"გაცილებით უფრო თავდაჯერებულები ვიქნებოდით, რომ არა პანდემია" - კვირის პალიტრა

"გაცილებით უფრო თავდაჯერებულები ვიქნებოდით, რომ არა პანდემია"

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ ეთანხმება შეფასებას, რომ კორონავირუსის პანდემიამ "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხა წყალი და აცხადებს, რომ "რომ არა პანდემია, მმართველი გუნდი უფრო თავდაჯერებული იქნებოდა". შესაბამის თემაზე ვოლსკიმ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" ისაუბრა.

"იმის თქმა, თითქოს პანდემიამ ხელი შეუწყო "ქართულ ოცნებას" ან ნებისმიერ ხელისუფლებას, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ საფრანგეთი, არის არალოგიკური. გაცილებით უფრო თავდაჯერებულები ვიქნებოდით, რომ არა პანდემია. უშველებელი რაოდენობის პროგრამები ვერ განვახორციელეთ, რომელიც გვინდოდა გაგვეკეთებინა.მაგალითად, მასწავლებლებისთვის მასიურად ხელფასების მომატება. მოემატათ, მაგრამ იმდენი არა, რასაც ვფიქრობდით, მაგრამ იმდენი სოციალური პროგრამა შევინარჩუნეთ, თუნდაც ბავშვების დახმარება. დაახლოებით 20 პუნქტია ჩამონათვალი, სადაც 2008 წლის შემდეგ, კრიზის დროს, სააკაშვილმა ნული თეთრი ჩადო ხალხის დასახმარებლად", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება უშუალოდ ოპონენტების შეფასებას, რომ ხელისუფლება სხვადასხვა სოციალური პროგრამის დაანონსებით სახელისუფლებო რესურსს იყენებს, რითაც ოპოზიციასთან საარჩევნო ბრძოლა უთანასწორო პირობებში მიმდინარეობს, ვოლსკის თქმით, პრემიერმა ხარჯების მიზნობრიობაზე პარლამენტში სამჯერ ისაუბრა.

"პრემიერ-მინისტრი სამჯერ მოვიდა პარლამენტში. რომელი ხელმძღვანელი გახსოვთ გოცირიძის პერიოდში ან იქამდე, ვინც პარლამენტში მოდის და დეტალურ ანგარიშს აბარებს, რა სად იხარჯება? - განაცხადა ვოლსკიმ, რითაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას უპასუხა, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული 5 მილიარდიანი ვალი ხალხის დასაფარია.

ვოლსკის თქმით, გოცირიძის ეს განცხადება "უტიფარი ტყუილია".

"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 5 მილიარდი ისესხო მსოფლიო ბანკიდან, სახელმწიფოებიდან და უფლება მოგცენ, რომ ეს ფული "მოტეხო"? გამორიცხულია ასეთი რამ. ეს კი არა, ვიდრე სესხს აიღებ, იქამდე კეთილი უნდა ინებო და დეტალურად გაწერო, სად და რა პროექტებში ხარჯავ", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"