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებაზეა გათვლილი, თავისი ჭკუით, მხარდამჭერებს აგულიანებს.

ერთადერთი, რაც "ნაციონალებს" კარგად ეხერხებათ, რევოლუციური გზით ქვეყნის არევა და დესტაბილიზაციაა. აი, ამაზე კეთდება აქცენტი და მათი ყველა განცხადებაც ამისთვის არის გამიზნული.

- სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" საფრთხედ მიიჩნევთ? - დამნაშავე სააკაშვილი საფრთხე ვერ იქნება. ჩვენ სხვა საფრთხეები და გამოწვევები გვაქვს, მაგალითად, ქვეყნის ოკუპაცია და სოციალური საკითხები. გარწმუნებთ, არჩევნებამდე მშვიდად მივალთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება სააკაშვილი კიდევ ერთხელ გახდეს უხერხული ვითარების მიზეზი საქართველოსა და უკრაინას შორის? - უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა ყოველთვის გვექნება. სააკაშვილმა მცირე უხერხულობა მართლაც შექმნა, როდესაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ უკრაინელ კოლეგებს ჩვენი პოზიცია გავაცანით და მათაც ყველაფერი შესაბამისად მიიღეს.

- ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, ასევე პოლიტოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს სწორედ "ქართული ოცნება" აცოცხლებს. - ეს არის დემოკრატიის ფასი. საქართველო რომ დემოკრატიული ქვეყანა არ იყოს, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნიდა. ბატონმა ჯაფარიძემ ერთხელ თქვა, ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა დაკარგაო. არ აღიარებენ, რომ სწორედ დღევანდელმა დემოკრატიამ მისცა აზრის საჯაროდ გამოთქმისა და პოლიტიკაში მოსვლის საშუალება. ძალიან კარგად იცის ბატონმა მამუკამ, რომ სააკაშვილის დროს უმძიმეს წნეხში იყო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

- კულუარულ ვერსიებზე, "ქართული ოცნების" გიორგი ვაშაძესა და "ევროპულ საქართველოსთან" გარიგების შესახებ რას იტყვით? - "ქართული ოცნება" გამჭვირვალე პოლიტიკას ატარებს. ოპოზიციონერები ერთმანეთის ჩასაძირად და გასასვრელად რას აღარ იგონებენ. უკვე შეჭამეს ერთმანეთი. ახლა ამ დღეში არიან, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მერე რას იზამენ? მერე ხალხს, ქვეყანას შეჭამენ.

- ოპოზიციურმა პარტიებმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ვალდებულებას იღებენ, რომ მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" მთავრობას არ შეუქმნიან. თქვენ ვისი იმედი გაქვთ? - ჩვენ გვჯერა, რომ ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოვალთ, ამიტომ ასეთ საკითხებს არ განვიხილავთ, არც ვფიქრობთ კოალიციაზე.

- რომელ პოლიტიკურ ძალას მიიჩნევთ არადესტრუქციულ ძალად, ვისთანაც შეთანხმებას შეძლებდით? - ჩვენთვის დესტრუქციული ძალაა "ნაციონალური კლასტერი", ძალადობრივი მმართველობის მემკვიდრეები. ისინიც, ვინც ძალაუფლების მოპოვების წყურვილით ამ დამნაშავეებთან შეწებებას ცდილობენ. ვისაც სწორება აქვს სააკაშვილსა და მის კალსტერზე, ჩემთვის რადიკალურ და დესტრუქციულ ძალასთან ასოცირდებიან.

ხათუნა ბახტურიძე