"სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობა კონკრეტულ მიზანს ემსახურება..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობა კონკრეტულ მიზანს ემსახურება..."

საქართველოში ორ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს, თუმცა აშკარაა, რომ ეს პროცესი არცთუ დინამიკურია. ამასობაში გააქტიურდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ვიდეომიმართვაც გასულ კვირას განხილვის საგნად იქცა. სააკაშვილი ბოდიშს იხდის და სამშობლოში დაბრუნების პირობას უკვე მერამდენედ დებს.

როგორ შეიძლება შეფასდეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება? - ამ და სხვა თემებზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

- დავიწყოთ ხელისუფლებით. ის კვლავაც ამხედრებულია თეთრ ცხენზე, რომელსაც მე "კოვიდ-19-ს" დავარქმევდი. სწორედ კორონავირუსული პანდემიის დროს ხელისუფლების მენეჯმენტის, "მისტიკის" თუ ქართველი ხალხის ფიზიოლოგიური თუ გენეტიკური თვისებების წყალობით, კორონავირუსის გავრცელების მართვით საქართველო მთელ მსოფლიოში გამოირჩევა და წარმოუდგენელია, ამით წინასაარჩევნოდ არ ესარგებლა ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას. ამას თან ერთვის ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც ჩაედინება ამომრჩევლის ჯიბეში, როგორც "კოვიდის" შედეგების შესამსუბუქებელი შემწეობა. რომ არა პანდემია, ეს უპრეცედენტო მასშტაბის წინასაარჩევნო მოსყიდვა იქნებოდა. აი, ეს ფაქტორები განაპირობებს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სიმშვიდეს, თან ამას ემატება ოპოზიციის შედარებითი პასიურობა.

ოპოზიციურ ფლანგზე კი, დღეს რაც ყველაზე მეტად ჩანს საინფორმაციო სივრცეში და იპყრობს ამომრჩევლის ყურადღებას, არის მაჟორიტარულ ოლქებში გაჩაღებული დაპირისპირება, რასაც ამომრჩეველი ნამდვილად არ მიიჩნევს მისი გულის მოსაგებად გაჩაღებულ ბრძოლად და სწორიც არის. სხვა იყო, როდესაც ოპოზიცია პროპორციული სისტემისთვის იბრძოდა, ან ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობდა, ახლა კი სრულიად გაუგებარი რამ ხდება - უკვე შეთანხმებულ ოლქებშიც ერთმანეთის მიყოლებით ნიშნავენ ახალ კანდიდატებს. ეს ამომრჩევლის გულის მოგებად ვერ ჩაითვლება, ოპოზიცია უფრო ერთმანეთისთვის ხელის გადაგრეხის პოლიტიკით არის დაკავებული, ვიდრე ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობით. ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლების შეცდომების იმედად არის. მაგალითად, ფიქრობს, რომ ეს გამწვავებული კრიმინალური ვითარება მის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ ვიცი, დარჩენილ ორ თვეში ისეთს რა შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, რომ ოპოზიციის ასეთი პასიურობა გადაფაროს და პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების შარავანდედიც ჩამოიხსნას.

გასაგებია, რომ შემოდგომის მიწურული, ზამთარი და გაზაფხულიც ეკონომიკურად ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ მაშინ არჩევნები ჩავლილი იქნება, ამიტომ ოპოზიციის ეს ტაქტიკა გაუგებარია.

თუმცა ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია, ზოგიერთ ძალას საინტერესო კამპანიაც აქვს. შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტიური გიორგი ვაშაძეა, რომელსაც ყველგან ნახავთ - მედიაში, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, ატარებს შეხვედრებს რეგიონებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ მთელი კამპანიაა აგორებული, ის საარჩევნო კამპანიას განაგრძობს, კრიტიკას უარყოფითად არ პასუხობს და ამით ნამდვილად იგებს.

ასევე აქტიური, თუმცა უფრო აკადემიური კამპანია აქვს "ლელოს". მან საქართველოსთვის "მარშალის გეგმის" მომზადება დააანონსა, რასაც ინტერესით ველი.

