"სააკაშვილი საკუთარ თავზე იწვნევს ნულოვან ტოლერანტობას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი საკუთარ თავზე იწვნევს ნულოვან ტოლერანტობას"

"მიცვალებულს რომ შეურაცხყოფა არ  მიაყენო, ადამიანი უნდა იყო"

"სულგაყიდულ პოლიტიკოსებს მთელ მსოფლიოში იშორებენ. ეს ტალღა საქართველოსაც უახლოვდება. ეს იქნება სტიქიური პროცესი და არა დაგეგმილი პოლიტიკური მოქმედებების შედეგი, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.  ამ გარდაუვალი პროცესის მოახლოებას გრძნობენ სააკაშვილის გარემოცვაში და დიდი ალიაქოთია", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომელსაც რიგაში დავუკავშირდით.

- სააკაშვილს ის ელოდება, რაც მუბარაქსა და შიზოფრენიკ მუამარ კადაფის დაემართათ. წავიდა მეძავური პოლიტიკის დრო, როდესაც დემოკრატიის დროშას ამოფარებული "ლიდერი" სახელმწიფოები აბსოლუტურად გახრწნილ რეჟიმებს იცავდნენ. კარგად მახსოვს მუამარ კადაფის ტერორისტული საქმიანობა, როდესაც  მისი ხელშეწყობით  სამი თვითმფრინავი აფეთქდა. მაშინ ე.წ. დემოკრატიული სამყარო აყვირდა, მაგრამ საბოლოოდ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნავთობი და დიდი ფული, რომელიც სხვადასხვა "დემოკრატიული" ქვეყნის ბანკებში ჰქონდა კადაფის.

კადაფის შვილმა და მისმა ერთ-ერთმა რიგითმა ცოლმა შვეიცარიის სასტუმროში მოახლეს სცემეს. ამის გამო დააპატიმრეს, მაგრამ მუამარ კადაფიმ პროტესტის ნიშნად 7 მილიარდი დოლარი გაიტანა  შვეიცარიის ბანკიდან. ამის მერე შვეიცარიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კადაფის სასწრაფოდ ეახლა და ბანკში ფულის დაბრუნების სანაცვლოდ დემოკრატიაც დაავიწყდათ და კანონიც. მსოფლიო პოლიტიკურ კონიუნქტურაში ასეა - მთავარია კონკრეტული ქვეყნისა და წრეების ინტერესები.

დემოკრატია მხოლოდ ნიღაბი, ფარდაა, რომლის უკანაც რეალური ინტერესები იმალება. სააკაშვილი სჭირდებოდათ და თვალს ხუჭავდნენ ყველა იმ უმსგავსობაზე, რომლის თანამონაწილეები იყვნენ დასავლეთის გარკვეული ძალები (განსაკუთრებით აშშ-ის წინა ადმინისტრაციაში). დღეს ავტორიტარული რეჟიმების დრო წავიდა. ხალხის წიაღში დაბადებულ პროტესტს წინ ვერაფერი დაუდგება. როდესაც ფიალა ივსება, მაშინ იწყება ისეთი პროცესები, რომელთა მომსწრენიც ჩვენ ვართ.

- ზოგიერთი ექსპერტი აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების ჩვენთან გამეორებას არ ვარაუდობს.

- რომელი ექსპერტები, სააკაშვილი რომ უხდის ფულს და გამოჰყავს ტელევიზორში? აშშ-ის დაზვერვის დეპარტამენტმა კონგრესში წარადგინა დასკვნა საქართველოსა და შუა აზიის თაობაზე. ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, საქართველო, ჩრდილო კავკასია და შუა აზიის რეგიონი ფეთქებადსაშიშია და სულაც არ არის საჭირო ამის დასადგენად აშშ-ის ბიუჯეტიდან 80  მილიარდი დოლარის დახარჯვა. ეს მოასწავებს იმას, რომ  მალე დიდი პოლიტიკური და ფინანსური გარდაქმნები დაიწყება. მე საზოგადოების, ქართველი ხალხის იმედი მაქვს, რადგან ვამჩნევ, პოლიტიკოსებს საქმე გამოელიათ და ბინძურ საცვლებში ქექვის მეტს არაფერს აკეთებენ.

ხალხს მათხოვრული 20 ლარი გადმოუგდეს და ამ დროს მილიონებს იჯიბავენ მიშა და მისი გარემოცვა.

- ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების კორუმპირებულობაზე კრინტსაც ვერ ძრავს.

- არ ვაპირებ გია ჭანტურიას ნათელ ხსოვნასა და ედპ-ის სახელს ამოფარებულებზე ლაპარაკს.

- გურამ ჩახვაძე თქვენ გდებთ ბრალს, როდესაც ხელისუფლებაში იყო, არასოდეს გახსენებია თანაგუნდელების გაკრიტიკება, მაგრამ როდესაც იქიდან უშვებდნენ, მერე იწყებდა ბრალდებებსო.

- ისე იხაროს მიშა სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორც ჩახვაძე სიმართლეს ამბობს. შევარდნაძის საქართველოში ჩამობრძანების ლოკომოტივი სწორედ ედპ იყო და გურამ ჩახვაძე ამაში პირდაპირ მონაწილეობდა. მე კი მთავრობაში კი არა, მაშინ ომში წავედი.

ჩახვაძეს იმის თავი არა აქვს, სააკაშვილს ეკამათოს და ფიქრობს, ჩემთან კამათით გავიდეს ფონს, მაგრამ ძალიან ცდება. მასთან კამათს არ ვაპირებ. გიას ნათელ ხსოვნას არ შევეხები. თუ ჩახვაძე კორუმპირებულებს ვერ ხედავს, ვურჩევ შევიდეს ინტერნეტში და ნახოს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სასახლეების ფოტოები. სააკაშვილს ექვსი რეზიდენცია აქვს და თუ ჩახვაძე ბრმა არ არის, უნდა დაინახოს. მაგრამ ეტყობა, თავმოყვარეობა, ოდნავ ვაჟკაცობა  და ღირსება უნდა გქონდეს, ეს რომ დაინახო.

