"არც ერთ პარტიასთან არ მივსულვარ და მიღება არ მითხოვია, ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი მაჟორიტარი. ასეთადაც დავრჩებოდი, რომ არა..."
31-08-2020
"არც ერთ პარტიასთან არ მივსულვარ და მიღება არ მითხოვია, ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი მაჟორიტარი. ასეთადაც დავრჩებოდი, რომ არა..."
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა 68 პარტიამ თუ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და აქედან რეგისტრაციაზე უარი მხოლოდ ცხრას ეთქვა. პარტიების სიმრავლე საარჩევნო მარათონში არც აქამდე გვიკვირდა და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პარლამენტში ერთხელაც არ მოხვედრილა, ტრადიციულად, წინასაარჩევნოდ კვლავ გვახსენებენ თავს. თუმცა ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და პარლამენტში მოხვედრის პრეტენდენტთა სიმრავლეც სახეზეა მმართველი გუნდის დაშლისა და ახალი პარტიების შექმნის ფონზე. ერთი ასეთი პარტია ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრმა
კახა ოქრიაშვილმა ბიზნესმენ ძმებ ჩოჩელებთან ერთად ჩამოაყალიბა. ოთხგზის დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ახლაც მიაჩნია, რომ 2024 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომაა. რატომ გადაწყვიტა პარტიის შექმნა, ვისთან აპირებს თანამშრომლობას და რას პასუხობს იმ პოლიტიკოსებს, ვინც მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების
შემთხვევაში წამლების გაიაფებას ჰპირდება? - ამ თემებზე "კვირის პალიტრა" პარლამენტის წევრს, პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს ესაუბრა:

- პარტიის ჩამოყალიბება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ფაქტობრივად, გაუქმებულია. ამ არჩევნებში 120/30-ზე პროპორციით მანდატების მხოლოდ 20% მოდის მაჟორიტარების წილად. მომდევნო, 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარული კვოტა საერთოდ უქმდება და პოლიტიკური სივრცე ძალიან ვიწროვდება. იმას ვგულისხმობ, რომ აიკრძალება ბლოკების ჩამოყალიბება, აღდგება 5%-იანი ბარიერი, რითაც მაქსიმალურად შემცირდება კონკურენცია პოლიტიკურ ველზე, ეს კი ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მოცემულობას ისიც ემატება, რომ ჩვენთან დახურული პროპორციული არჩევნები იმართება.

მოგეხსენებათ, არსებობს როგორც დახურული, ისე ღია პარტიული სიები. დახურულია ისეთი სია, როგორიც ჩვენთან დგება, როცა სიებს პარტიული ბოსები ადგენენ და თავად ანიჭებენ ნომერს ამა თუ იმ კანდიდატს. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში კი, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, თავად ამომრჩეველი ანიჭებს კანდიდატს საარჩევნო ბიულეტენში ხმის მიცემით უფლებას, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში კონკრეტული პარტიის სიით. შესაბამისად, პარლამენტში სწორედ ის პირები ხვდებიან, ვინც ამომრჩევლის მეტ ხმასა და ნდობას დაიმსახურებს. ასეთი სისტემის გამო პარტიის ლიდერმა შესაძლოა ვერც მოიპოვოს ხმათა საჭირო რაოდენობა და ვერც მოხვდეს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ასეთი საარჩევნო სისტემა ბევრად დემოკრატიულია და ძალიან მიკვირს, რომ ჩვენთან ასეთი ჩამორჩენილი, ფაქტობრივად, დახურული, კონკურენციისგან დაცლილი საარჩევნო სისტემა ჩამოაყალიბეს.

- ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში არაერთხელ გახსენებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" "გადაპორტირდით" მმართველ პარტიაში, ახლა, როცა "ქართული ოცნებაც" დატოვეთ, ნანობთ იმ დროს გადადგმულ ნაბიჯს?
- არც ერთი პარტიისა და პოლიტიკური გუნდის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა მათი მოკავშირე ვიყავი. 2004 და 2008 წლების მოწვევების პარლამენტში მოვხვდი როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. არც ერთი პარტია მხარს არ მიჭერდა და ასე დავამარცხე არჩევნებში მაშინდელი გენპროკურორის მოადგილე. 2008 წლამდე არ გავერთიანებულვარ არც ერთ ფრაქციაში, ვიყავი უპარტიო და უფრაქციო დეპუტატი. შემდეგ კი, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და არა პარტიის წევრი, დიახ, ვუჭერდი მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიყავი მისი მოკავშირე. რატომ? 2005 წლამდე არ მომწონდა "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ შემდეგ იმდენი რამ გააკეთეს, ისეთი რეფორმები გაატარეს, ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსეს და დიახაც, ვიყავი მათი მოკავშირე. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ მომწონდა და სხვათა შორის, მაშინაც ვაკრიტიკებდი. მაშინაც იყო ორი შემთხვევა, როცა დეპუტატებს შეუჩერეს უფლებამოსილება და სურდათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ. არც მაშინ მივეცი ხმა, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში. მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი პოლიტიკური ნიშნით ხალხის დასჯას, ბიზნესმენებზე ძალადობას, ვაკრიტიკებდი, რომ არ იყო დაცული საკუთრების უფლება და ა.შ. თუმცა ჩემთვის ცოცხების ამბავი იყო ბოლო წვეთი. ასე რომ, არც ერთ პარტიასთან არ მივსულვარ და მიღება არ მითხოვია, ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, მაჟორიტარი. ასეთადაც დავრჩებოდი, რომ არ გაეუქმებინათ სრულად მაჟორიტარული კვოტა. რომ გააუქმეს, ამიტომ შევქმენით პარტია "პროგრესი და თავისუფლება". ვნახოთ, ვცდით და იმედია, გავამართლებთ ჩვენი ამომრჩევლის იმედს.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?