გააქტიურდა "ევროპული საქართველოც". ვიცი, რომ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატ გიგა ბოკერიას ძალიან საინტერესო კამპანია აქვს, რომელიც ნამდვილად ინოვაციურია მოსახლეობასთან ურთიერთობითა და მისი ჩართულობით. ბოკერია არ ერიდება იმ კრიტიკის ქარცეცხლსაც, რაც ამ შეხვედრებზე შეიძლება დაატყდეს.

ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიციის საქმიანობა ჭაობივით არის, არის გამონათებებიც, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დღეს მიმდინარე პროცესი უკიდურესად პასიურია.

ერთი რამ არის თვალსაჩინო ხელისუფლების მოქმედებაში - ის შავი პიარი, რაც "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა, რომელიც განსაკუთრებით მძაფრი იყო 2016 წლის არჩევნების წინ - რა სიბინძურეები არ გადმოიფრქვა პოლიტიკური ოპონენტების მორალურად და ფსიქოლოგიურად გასანადგურებლად, რა უკადრებელი არ იკადრეს - დღეს ჯერჯერობით არ ჩანს.

ოპოზიციასთან დაპირისპირებაში ხელისუფლებამ აკადემიური იმიჯი მოირგო. ყველა წინა არჩევნებზე ფონს გასვლას მხოლოდ ოპონენტების ლაფში ამოსვრით ცდილობდა. მგონი, ეს პირველი არჩევნებია, როცა "ოცნება" პოზიტივზეა ორიენტირებული.

თუმცა, რისი დეფიციტიც თანაბრად ჩანს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, სახელმწიფოებრივი ხედვა და იდეაა, რაც გახდებოდა საზოგადოების გაერთიანების საფუძველი. არ ვგულისხმობ მესიას, მესიების დრო ქართულ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ საქართველოს დღეს სჭირდება მისიონერი პოლიტიკოსები, მაგრამ არა ჰყავს. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ - სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება ზეიდეა, რისკენაც მთელი საზოგადოება უნდა მიდიოდეს, თუ მას სურს წარმატებული სახელმწიფოს აშენება. ბოლო წლებში ქართველი საზოგადოებისთვის მსგავსი მიზანი არავის დაუსახავს. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პოლიტიკოსებიც სოციალურ და პოპულისტურ მესიჯებს ისვრიან. ეს სოციალური დაპირებები რომც შესრულდეს, არავინ იცის, მას შემდეგ ქვეყანა საით უნდა წავიდეს, როგორი ეკონომიკა უნდა ჰქონდეს ან სად იქნება მისი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ახლა დუღილის პროცესი მიდის? ამაზე არავინ ფიქრობს...

- მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობისადმი მორიგი ვიდეომიმართვა: "ახლა, წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო, და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის... მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში", - განაცხადა სააკაშვილმა და დაბრუნებაც დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, ის იქნება "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი. "ქართული ოცნება" მასშტაბურად გამოეხმაურა სააკაშვილის მიმართვას, აშკარაა, როგორც ერთი, ისე მეორე მხარე კვლავაც შეეცდება პოლიტიკური პროცესი ისევ ორი პოლუსის დაპირისპირებად წარმოაჩინოს.

- დავიწყოთ იმით, თუ რას ეფუძნება სააკაშვილის ეს ტაქტიკა. ვფიქრობ, ახსნა მარტივია - იმისათვის, რომ ჩამოაყალიბო კოალიციური მთავრობა, უნდა გქონდეს საუკეთესო შედეგი არჩევნებზე ან მეორე მაინც უნდა იყო. საუკეთესო შედეგის მიღების შანსი აქვს მხოლოდ ორ ძალას: "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას". ამ უკანასკნელის მიზანია, აკრიფოს რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური ხმა, რათა რაც შეიძლება დაეწიოს პროპორციულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას". ასევე მისი მიზანია, რაც შეიძლება დიდი პროცენტით ჩამოიტოვოს სხვა ოპოზიციური პარტიები, რათა სხვა არც ერთ პარტიას არ გაუჩნდეს შანსი, რომ კოალიციის ჩამომყალიბებელი ძალა გახდეს. თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, გასაგები გახდება, რასაც აკეთებს სააკაშვილი - მან აქცენტი გადაიტანა თავის პარტიაზე და ელექტორატის ინსპირაციისთვის ამბობს, რომ დაბრუნდება. იმავდროულად, ბოლო 8 წლის განმავლობაში სააკაშვილი ამ თავისი ბოდიშით პირველად მუშაობს მოყოყმანე ამომრჩეველზე. მოკლედ,

