"ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს "ქართულ ოცნებას" საკუთარ გუნდში" - კვირის პალიტრა

"ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს "ქართულ ოცნებას" საკუთარ გუნდში"

ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს "ქართულ ოცნებას" უკვე საკუთარ გუნდში, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი გუნდის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

როგორც ის აღნიშნავს, "ქართული ოცნების" გუნდში ბევრი ადამიანია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გადავიდა.

"მუდმივად მტრის ხატის შექმნა და ამ ლეგენდით ფონს გასვლა "ქართულ ოცნებას" უკვე ექცა ძალიან გაცვეთილ სტრატეგიად. გადახედონ თანაგუნდელებს, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებს და ბევრ პატარა სააკაშვილს იპოვის საკუთარ რიგებში "ქართული ოცნების" სახელით. მაგალითად იმ კანდიდატებს, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყვნენ და ასეთი არის 4 თუ 5, დანარჩენი შეგიძლიათ პარლამენტშიც ნახოთ. დღეს, მაგალითად, მათიკაშვილი რომ საუბრობდა, მისი ოჯახის წევრი სააკაშვილს ფეხზე ამდგარი ხოტბას ასხამდა და ლამის ფიანდაზად ეგებოდა. ასე რომ, ეს "მგელი, მგელი მოდის" ლეგენდა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ როგორც ჩანს საკუთარ თავს ამით აცოცხლებენ,"- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რეალურად კი, ის უკვე წინა ხელისუფლებას არაფრით სჯობია და უარესიცაა.

"მათ სჭირდებათ სააკაშვილი საფრთხობელა და არა სააკაშვილი ციხეში. გავიხსენოთ ის ჩანაწერები, რომელიც ეხებოდა ამ თემას და იოლი გამოსაცნობია, რამდენად სჭირდება "ქართულ ოცნებას" ეს საფრთხობელა. "ქართულ ოცნებას" უკვე ისიც აღარ აქვს სათქმელი, რომ ის უკეთესია ვიდრე სააკაშვილი. მე დღეს დამჭირდა შეხსენება "ქართული ოცნებისთვის," იმ დეპუტატებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ მორალური ღირებულებითი თვალსაზრისით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შევახსენე, რომ ვინც იმ სისტემის ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი მოსამართლეები აირჩია, არათუ არაფრით უკეთესები არ არიან, არამედ უარესები არიან და უფრო დიდი დანაშაული აქვთ ქვეყნის მომავლის წინაშე ჩადენილი იმ კენჭისყრით, რაც ეხებოდა იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევას", - განაცხადა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"