"ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს" - რა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში გამართულ 15 წლის მოზარდების ნიშნობაში - კვირის პალიტრა

"ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს" - რა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში გამართულ 15 წლის მოზარდების ნიშნობაში

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა ა. წ. 19 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არასრულწლოვნების თ. ვ. - სა (დაბადებული 15.12.2004 წ.) და მ. ს. - ს (დაბ. 26.10. 2004წ.) ნიშნობის შესახებ. სოფელ ყარაჯალაში გამართული ნიშნობის მრავალრიცხვოვან სუფრაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანის ნათლიისა და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლის, ნუგზარ ბეჯანოვის მიერ მიწვეული იქნა "ნაცმოძრაობის" თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი ბოტკოველი, რამდენიმე სხვა თანაპარტიელთან ერთად.

ამ ნიშნობის დეტალების გასარკვევად ambebi.ge ყარაჯალის რწმუნებულს, ალასკარ სართანოვს ესაუბრა.

"აღნიშნული ნიშნობა ყარაჯალაში მართლაც გაიმართა. იქ არ ვყოფილვარ, გადმოცემით ვიცი, რომ დაახლოებით 150-200-კაციანი სუფრა ყოფილა ეზოში გაშლილი. ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად წვეულებაზე "ნაციონალებიც" ყოფილან, ვინაიდან ენმ-ს წევრს ნუგზარ ბეჯანოვს და ვალიევების ოჯახს ნათელმირონობა აკავშირებთ. ქალ-ვაჟი 15 წლისაა. როგორც ვიცი, გოგონა ჯერ არ გაჰყოლია, არ ვიცი, ქორწილი როდის ექნებათ.

ყველამ კარგად იცის, რომ არასრულწლოვნების ქორწინება დასჯადია, მაგრამ ვის ეყურება? როგორც ამბობენ, "ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს მეზობლის გოგონას დაეჯახნენ და ფეხი მოსტეხეს. ზუსტად არ ვიცი, ვინ წააქცია გოგონა. მისთვის კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია, რომელ ექიმთან წაყვანაზეა ლაპარაკი... ოღონდ სუფრა გაიშალოს და "ნაციონალები" ყველგან მირბიან. გიორგი ბოტკოველი ნიშნობაში 3-4 კაცით იყო ჩამოსული. ბოტკოველი სიტყვით გამოსულა, მიყვარს ყარაჯალაო და ეგეთები უთქვამს. დანაშაულის ხელშეწყობა არაა, როცა იცი, არასრულწლოვნები არიან, გამოდიხარ და ლოცავ? ყველა საქმის კურსშია ამ ნიშნობაზე, მათ შორის პოლიციაც. ეს ბოტკოველი ოთხი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია".

ambebi.ge თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველსაც დაუკავშირდა, რომელიც "დროის უქონლობის გამო" მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"ნიშნობაში მართლაც ვიმყოფებოდი და საერთოდ, სახელისუფლებო კანდიდატისგან განსხვავებით, ძალიან ბევრგან მეპატიჟებიან. ეს ქორწილი არ ყოფილა, ნიშნობა იყო და ძალიან კარგად ვიცი, სად, როგორ და რატომ უნდა მივიდე. სადაც ვიყავი, იქ ორივე მხრიდან ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, ოჯახის წევრებმა მიმიწვიეს და ნიშნობა იყო, თუ რა იყო, ოჯახის წვეულებაზე ვიყავი. არც ის ვიცოდი, არასრულწლოვნები თუ იყვნენ, ეს ეხლა შემკობილი თემაა". გაგრძელება