სააკაშვილის ტაქტიკა სრულიად გასაგებია და ცდაც, პოლიტიკური ველი ორპოლუსიანად გადააქციოს, რაც ხელს აძლევს როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე "ქართულ ოცნებას", რათა რაც შეიძლება მეტი ხმა გადაიქაჩოს ამ ორ პოლუსისკენ.

ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ერთი ნაწილის შფოთი და ვაი-ვიში, რომ სააკაშვილი თურმე ისევ ორ პოლუსად ყოფს პოლიტიკურ სივრცეს. ვინც ამაში საფრთხეს ხედავს, ეს მისი პრობლემაა და არა სააკაშვილის. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ვირტუალური ჭიპლარით არიან მიბმული სააკაშვილზე და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურებად ვერ ჩამოყალიბდნენ. მათ ვერ წარმოუდგენიათ პოლიტიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, სანამ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე სააკაშვილი იქნება. შესაბამისად, ისინი არასრულფასოვანი პოლიტიკური ძალები არიან, თუ არადა, დაამტკიცონ, რომ ამ საარჩევნო რეალობაში, როდესაც, ფაქტობრივად, ნულოვანი ბარიერია, ალტერნატივის შექმნა შეუძლიათ. ვისაც პოლიტიკაში საკუთარი თავის იმედი აქვს, იბრძვის კიდეც. ამის მაგალითად გიორგი ვაშაძე გამოდგება.

ოპოზიციას უნდა აწარმოებდეს მასშტაბურ კამპანიას, რომ პოლიტიკური სივრცე ორპოლუსიანი ვერ გახდება, რადგან არსებობენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, მაგალითად, "გირჩი", "ლელო", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და ა.შ., და სულაც არ არის საჭირო ამ ძალებს 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეთ. ამ საარჩევნო სისტემით 3-4%-იანი პარტიაც შეიძლება იქცეს სახელისუფლებოდ. დიდი შანსია, რომ სწორედ ასეთი რეალობა მივიღოთ.

თუ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კვლავაც შეეცდებიან, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე პირადი დაპირისპირების არენად წარმოაჩინონ, ოპოზიციურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საპირისპიროს დასამტკიცებლად, ამისთვის კი საჭიროა აქტიური საარჩევნო კამპანია.

გარდა ამისა, დღეს ოპოზიციური სპექტრი ფინანსების ნაკლებობასაც არ განიცდის. არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელთაც დიდი ფინანსური რესურსები აქვთ, რასაც თანდათან უფრო კარგად დავინახავთ. ამ თვალ=საზრისითაც განსხვავებაა 2016 წლის საარჩევნო პროცესთან, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მოკლედ, აღარ არის ფინანსური პრობლემები, აღარც 5%-იანი ბარიერი, გახსნილია საინფორმაციო სივრცეც, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი - აჩვენონ, ვის რა შეუძლია.

რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას, ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურება - ის ცდილობს თავის ამომრჩეველს ბუნდოვანი კი არა, მკაფიო სურათი დაუხატოს, მან კონკრეტულად უნდა იცოდეს, ვის მიჰყვება საარჩევნო ბრძოლაში, ვინ იქნება მისთვის სასურველი მთავრობის მეთაური.

მოკლედ, ვისაც სურს იქცეს მნიშვნელოვან ალტერნატივად, ამის საშუალება აქვს. ამაში მას არც მიშა და არც ბიძინა არ უშლიან ხელს, ახლა ყველაფერი მათ უნარსა და თავგამოდებაზეა დამოკიდებული.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ ინტერვიუ სრულად