რატომ გამოუშვეს ციხიდან "ტყის ძმების" მეთაური?! - კვირის პალიტრა

რატომ გამოუშვეს ციხიდან "ტყის ძმების" მეთაური?!

მამუკა არეშიძე: "ეჭვი მაქვს, რომ კოჭოს დაპატიმრება შენგელიას გამოშვებასთან არის დაკავშირებული"

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ. ტელეკომპანია "იმედთან" ახალაღმოჩენილი ნაღმი ეფ-ეს-ბეს მიერ საქართველოში დაგეგმილი, მაგრამ ჩაშლილი სერიალების გაგრძელება აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში თბილისსა და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან მოწყობილი ტერაქტების გამო ექვსი კაცი დააკავეს.

დადგინდა, რომ საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ტერაქტების უკან ეფ-ეს-ბე იდგა და ამფეთქებლები დავალებებს რუსი მაიორისგან, ევგენი ბორისოვისგან იღებდნენ. ტერაქტების საქმეში მთავარ მოქმედ გმირად კი მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭო" დასახელდა. დაკავებულთა შორის იყო გოგიტა არქანიაც. სწორედ გოგიტა არქანიას დამატებითი ჩვენების საფუძველზე გახდა ცნობილი, რომ 2010 წლის ოქტომბერში მან ევგენი ბორისოვისა და მურმან ცხადაიას მითითებით ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ მის მიერ მითითებულ ადგილზე ნახეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლებმა გააუვნებლეს.

KvirisPalitra.Geშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა "იმედთან" აღმოჩენილი ნაღმები მორიგ უწყებრივ პიარაქციად მიიჩნია. უნდობლობა იმან გამოიწვია, რომ გოგიტა არქანია ჯერ კიდევ გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მან მაშინვე მისცა გამოძიებას დეტალური ჩვენება, თუ სად და როდის დადო ასაფეთქებელი მოწყობილობები. კითხვა და ეჭვი ლოგიკურია: რაღა ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდი გამორჩა არქანიას? ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, თუმცა იმის გადაჭრით თქმა, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებრივი პიარია, ძნელია, რადგან "იმედის" ამბავს წინ უძღოდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი:

პარტიზანული მოძრაობა "ტყის ძმების" ლიდერი დავით შენგელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2006 წელს დააკავეს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში მუსირებდა აზრი, რომ პარტიზანები გვიშლიან ხელს აფხაზ თანამოძმეებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაში.

შენგელიას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-რეალიზაცია დასდეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენიმე კვირის წინ კი შენგელია მოულოდნელად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების(!) მოტივით. შენგელიას გათავისუფლებას კი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ტერაქტებში ეჭვმიტანილ მერაბ ყოლბაიას, იმავე კოჭოს დაკავება. მოგეხსენებათ, კოჭო აფხაზეთს აფარებდა თავს და მისი დაკავება აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ისე იოლი იქნებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, "კოჭოს" დაკავების სპეცოპერაცია საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ჭუბურხინჯში, 15 თებერვალს ჩატარდა. ძებნილმა გაქცევა სცადა, მაგრამ ქართველ სამართალდამცველებს ხელიდან ვერ დაუსხლტა. კონფიდენციალური ინფორმაციით, კოჭოს დასაკავებლად მანამდე რამდენჯერმე უშედეგო სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - "ნამდვილად მაქვს ეჭვი, რომ კოჭოს დაპატიმრება შენგელიას გამოშვებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. საქართველოს მართლმსაჯულებას არ ახასიათებს, 7 წელიწადში გაათავისუფლოს კაცი, რომელსაც 24 წელი ჰქონდა მისჯილი. შენგელია არის პირი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ვითარებას ენგურის ორივე მხარეს. მას აქვს საუცხოო კავშირები და დაწვრილებითი ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებზე".

აფხაზმა სეპარატისტებმა რამდენიმე დღის წინ დაკავებულ მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად "კოჭოს" გადაცემა უკვე მოითხოვეს. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ "აფხაზეთის მოქალაქეების გატაცება" დივერსიული ქმედებაა და ვითარების დესტაბილიზებას იწვევს. კოჭოს გადაცემასთან ერთად აფხაზები პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" ხელმძღვანელ შენგელიას გადაცემაზეც ლაპარაკობენ. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებით, შენგელია ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალ მძიმე დანაშაულში მონაწილეობდა, ამჟამადაც ხშირად ჩნდება აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან, რაც სეპარატისტების შეშფოთებას იწვევს.

მამუკა არეშიძე: - მართალია, აფხაზები შენგელიას გადაცემაზე განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ არც მაინცდამაინც აგრესიულს, რაც მაფიქრებინებს, რომ აფხაზური მხარე ამ განცხადებას განცხადებისთვის აკეთებს. სეპარატისტებს ხელს არ აძლევს იმის გახმაურება, რომ ქართველებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე აიყვანეს კოჭო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საზღვარი დაუცველია. მეორე ვერსია, რის გამოც აფხაზები შედარებით თავშეკავებულად ითხოვენ შენგელიას გადაცემას, ის არის, რომ ჩანს აფხაზური მხარე საქართველოში მოწყობილ და მოსაწყობ დივერსიულ აქტებში აქტიურად იყო ჩართული.

საქართველოს ტერიტორიაზე არც რუსეთის ჯაშუშური ქსელის მოქმედებას გამოვრიცხავ და არც ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც "იმუშავებენ" რუსები. ეს არის მათი სპეცსამსახურების მუშაობის სტილი, რადგან ქვეყანაზე გავლენას აშკარად კარგავენ.

- მიუხედავად ამ არგუმენტებისა, "იმედის" ახლოს ნაღმის აღმოჩენა საზოგადოებამ საეჭვოდ აღიქვა. რაღა ახლა გაახსენდა არქანიას "იმედის" ნაღმი?

- არავინ იცის, ეს ინფორმაცია არქანიას გაახსენდა თუ კოჭოსაგან მიიღეს. შეიძლება ეს არქანიას საქვეყნოდ ათქმევინეს, თუ რატომ, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. არც ის არის გამორიცხული, ეს სპეცსამსახურებმა გამოიყენეს სამომავლო მიზნებისთვის. ასეთი რამ სპეცსამსახურების ისტორიაში ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება ერთდროულად ემსახურებოდეს რამდენიმე მიზანს - მტრულად განწყობილი ქვეყნის დეზორიენტაციით დაწყებული და შიდაპოლიტიკური მიზნებით დამთავრებული. ფაქტი ის არის, რომ დივერსიები მართლაც მზადდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტიზაცია უკვე რთულია.

ცხადია ისიც, რომ დავით შენგელიას შიდაუწყებრივი პიარისთვის არავინ გამოუშვებდა ციხიდან. ჩანს, ამ კაცის საჭიროება ხელისუფლებამ იგრძნო, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან დიდ საფრთხეებზეა ლაპარაკი.