- რა პროცესების განვითარებას ელოდებით უახლოეს მომავალში?

- ქართველი ხალხის მდგომარეობა  ქარიშხლის წინ ბუნების გარინდებას მაგონებს. საქართველოში დიდი ხანია უკმაყოფილების ცეცხლი გიზგიზებს და დამშეული ხალხი რასაც უზამს, ნახავს სააკაშვილი, რომელიც საკუთარ თავზე იწვნევს, რა არის ნულოვანი ტოლერანტობა.

გული მწყდება, რომ სააკაშვილმა ოპოზიციის დაკნინება მოახერხა. ამაში მედიამაც დიდი როლი შეასრულა.

რას ნიშნავს ეს გაუთავებელი ლაპარაკი გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილზე? თავის დროზე, ბადრის ფულს ვერ იყოფდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილი. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ ვის დაასწრებდა მის წინაშე პარტერში დგომას. დღეს ბადრის ნაჩუქარ ფულებზე გამოაცხადეს გამოძიება ნაცვლად იმისა, იკითხონ, ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს სად მარხავენ. ბადრიზე როგორ ლაპარაკობს გოკა გაბაშვილი, რომელიც ჯერ ჟვანიას მონა იყო, მერე კი მოკლული პატრონი დაივიწყა და სააკაშვილს დაემონა.

მიცვალებულს, თუნდაც შენს  მტერს რომ შეურაცხყოფა არ  მიაყენო, ადამიანი უნდა იყო, სინდისი უნდა გქონდეს. უნდა იცოდე, სიტყვა შვილდაღუპული დედა და ღმერთი რა არის. როდესაც ეს ყველაფერი დავიწყებული გაქვს, ჭკუაზე გადასული კაცის და საკუთარი კუჭის მონა ხარ, მერე გაბაშვილადაც გადაიქცევი.

- ბადრი პატარკაციშვილის ფულზე ოპოზიციაშიც კამათობენ, მაგალითად, ვალერი გელბახიანი და გუბაზ სანიკიძე.

- ვალერისა და გუბაზს მინდა ვუთხრა, როდემდე შეიძლება ლაპარაკი, მე შენზე რაღაც ვიციო? კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ პოლიტიკოსი პოტენციურ სპონსორს ელაპარაკებოდეს. პოლიტიკა ფულით კეთდება, ფულის მოპოვება იმასთან შეიძლება, ვისაც  ფული აქვს.

თვითონ გელბახიანი ფულზე რომ ელაპარაკებოდა ბადრი პატარკაციშვილს, მეც ველაპარაკებოდი. რა, ჩვენთვის  შეიძლებოდა და გუბაზ სანიკიძისთვის იყო აკრძალული?

სააკაშვილის გარემოცვას უფრო ცუდი დღე ელის, ვიდრე მუბარაქის მთავრობას. მის გარემოცვაში უკვე დიდი დაპირისპირებაა. გემი იღუპება, ვირთხები გარბიან და თან ერთმანეთს ჭამენ.

- რამდენადაც ვიცი, ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირებისას პარლამენტის ყოფილ სპიკერს შეხვდით. რაზე ისაუბრეთ?

- მიმაჩნია, რომ ეს უსაფუძვლო და უსარგებლო დაპირისპირება იყო და ეს ნინოს პირდაპირ ვუთხარი. ნინოსა და ლევანს კარგი ურთიერთობა  ჰქონდათ და ყველაფერი გაკეთდა მათ დასაპირისპირებლად. მერაბიშვილის სპეცსამსახურებს კარგად გაწერილი გეგმა აქვს ოპოზიციის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამაში ჟურნალისტებიც არიან ჩართული და ხშირად მათი წყაროები მერაბიშვილის წყაროებია. გაითვალისწინონ, თუ ჟურნალისტს აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს პოლიტიკოსის სინდისი, ასევე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ჟურნალისტის კეთილსინდისიერებაც. მოვა დრო და ბევრ ჟურნალისტს ჰკითხავენ, რა წყაროებს ეყრდნობოდნენ, როდესაც ოპოზიციაზე წერდნენ? შეურაცხმყოფენ, როდესაც ჩემზე წერენ, ბადრის "კასირი" იყოო.

მეე კაცო?! პატარკაციშვილს "კასირები" ბანკში ჰყავდა. როგორ შემეძლო მე "სტანდარტბანკიდან" მილიონების გატანა, როდესაც მერაბიშვილი თითოეულ თეთრს აკონტროლებს და დღემდე ქართული ბანკების მეპატრონეებს ადეიშვილი ხელფასს კაპიკ-კაპიკ უთვლის. უარყონ ეს საჯაროდ სინდისი თუ ეყოფათ. გამოდის, რომ ბანკში მივედი, "პრავიზიონკაში" ჩამიწყვეს ფული და ისე გამოვიტანე?

სად არის მტკიცებულება, რომ ფული გამომქონდა? ბანკში საკუთარი ანგარიშიდან 10 ათასის გამოტანა რომ გინდა, წინასწარ უნდა გააკეთო განაცხადი და მაშინვე წითელი ნათურა ინთება ადეიშვილთან. ჩემზე ეს ინფორმაცია რომ არსებობდეს, კარგა ხნის წინ წამაბრძანებდნენ იქ, სადაც მალე აუცილებლად წაბრძანდებიან ადეიშვილი, მერაბიშვილი, მიშა, ბენდუქიძე და ბოკერია.