რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან - რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში - კვირის პალიტრა

რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან - რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამოცემა "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც საფუძვლიანად დაისვა შეკითხვა:

შემოდის თუ არა საქართველოში კრემლის ფული "პატრიოტთა ალიანსის" დასაფინანსებლად და იღებდა თუ არა პარტია საქართველოსთვის სახიფათო რჩევებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კონსულტანტებისგან?!

იმედია, ამ საკითხს საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურები გამოიკვლევენ, მით უფრო, რომ "დოსიეს" მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა "ევროპულმა საქართველომ".

ინტერნეტგამოცემა "დოსიე" - ეს არის ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტი, რომელიც შეისწავლის "კრემლის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურებისა და მათი გარემოცვის" საქმიანობას.

რა წერია "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული მასალების პირველ ნაწილში?

"პატრიოტთა ალიანსისთვის" კონსულტანტად დაქირავებული იყო პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში მოქმედი კომპანია POLITSECRETS-ი;

სერგეი მიხეევს კურირებენ გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის დაქვემდებარებული ადამიანები: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი;

რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის სამსახურის (СВР) გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი თავის მხრივ ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციასთან არსებულ სამმართველოს და დაახლოებულია მის გარემოცვასთან.

ამგვარი კავშირების აღწერისა და დასაბუთებისთვის გამოქვეყნებული მასალების ფონზე "დოსიე" წერს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოველ კონსულტანტებთან საუბარი ჰქონდა ორ დასაფინანსებელ პროექტზე: 2020 წლის დასაწყისში 700 ათას დოლარიანზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - 8 მილიონ დოლარიანზე. პირველი საკონსულტაციო მომსახურებას შეეხება, ხოლო მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის 4-თვიანი ბიუჯეტია, რომელიც, წყაროს თანახმად, თავად "პატრიოტთა ალიანსმა" გადააგზავნა მოსკოვში. ეს თანხები უკვე მიიღო თუ არა "პატრიოტთა ალიანსმა" ამაზე "დოსიე" ჯერჯერობით არაფერს წერს, თუმცა 31 აგვისტოს გამოქვეყნდა "დოსიეს" კვლევის მეორე ნაწილი, რომელშიც გამოქვეყნდა მასალები უფრო კონკრეტული რჩევების თაობაზე, რასაც "პატრიოტთა ალიანსი" რუსი ე.წ. კონსულტანტებისგან იღებს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"დოსიეს" პუბლიკაცია დროში დაემთხვა ირმა ინაშვილის გამოუცხადებელ ვიზიტს არააღიარებულ აფხაზეთში, რამაც საქართველოში ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ინაშვილი დაადანაშაულა ქვეყნის ინტერესების ღალატში და მოითხოვა მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ოპონენტთა შეტევების მოსაგერიებლად მზადებაში ირმას ეხმარებოდნენ "ძველ მოედანზე" (ადგილი მოსკოვში, სადაც განლაგებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია): გენერალ ჩერნოვის ქაღალდებში არის თეზისები პრესაში გამოსვლებისთვის და წინასწარ მომზადებული პასუხები. ამას გარდა "ძველ მოედანზე" დაამუშავეს არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" პოზიციონირების საერთო გეგმა: "საარჩევნო კამპანიის სტრატეგია", აგიტატორის "სამახსოვრო ფურცელი", "მუშაობის გეგმა" და ა.შ.

"სტრატეგიაში" წარმოდგენილია წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელი კომპლექსი:

აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისი: აჭარის მცხოვრებთა მიერ საქართველოს პარლამენტის უვადო პიკეტირება. მოპიკეტეებს შორის უნდა იყვნენ რიგითი მუშები, ტურიზმის ინდუსტრიისა და მომსახურების სფეროს მუშაკები, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიტინგის ორგანიზატორად შეუძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ძმები მუსლიმები და ქრისტიანები საქართველოს ერთიანობის ბრძოლაში" ან სხვა ძალა, მათ შორის, ახლად შექმნილი აჭარის დაცვის არაფორმალური კომიტეტი და ა.შ.

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატთა აქცია - "წაიყვანეთ ბავშვები სკოლაში!" - "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები თავიანთ რეგიონებში ორგანიზაციას უწევენ ღარიბი ოჯახებიდან ბავშვების სკოლაში წაყვანისთვის სახსრების შეგროვებას. შეგროვილი თანხებით ყალიბდება სასკოლო ნაკრებები ბავშვებისთვის: სკოლის ჩანთები, რვეულები, სახაზავები, პენალები, საწერი საშუალებები და ა.შ. მოიზიდება სპონსორული სახსრები, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების (ფონდი "ობიექტივი") ისე ადგილობრივი ბიზნესმენების, თუ კანონით დაშვებულია - კანდიდატის პირადი სახსრები (ფრიდონ ინჯია).

8 სექტემბერს - ჟურნალისტთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს - კონფერენცია პრესაში "სიმართლისა და ობიექტურობისთვის!"მოპატიჟებული სტუმარი - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი - დისკუსიის მიმდინარეობისას მოდერატორი სიტყვას ყველას რიგრიგობით აძლევს. შემაჯამებელი სიტყვა ეძლევა დ. თარხან-მოურავს, ის ჰყვება სამხედრო მიუმხრომლობის უპირატესობებზე. დასასრულ, დისკუსიის მონაწილეები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს თითო კითხვას უსვამენ.

"პატრიოტთა ალიანსის" საკანონმდებლო ინიციატივა. ყველა საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ქართველს უნდა მიეცეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. "პატრიოტთა ალიანსი" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით გაიხსნას საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში საარჩევნო უბნები.

28 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინების დღე ანუ მარიამობა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მიდიან საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონასტერში, სადაც დავით თარხან-მოურავი დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირების ჩუქნის თავის ხატს მონასტერს. გადაეცეს საჩუქარი - თასი ზიარებისთვის და სხვ.- მოსკოვში მონასტერს ან ეკლესიას საქართველის ეკლესიის სახელით - გადაცემა შეიძლება არჩილის ხელით (არჩილ ჭყოიძე, პარტია "ნეიტრალური ევრაზიული საქართველო" _ "დოსიე"). საპასუხოდ სასულიერო პირები მოსკოვში ანალოგიურ საჩუქარს გადასცემენ ქართულ ეკლესიას, როგორც სამშობლო მიწის სიმბოლოს. პრესკონფერენციის თემა: "მართლმადიდებლობა _ ეროვნული მენტალიტეტისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი". დასრულების შემდეგ სასულიერო პირები ლოცავენ დავით თარხან-მოურავს, მალხაზ ამაშუკელს, ირმა ინაშვილს (...) არჩევნებში გასამარჯვებლად. გაგრძელება