"ფული ბიუჯეტში მიდის, გამაგებინეთ, სად არის აქ კორუფცია?!" - კვირის პალიტრა

"ფული ბიუჯეტში მიდის, გამაგებინეთ, სად არის აქ კორუფცია?!"

"მსოფლიოში შესაძლოა უპრეცედენტოც კი იყოს ასეთი გამჭვირვალე ტენდერი, როგორიც ჩვენ მოვიფიქრეთ"

The Wall Street Journal-მა ამბოხისათვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს მეთვრამეტე ადგილი მიაკუთვნა. კვლევის ამ შედეგზე კომენტარისათვის უმრავლესობის წევრს, ხათუნა ოჩიაურს დავუკავშირდით:

- ამ კვლევაზე როგორ გავაკეთო კომენტარი, როდესაც წარმოდგენა არა მაქვს, ვისი დაკვეთილია, რა ჟურნალია, ვინ ჩაატარა კვლევა და რა მეთოდით.

- კარგი, თუ კვლევაზე არა, საზოგადოების განწყობაზე ვისაუბროთ, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავთ. ოპოზიცია პროგნოზირებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რევოლუციური ტალღა საქართველოსაც მოსწვდება.

- ის, ვინც ოცნებობს საქართველოში რევოლუციასა და ქართველების ცუდ დღეში ჩაგდებაზე, არა მგონია, პატრიოტი იყოს. ეგვიპტეში მრავალი წლის განმავლობაში იყო ერთმმართველური დიქტატურა, რომელიც მოჰბეზრდა ხალხს და ხელისუფლებას ჩამოაშორა ის პირები, რომელთა მმართველობის პირობებში შეუძლებელი იყო დემოკრატიული არჩევნები.

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში ყველა კმაყოფილია და ბედნიერი. ძალიან კარგად ვიცით, რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის არსებობს სოციალური პროგრამები. ხალხის დახმარების მიზნით აღინუსხა სოციალურად დაუცველთა ფენა, რაც ადრე არ ყოფილა. ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობს სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენ კარგად ვიცით ხალხის მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ხალხს ცხოვრება. იმედი მაქვს, საზოგადოება ამას ხედავს.

ხელისუფლება სწორედ ხალხზე, გაჭირვებულ ფენაზე და მათი პრობლემებიდან გამოხსნის გზების ძიებაზეა ფოკუსირებული. ფულის მოზიდვა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ინიციატივები სწორედ მეტი სამუშაო ადგილების შექმნისკენ არის მიმართული.

- ამის მიუხედავად, ოპოზიციამ ელიტურ კორუფციაზე ილაპარაკა.

- მაგრამ ვერავინ თქვა, კონკრეტულად რომელ ხელისუფალს გულისხმობდა და მაჩვენეთ, სად არის ეს კორუმპირებული ხელისუფლება.

- თარგამაძემ პრეზიდენტს უთხრა, თქვენ დგახართ კორუმპირებული სისტემის სათავეშიო.

- თარგამაძემ ისეთი რამ თქვა, გამეორებაც კი მეუხერხულება.

- რა თქვა ასეთი?

- თარგამაძემ თქვა, თანხები მიდის ბიუჯეტში და რადგან მის განკარგვაში არ არის ჩართული საზოგადოება, ეს არის კორუფციაო.

- უკაცრავად, თარგმაძემ თქვა, ბიუჯეტში შესული ფული როგორ იხარჯება, ის არ ვიცითო.

- მან თვითონ აღიარა, რომ ვინმეს ჯიბეში კი არა, ბიუჯეტში მიდის ფული. სად არის აქ კორუფცია, ჩემთვის გაუგებარია.

- მან, ალბათ, იგულისხმა, ბიუჯეტში შესული ფული ხელისუფალთა ჯიბეში მიდისო.

- თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ თარგამაძის მოსაზრებას, მაგრამ მასში ლოგიკა ნამდვილად არ არის.  კორუფცია არის თუ არა, ეს მეც, თქვენც და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმაც იცის პირადი გამოცდილებით, იცის, მიუცია თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებისთვის ქრთამი ბოლო წლების განმავლობაში. როდესაც ვიხსენებ შევარდნაძის პერიოდის კორუფციას, ამას დამტკიცებაც არ უნდოდა და არც კითხვა მებადებოდა, სად მიდიოდა ბიუჯეტის ფული. კარგად ვიცოდი, რომ ეს ჩინოვნიკთა ჯიბეებში მიდოდა. იცით, საიდან ვიცოდი? ქვეყანაში არაფერი კეთდებოდა. დღეს, როდესაც ამდენი რამ კეთდება, რად უნდა კითხვა, რომ სწორედ ბიუჯეტის ფული მიდის ამაში?

KvirisPalitra.Geფული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში მიდის და არა ხელისუფალთა სახლების მშენებლობაში.

