"სააკაშვილის ქმედებები და განცხადებები აღარანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ზოგიერთს კითხვაც კი გაუჩნდა, ივანიშვილი ხომ არ აფინანსებსო?" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ქმედებები და განცხადებები აღარანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ზოგიერთს კითხვაც კი გაუჩნდა, ივანიშვილი ხომ არ აფინანსებსო?"

"სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისგან" უფრო სერიოზულ სვლებს ველოდი"

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები კი განაგრძობენ კანდიდატების წარდგენას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების სიმრავლე შეინიშნება, საქართველოში 8 წლის წინ არსებული პოლიტიკური რეალობა არ შეცვლილა და ისევ ორპოლუსიანი სისტემაა.

ბიძინა ივანიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა" - მათი თქმით, საკითხი ისევ ამგვარად დგას. რატომ ვერ შეიცვალა პოლიტიკური მოცემულობა ქვეყანაში და რა როლს ითამაშებს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადებები, ამის შესახებ პოლიტოლოგები გვესაუბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე:

- დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისევ ორი წამყვანი და ძლიერი ძალაა, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", შესაბამისად ორპოლუსიანი სისტემა ისევ არ შეცვლილა. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", ისევე როგორც "ქართულ ოცნებას" სწორედ ერთმანეთთან დაპირიპირების აფიშირება აწყობთ. თუ ადრე მხოლოდ ივანიშვილი ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო, დღეს ორივე მხარე ეცდება შუა გაკაფვას. ასე, რომ მოცემულობა უცვლელია, თუმცა არის განსხვავება, დღეს ქვეყანაში არის ამომრჩეველთა 1/3, რომელსაც არც "ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალები" და ელოდება მესამე პოლიტიკური ცენტრის გამოჩენას. სამწუხარო ის არის, მესამე პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა, რომელიც ამ 1/3-ის ნახევარს მაინც წაიყვანდა. მესამე სექტორში თითქოს ორი ჯგუფი დაწინაურდა, "ევროპული საქართველო" და "ლელო". მეეჭვება, რომ "შუაშისტი" ამომრჩეველი "ევროპული საქართველოსკენ" წავიდეს, "ლელოს" უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ეს გუნდიც მოიკოჭლებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი გამოცდილი, ჭკვიანი და ცნობილი პოლიტიკოსია, საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ ძლიერ ცენტრად.

არჩევანის გაკეთებისას მთავარი განმსაზღვრელი ნდობაა. პოლიტიკურმა ძალამ ჯერ ნდობა უნდა დაიმსახუროს, პოლიტიკური ჯგუფის ან ჯგუფში მყოფი ლიდერების მიმართ კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს. როდესაც ამომრჩეველი პოლიტიკურ გუნდს ენდობა, შემდეგ სვამს კითხვას, რის გაკეთებას შეძლებენ? ეს ასეა არამხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოშო. ჩვენთან პრობლემა იცით რა არის? თუ ცივილიზებულ სამყაროში ლიდერებს პარტიები ქმნიან, ჩვენთან პარტიები ლიდერებს ანადგურებენ. როგორც ვხედავ, 2020 წლის არჩევნები იქნება ახალი ლიდერისა თუ ლიდერთა ჯგუფის ძიება, ვიდრე ბრძოლა ძალაუფლების ან ხელისუფლებისთვის.

სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისგან" უფრო სერიოზულ სვლებს ველოდი. მეგონა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატურაზე უარს იტყოდა. შემდეგ კი თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდებოდა, რაშიც დიდი წვლილი "ნაციონალებს" ექნებოდათ, ის ერთ წელიწადში, ისე მოვიდოდა ხელისუფლებაში, რომ შემწინააღმდეგებელიც არავინ ეყოლებოდა. არც კი ვიცი რატომ გადაწყვიტა ასეთი მარტივი პარტიის თამაში. ერთი რამ ცხადია, საკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამწევი ძალაც არის და მუხრუჭიც. როდესაც ვამბობ გამწევ ძალას, ვგულისხმობ იმას, რომ "ნაციონალების" ამომრჩეველის 90%, თუ მეტი არა, ხმას სააკაშვილს აძლევს და არა "ნაციონალურ მოძრაობას". მუხრუჭს ვამბობ იმიტომ, რომ სააკაშვილის ფაქტორი "ნაციონალურ მოძრაობას" ხელს უშლის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობაში და ოპოზიციური ამომრჩეველის, ანუ იმ 1/3-ის მობილიზებაში, რომლებშიც "შუაშისტები" არიან. 2024 წლის არჩევნებში სააკაშვილი, თავისი არასწორი პარტიის გამო, პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნება".

რამაზ საყავრელიძე: - ჯერჯერობით მესამე პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ, რომელიც ორპოლუსიანობას დაამსხვრევს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბევრი პარტიის შესვლა პარლამენტში სიატუაციას შეცვლის. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია პარლამენტის ტრიბუნიდან თავს გამოიჩენს, გახდება კიდეც მთავარი ძალა. არათუ პარტიას, ცალკეულ პერსონებსაც ეძლევათ ამის შანსი. შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა თავი გამოჩინა როგორც პარლამენტის კარგმა თავმჯდომარემ და შესაბამისად ხალხის კეთილგანწყობაც დაიმსახურა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დანარჩენი ოპოზიციისგან დისტანცირებას ცდილობს, ამის მიზეზი არის ის, რომ "ნაცმოძრაობას" თავდაპირველად რევოლუციური სცენარით უნდოდა მოვლენების განვითარება. რევოლუციას კი ბევრი პარტიის ერთად ყოფნა სჭირდება. როდესაც მიხვდნენ, რომ რევოლუციური სცენარის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, წავიდნენ საარჩევნო გზით. ამ გზით სიარულში კი მათ დანარჩენი ოპოზციური პარტიები აღარაფერში დასჭირდათ. მიხვდნენ, რომ ერთად ყოფნის შემხთვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა პარტიებისთვის მანდატების გადანაწილება მოუწევდა. ამიტომ როგორც ყველაზე რეიტინგულმა ოპოზიციურმა ძალამ გადაწყვიტა, რომ ყველამ იმდენი ხმა მიიღოს ამ არჩევნებიდან, რამდენსაც დამოუკიდებლად შეძლებს. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ქმედებები და განცხადებები აღარანაირ ლოგიკაში არ ჯდება. უკვე საკუთარ პარტიას აზარალებს, ზოგიერთ პოლიტოლოგსა და ექსპერტს კითხვაც კი გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილი ხომ არ აფინანსებსო?

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)