ჩამოალაბორანტებენ თუ არა სწავლას მოწყურებულ ბეჟუაშვილს - კვირის პალიტრა

ჩამოალაბორანტებენ თუ არა სწავლას მოწყურებულ ბეჟუაშვილს

რომელი ჯგუფი უფრო გააძლიერებს პოზიციებს ორ ბანაკად გაყოფილ ხელისუფლებაში

სააკაშვილი "პოლიტიკურ მემკვიდრეებს" აკვირდება...

აშკარაა, ხელისუფლების წარმომადგენლები "ცოდნის ამაღლების" წყურვილს ვერ იოკებენ და დროდადრო ოკეანის გაღმა უჩინარდებიან... არცთუ დიდი ხნის წინ მათ რიგს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი გელა ბეჟუაშვილიც შეემატა, რომელმაც თანამდებობა დროებით "დატოვა"... პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე გვატყობინებს, რომ გელა ბეჟუაშვილი აპრილის შუა რიცხვებში საქართველოში დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს.

ისიც კარგად ვიცით, რომ "საქართველოში უცხოური განათლება აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ ვინმემ თანამდებობა მიიღოს", - ეს სიტყვები პრეზიდენტმა პარლამენტში წარმოთქვა, რის "თვალსაჩინო ნიმუშადაც"  დაგვისახელა კობა სუბელიანი, რომელიც არც "ჰარვარდშია ნასწავლი და არც სორბონში", მაგრამ მთავრობაში "ძვრაც" ვერ უყვეს.

KvirisPalitra.Geგელა ბეჟუაშვილისთვის კი კემბრიჯი ან ჰარვარდის უნივერსიტეტი უცხო ხილი ნამდვილად არ არის. მას კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის გარდა, დალასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაც დაუმთავრებია. აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო ხარისხი და წოდება, არის ავტორი წიგნისა "საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმების საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები", კარგად იცის რუსული, ინგლისური და ესპანური ენები.

რატომ გადაწყვიტა მოულოდნელად საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლება? შესაძლოა, ამის მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციები, ე.ი. საგარეო პოლიტიკური ფაქტორებიც არის.  კულუარული ინფორმაციით ბეჟუაშვილი შიდასახელისუფლებო დაპირისპირებებს განერიდა. ბოლო დროს სააკაშვილმაც დარტყმის ვექტორი ყველას დასანახად მის წინააღმდეგ მიმართა. გახსოვთ, ალბათ, ტყიბულის მაღაროში ბოლო მსხვერპლიანი აფეთქების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაღაროს მფლობელები უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაში და წინა წლებში დატრიალებული ტრაგედიების მიზეზების დამალვაში დაადანაშაულა.

შპს "საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ("აკრონიმიის") შვილობილი კომპანიაა, რომლის უკან ძმები ბეჟუაშვილები მოიაზრებიან. კომპანიის სადავეები დავით ბეჟუაშვილს უჭირავს, მაგრამ ოჯახურ ბიზნესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილიც.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ჰოლდინგი აერთიანებს და მართავს ორმოცზე მეტ კომპანიას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, საშენ მასალათა წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის, მედიაბიზნესისა და სხვა სფეროებში. ამ ინდუსტრიული ჯგუფის'' შემადგენლობაში შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, "ავტოგაზი", ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა', "ჭიათურის მარგანეცი'", ევროპული სკოლა, "ინდუსტრია კირი", "ტიფლის სიტი", "ინტერტრანსი'', "საქინვესტი", საქართველოს მედიაგაერთიანება "ჯორჯიან ბიზნესკონსალტინგი".

როგორც "კვირის პალიტრას" უთხრეს, გელა ბეჟუაშვილი უცხოეთში წასვლამდე პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრას ითხოვდა, რასაც ვერ მიაღწია. არ არის გამორიცხული, ეს "სცენა" სააკაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტის დასაბნევად გაითამაშა. იმხანად ბეჟუაშვილის საწინააღმდეგო ინტრიგებში თურმე გიგა ბოკერიაც იყო ჩართული. სანდო წყაროს თქმით, ხელისუფლება დღეს ორ ბანაკად არის გაყოფილი:

ერთ მხარეს ადეიშვილი, ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტი დაჯგუფდა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტად გიგი უგულავა წარმოუდგენიათ, მეორე მხარეს კი ვანო მერაბიშვილია მთავარი მოთამაშე, რომლის გავლენაშია მოქცეული გელა ბეჟუაშვილი. მერაბიშვილის გეგმა კი ქვეყნის ძლიერ პრემიერ-მინისტრად სააკაშვილის ქცევაა, ხოლო ნომინალური უფლებების პრეზიდენტად - დავით ბაქრაძის.

შესაბამისად, ბიზნესსფეროებში კონფლიქტებიც პოლიტიკური გეგმების ხორცშესხმისთვის ფულის გადანაწილების ფარგლებში ექცევა.

უცნობია, რომელი სახელისუფლებო ჯგუფი უფრო გაიძლიერებს პოზიციებს. ფაქტია, მაშინ, როცა აშშ-ის დაზვერვა და საზოგადოდ, დასავლეთი სააკაშვილის მომავალს აკვირდება, საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდო "პოლიტიკურ მემკვიდრეებს" უთვალთვალებს. ერთი მხრივ, სააკაშვილს მემკვიდრედ არა ძლიერი და ამბიციური, არამედ პოლიტიკურად სუსტი, ადვილად სამართავი ფიგურა აძლევს ხელს, მეორე მხრივ კი მისთვის დიდი საშიშროებაა ქვეყნის "მუბარაქიზაცია".

"ნუ იქნება ოღონდ ბუნტი" და პრეზიდენტი თავად გაწყვეტს იქ, საცა წვრილი იქნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბეჟუაშვილი აშშ-ში არა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არამედ "სააკაშვილის მომავლის" დასაზვერად უფრო არის წასული და, ალბათ, ჩამოლაბორანტებულ ჩინოვნიკთა რიგს ჯერჯერობით არ შეავსებს.