ხომ ვხედავთ, ვინც კორუმპირებულია, იმას დანდობა არა აქვს. ნებისმიერ თანამდებობის პირს აპატიმრებენ, თუკი კორუფციულ გარიგებაში ამხილეს.

- გასულ კვირას გაიფიცნენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. იმ კომპანიების უკან, რომლებმაც გაზრდილი გადასახადები დაუწესა მძღოლებს, გიგი უგულავას მოიაზრებენ.

- ვინც თვალყურს ადევნებდა, როგორ გამოცხადდა სამარშრუტო ხაზებზე ტენდერი, დამეთანხმება, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა და მასში არც ერთი უწყება არ ყოფილა ჩართული(?!). ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობა ტენდერში, რომელიც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, ყველას შეეძლო მისთვის თვალი ედევნებინა.

მსოფლიოში შესაძლოა უპრეცედენტოც კი იყოს ასეთი გამჭვირვალე ტენდერი, როგორიც ჩვენ მოვიფიქრეთ. თავშიც ვერავინ გაივლებს, რომ შეიძლება ტენდენციურად ჩატარდეს ესა თუ ის ტენდერი.

- მაგრამ თქვენ მიერ ნახსენებ "უპრეცედენტო გამჭვირვალე" ტენდერს შედეგად ის მოჰყვა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ და მთელ ქალაქში პარალიზებული იყო მოძრაობა.

- მათ პრობლემას შესწავლა უნდა. იმედი მაქვს, ამას ძალიან მალე მოევლება. არც ერთი მძღოლი არ კარგავს სამსახურს, ეს ტენდერის პირობაში იყო ჩადებული, გამარჯვებულმა კომპანიამ არც ერთი მძღოლი არ უნდა გაათავისუფლოს. მათ შეუნარჩუნდებათ მაღალი ხელფასი და ეყოლებათ მაღალი ხარისხის ტრანსპორტი. ვფიქრობ, მძღოლების პროტესტი გაუგებრობის ან მათი არაინფორმირებულობის ბრალია. მოსახლეობას ექნება საშუალება, სამარშრუტო ტაქსებში ისეთივე შეღავათით ისარგებლოს, როგორითაც სარგებლობდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

- მაგრამ 8 მძღოლი დაპატიმრებულია.

- ხულიგნობისთვის პასუხს აგებს ყველა,  მუშა იქნება, მძღოლი თუ ინჟინერი. პროფესიის მიხედვით არავის დევნიან და არ აპატიმრებენ.

KvirisPalitra.Ge- დასასრულ, მინდა გკითხოთ თამარ კვესიტაძის ძეგლზე "ამაოებას არ ამოება". მოგწონთ ეს სკულპტურა, რომელიც, როგორც ამბობენ, "ნასტალინარ" ადგილზე უნდა აღიმართოს გორში?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს. ქანდაკებაზე საუბრისას მთავარია მისი ღირსებები. მე მოქანდაკე არა ვარ და ძალიან მოკრძალებული კომენტარი შემიძლია გავაკეთო.

არ არის აუცილებელი, ხელოვნების ნიმუში ყველას მოსწონდეს. ვინმეს მოწონება ან  არმოწონება არ არის ქანდაკების მხატვრული ღირებულების შეფასების კრიტერიუმი. "ამაოებას არ ამოება" ძალიან საინტერესო ქანდაკებაა და მიხარია, რომ კიდევ ერთი საინტერესო პლასტიკური ფორმა დაემატება ქართულ ქანდაკებას.

ეს არის  პლასტიკურად საინტერესო ქმნილება, რომელიც   გამოიწვევს იმ ემოციას, რაც მის ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.

ტერმინი "ნასტალინარი" მართლაც შესანიშნავია. გორში, ცენტრალურ  მოედანზე სტალინს დაუმსახურებლად ედგა ძეგლი და სამართლიანი იქნება, მისი ძეგლის ადგილას დაიდგას კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა სკულპტურა.

ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ქანდაკებაში, იტყვის, რომ  ქანდაკებისა და საზოგადოდ, ხელოვნების ფუნქცია არ არის დადებითი ან სახალისო ემოციის გამოწვევა.

თუ ხელოვნების ნიმუში მაღალი ხარისხის არის, ამაღლებულ გრძნობას იწვევს, ამაღლებული განწყობა კი სულაც არ ნიშნავს ხალისიანს.

მახსენდება როდენის ქანდაკება "კალეს მოქალაქეები", რომელიც სულაც არ არის ლამაზი, მაგრამ მაღალი ხელოვნების ნიმუშია. თამარ კვესიტაძის სკულპტურაზე ერთმა თქვა, უშნოაო.

ხელოვნების ნიმუშზე  "ლამაზის" ან "მახინჯის" თქმა მხოლოდ შემფასებლის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.