"სააკაშვილის ჩამოსვლა არჩევნებამდე ნიშნავს პოლიტიკური პროცესის თავდაყირა დაყენებას, გარკვეული "ექშენის" შემოტანას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ჩამოსვლა არჩევნებამდე ნიშნავს პოლიტიკური პროცესის თავდაყირა დაყენებას, გარკვეული "ექშენის" შემოტანას"

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ პროცესს თავდაყირა დააყენებს და ყველას გამოაფხიზლებს.

"მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ორივე შემთხვევაში პოზიტიური იქნება, არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც. მისი ჩამოსვლა არჩევნებამდე ნიშნავს პოლიტიკური პროცესის თავდაყირა დაყენებას, გარკვეული "ექშენის" შემოტანას პოლიტიკურ პროცესში და ბუნებრივია, ყველა ჩვენგანისთვის უფრომეტად გამოფხიზლებას და სწორი სტრატეგიის აწყობას. მისი ჩამოსვლა არჩევნების შემდეგ, აღარ იქნება ისეთი ეფექტის მატარებელი როგორც პირველ შემთხვევაში, მაგრამ ასევე გამოაფხიზლებს პოლიტიკურ სპექტრსაც და ოპოზიციასაც.

მისი არჩამოსვლაც ასევე კარგი იქნება იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჩუმდება "ქართული ოცნება" და აღარ ექნება ის რიტორიკა, რომელიც აქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას, ოქრუაშვილის განცხადებით, აღნიშნული არარეალურია, რადგან მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

"მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა არარეალურია არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების ეტაპზე იმის გამო, რომ მას მოქალაქეობა არ გააჩნია. "ნაციონალურ მოძრაობას" სრული უფლება აქვს, ვინც უნდა ის დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ვის სახელს და გვარს ახსენებენ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ რეალური იქნება თუ არა, ეს არის მეორე საკითხი. მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ აქვს. როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, პირველი საკითხი იქნება პარლამენტის და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა და შემდეგ მთავრობის ფორმირება. თუ ის ამ დროისთვის მოასწრებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას რაიმე მეთოდით, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით თუ პარლამენტში ინიცირებული სწრაფი კანონით, ეს სხვა თემაა და მერე შეიძლება, ვიმსჯელოთ ეს რეალურია თუ არა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილი ასევე დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

"ნებისმიერ დროს, ასეთი ბოდიში კარგის მეტი არაფრის მომტანი არ არის. როდესაც მე დამიშვია შეცდომები, მეც მომიხდია ბოდიში. ამას სჭირდება გარკვეული ძალისხმევა და თუ ადამიანებს ასეთი ძალისხმევა გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რა ეტაპზე იხდიან ბოდიშს, ძალიან კარგია. იყო შეცდომები დაშვებული, ჩემი მონაწილეობითაც, ჩემი მონაწილეობის გარეშეც. ეს შეცდომები იყო ობიექტურიც, სუბიექტურიც. ასე, რომ ამ ბოდიშს პოზიტივის გარდა ვერაფერს დავარქმევ", - აცხადებს ოქრუაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"