"პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში იყო ბიძინა ივანიშვილის ძღვენი პუტინისადმი - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში იყო ბიძინა ივანიშვილის ძღვენი პუტინისადმი

"ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ვლადიმერ პუტინისადმი "ბიძინა ივანიშვილის ძღვენი” იყო.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, “პატრიოთა ალიანსის” დაფინანსების საკითხი, შესაძლოა, მათი არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი გახდეს.

"პატრიოტთა ალიანსი“ თავისთავად პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა "ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც არ რეაგირებს მსგავს ქმედებებზე. "ევროპულმა საქართველომ” და სხვა პროდასავლურმა პარტიებმა, ასევე საზოგადოებამ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ ეს გახდეს განხილვის საგანი და შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ არჩევნებიდან მოიხსნას.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მიზანმინართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში იყო ბიძინა ივანიშვილის ძღვენი პუტინისადმი”, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრმა პროკურატურაში “პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე 25 აგვისტოს შეიტანა.

როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, "დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელთაც მტრული სახელმწიფო - რუსეთი და კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ “პატრიოტთა ალიანსს”.

ამასთან, გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომლის თანახმად, პროკურატურამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"