"სააკაშვილი თითქოს "რაზგონს" იღებს ამდენი წელია, რომ აი, ახლა მოვდივარ, გადმოვცურავ, გადმოვხტები, გადმოვფრინდები" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი თითქოს "რაზგონს" იღებს ამდენი წელია, რომ აი, ახლა მოვდივარ, გადმოვცურავ, გადმოვხტები, გადმოვფრინდები"

თუ კაცი ხარ და შენს სიტყვას ფასი აქვს, მაშინ ჩამოდი, რას გვექადნები, ჩამოდი და ვნახოთ მერე, რა იქნება, - ასე გამოეხმაურა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ელისაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაუგებარი და არასერიოზულია.

"ჩამოვიდეს მერე. ეს არ მომწონს და ეს არის არასერიოზული და გაუგებარი, რომ რამდენი წელია იძახის ამას, თითქოს "რაზგონს" იღებს ამდენი წელია, რომ აი, ახლა მოვდივარ, გადმოვცურავ, გადმოვხტები, გადმოვფრინდები, პარაშუტით ჩამოვხტები. თუ კაცი ხარ და შენს სიტყვას ფასი აქვს, ჩამოდი მაშინ, რას გვექადნები, ჩამოდი და ვნახოთ მერე რა იქნება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, მე ეს სულაც არ მომწონს, მაგრამ ეს მოცემულობაა და მათ აქვთ უფლება, დაასახელონ პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ მე მაქვს უფლება განვსაზღვრო დავუჭერ, თუ არ დავუჭერ მხარს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"