"სააკაშვილის გაზაფხული" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გაზაფხული"

"სიმპსონები" მიყვარს. ამ სერიალის მოტივებზე "სამსონაძეები" გავაკეთე. სხვა საქმეა, როგორი გამოვიდა, მაგრამ სერიალმა ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა. ბი-ბი-სისა და "ევრონიუსზე" გავიდა სიუჟეტები.

"ინდეპენდენტმა" და "გარდიანმა" სტატიები დაწერეს, -  ქართველებს თვიანთი "სიმპოსნები" გადაუღიათო.

"სამსონაძეები" გაჩერდა, "სიმპსონები" კი აგერ უკვე მეოცე წელია, ყველაზე პოპულარული შოუა მსოფლიოში - იგი საკულტო სერიალად იქცა. გადაღებულია 478 სერია. სერიალის მთავარი მოიდიოტო გმირი გომერ სიმპსონი ჟურნალმა "მენს ჰელსმა" ათწლეულის ფილოსოფოსადაც აღიარა. სიმპსონების ამერიკული ოჯახი ამ "ქვეყნის ტკივილია". ძალზე ხშირია იქ ამერიკული სტერეოტიპებისა და კლიშეების დაუნდობელი პაროდირება. შავი იუმორი, გმირთა ტიპაჟები, გონებამახვილური იუმორი - აი, რაც "სიმპსონების" რეიტინგს უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის - მუსიკოსისთვის, მსახიობისათვის თუ პოლიტიკოსისთვის ამ სერიალში მოხვედრა დიდი სახელია. ითვლება, თუ "სიმპსონებში" "გაეძრე", აქტუალური ვინმე ხარ.

KvirisPalitra.Geგანსაკუთრებით საინტერესოა "სიმპსონების" პოლიტიკური პასაჟები: სერიალში გაუშაყირებიათ ჰომოსექსუალური ქორწინებები, მწვავედ უხუმრიათ უკანონო ემიგრაციისა და საზღვრების პრობლემებზე, ცეცხლსასროლი იარაღის კანონზე, - ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც ამერიკელებს აწუხებთ. თავად მეთ გრონინგი, სერიალის შემქმნელი, თავს ლიბერალს უწოდებს. აშკარაა, რომ არ ევასებოდა რესპუბლიკელები და კონკრეტულად - ბუში. მაგალითად, ერთ-ერთ ეპიზოდში ჯორჯ ბუში სპრინგფილდში, სიმპსონების ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ამ სერიაში ის იმდენად არის გაშაყირებული, რომ ზოგიერთ კრიტიკოსს ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ ეს არა პოლიტიკური, არამედ პერსონალური შეტევა იყო.

მოხდა ისე, რომ "სიმპსონებში" ჩვენი მიშაც ახსენეს. ეს ასე იყო: ჰომერი და მისი ნაგრამი ანიმაციური ფილმების დაჯილდოებაზე ხვდებიან. ერთ-ერთ ნომინაციაში მონაწილეობს ფილმი სახელწოდებით: "სააკაშვილის გაზაფხული". (იხ. http://www.palitratv.ge/garthoba/skhvadaskhva/1859-saakashvils-gomer-simfsonma-ajoba.html)  ეკრანზე უშვებენ ნაწყვეტს ფილმიდან: ჩანს განადგურებული ქალაქი, რუსული ტანკი უახლოვდება გოგონას, რომელიც მზესუმზირის ნერგის დარგვას ცდილობს. ტანკს გული აუჩუყდება ამ სენტიმენტალური სურათის ხილვისას.

ის ისვრის ყუმბარას, მოახვედრებს წყლით სავსე ავზს და ასე "მორწყავს" ნერგს. მზესუმზირა იხარებს და გაიზრდება. გოგონა მას მოწყვეტს და ტანკის ლულაში შეჩრის. ტანკი დააცემინებს, მზესუმზირა ჭურვივით გამოვარდება ლულიდან და მოხვდება პეპელას, პეპელა ფერად ეკლებად დაიშლება,  ერთი ეკალი გოგონას ერჭობა და კვდება. ტანკი ცხარე ცრემლებით დასტირის გოგონას... დრო გადის... დანგრეული შენობები აღდგენილია, საბავშვო მოედანზე დგას მდუმარე ტანკი, იქვე ბავშვები თამაშობენ. უეცრად ერთ-ერთი ბავშვი ნაღმზე ფეხს აბიჯებს და ყველაფერი ფეთქდება.

ეს, რა თქმა უნდა, აბდაუბდაა, მაგრამ დასკვნის გამოტანა მაინც შეიძლება. ცნობილია, რომ როდესაც მასობრივად პოპულარული სერიალის სცენარისტები ხუმრობას იგონებენ, მათი მთავარი ამოცანაა, ის ხალხისთვის გასაგები იყოს, ეფუძნებოდეს საყოველთოდ ცნობილ ფაქტებს ან რაიმე სტერეოტიპს - ეს აქსიომაა.

შესაბამისად, როცა სცენარისტებმა ასახეს ომისგან გაუბედურებული ქვეყანა, სადაც ბავშვების სათამაშო მოედანზეც კი რუსის ტანკი დგას, მიიჩნიეს, რომ საშუალო-სტატისტიკური ამერიკელისთვის საქართველოს ასეთი სახე გაცილებით ნაცნობია, ვიდრე სი-ენ-ენზე რეკლამირებული #1 რეფორმატორი ქვეყანა. "სააკაშვილის გაზაფხული" ძალზე შავი კომედიაა, რომელიც ცუდად მთავრდება. აი, ასეთი წარმოდგენა აქვთ მეთ გრონინგსა და მის გუნდს სააკაშვილის საქართველოზე.

ეს ცუდია, მაგრამ გამოსავალიც არსებობს: დავუბრუნოთ "იმედი" მერდოკს, რომელიც ტელეკომპანია "ფოქსის" მფლობელია და რომელზეც, თავის მხრივ, გადის "სიმპსონები". სანაცვლოდ, გადაიღონ ერთი სერია, რომელშიც "იბერია გაბრწყინებულია", სვანური თოვლი და მარილი გააქვთ შვეიცარიაში გასაყიდად, მიშა პუტინს ჰკიდებს ერთი ადგილით, მაგრამ ვეჭვობ, ბოლო პასაჟის ჩასმას მარტო "იმედის" საფასურად ვერ შევძლებთ. მოგვიწევს მერდოკისათვის თბილისის ახალპრივატიზებული სამარშრუტო ხაზების დათმობა.

შალვა რამიშვილი