ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი გიული ალასანია იქნება? - რას ამბობენ პარტიაში? - კვირის პალიტრა

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი გიული ალასანია იქნება? - რას ამბობენ პარტიაში?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად, შესაძლოა, გიული ალასანია დასახელდეს. როგორც მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრამდე განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში წარადგენს ყველა მაჟორიტარის სრულ სიას.

"ვიცი, რომ ძალიან დიდი საზოგადოებრივი მოლოდინი არსებობს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მთავარი ოპიზიციური ძალის მხრიდან. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში წარვადგენთ სრულ სიას ჩვენი ყველა მაჟორიტარის. გიული ალასანიას კანდიდატურის განხილვას ვერ დაგიდასტურებთ. სამეგრელო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი, ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, ამიტომ ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევარჩიოთ გამარჯვების კანდიდატი ყველგან. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენს პრეზენტაციამდე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დღევანდელ შეხვედრას, როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციის უპრეცედენტო კოორდინაციისა და ერთობის დასტურია. მისი თქმით, შეიქმნება შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ვერცერთი ხმა ვერ მოიპაროს".

"ინტერპრესნიუსი"