"სააკაშვილის მუქარის არ მეშინოდა და მითუმეტეს, კობახიძის მუქარის არ შემეშინდება... კობახიძე ჩემთვის არის აკო მინაშვილი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მუქარის არ მეშინოდა და მითუმეტეს, კობახიძის მუქარის არ შემეშინდება... კობახიძე ჩემთვის არის აკო მინაშვილი"

ირაკლი კობახიძე მართავს ძალიან დიდ არალეგალურ ფულს "ქართული ოცნების“ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის ყველგან, სადაც "ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთან შეხვედრები ექნება, მივა და მოქალაქეებს აუხსნის, რომ "ქართულ ოცნებაში“ "ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული და მურუსიძის მეგობარი ადამიანები არიან.

"ირაკლი კობახიძე ჩემთვის არის აკო მინაშვილი, ღმერთმა მოახმაროს "ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება კამპანიას, თუ "ქართული ოცნება“ ჩემთან არ დაჯდება დებატებში, სადაც იქნება "ქართული ოცნების“ შეხვედრები, მე ვაპირებ მისვლას. მე ვაპირებ ამ ამომრჩევლებს, რომლებიც 1-ელი ოქტომბრის ერთგულია, მივიდე და დავანახო, რომ "ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან 60% არის "ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული, დანარჩენი 40 % - მურუსიძის მეგობრები, შესაბამისად, კამპანია იქნება ისეთი, როგორსაც მე დავგეგმავ. რაც შეეხება კობახიძეს და "ქართულ ოცნებას“, მიიღებს იმას, რაც დათესა. შესაბამისად, კამპანიას განვსაზღვრავთ ჩვენ. ეს იქნება ეთიკური, აქტიური და შევეცდებით გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამომრჩეველთან მივიტანოთ ჩვენი ხმა. როცა იქნება გიორგი ვოლსკის შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთში, მე პირადად მივალ და ავუხსნი მოქალაქეებს, რომ გიორგი ვოლსკი არის ჩინჩალაძის მეგობარი და რამდენ ხმას წამოიღებს ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთიდან, მაგას გვანახებს 31 ოქტომბერი,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, გოგიჩაიშვილმა ირაკლი კობახიძე კორუფციაში დაადანაშაულა.

"ირაკლი კობახიძე არის კორუმპირებული, ირაკლი კობახიძე ყოველდღე დანაშაულს ჩადის, როცა თანხებს აწერს ხელს, რომელიც არის არალეგალური, მუქარა რა არის? რა არის ამაში მუქარა, როცა ამომრჩეველთან მიდის ერთი ადამიანი და იგივე ამომრჩეველთან მიდის მეორე ადამიანი. ვინმეს როგორ უნდა დავემუქრო? პოლიცია მაგათ ჰყავთ, უშიშროება, იარაღიანი ხალხი, კორუპირებული ჩინოვნიკები მაგათ ჰყავთ. მე როგორ უნდა დავემუქრო ირაკლი კობახიძეს? ეგ დადის დაცვით. მე არ დავდივარ დაცვით, შეიძლება მე დამემუქროს ირაკლი კობახიძე იმ იარაღიანი ხალხით, რომელიც მაგას დაყვება, იმ ზონდერ ჯგუფებით, რომლებსაც ისინი ამუშავებენ და ვის დანაშაულზეც თვალს ხუჭავენ. მე და გედი ფოფხაძე როგორ უნდა დავემუქროთ მაგათ, ან ვახო გომალაურს, ან ბიძინა ივანიშვილს? ისინი ჩვენ გვექმურებიან, რადგან მათ მხარეს დგანან იარაღიანი ხალხი როგორც ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად, დგანან კრიმინალები, რომლებიც მათ აძლევენ კარტ-ბლანშს, რომ ითაშერონ არჩევნებზე. შეგიძლიათ მოიკითხით, როგორ მფარველობენ კრიმინალებს, როგორ რთავენ საკუთარ აგენტურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტურაა ჩართული არჩევნებზე. ჩვენ ვერავის დავემუქრებით, ჩვენ გვემუქრება ხელისუფლება, მაგრამ მათი მუქარის არ გვეშინია, არ მეშინოდა თავის დროზე სააკაშვილის მუქარის და მითუმეტეს, ირაკლი კობახიძის მუქარის არ შემეშინდება,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ პარტიებს მოუწოდა, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ საარჩევნო კამპანია და თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.

"ინტერპრესნიუსი"