"იმას არავინ დაიჯერებს, რომ ლუგარში "ნოვიჩოკი" მზადდება" - კვირის პალიტრა

"იმას არავინ დაიჯერებს, რომ ლუგარში "ნოვიჩოკი" მზადდება"

"რუსეთს ძლიერი კიბერშეიარაღება აქვს, ნებისმიერ სისტემაში შეუძლია შეღწევა. მისი მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან აშშ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ლაპარაკი ზედმეტია აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე"

შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლ სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზაში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაუფლება. დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. ამასთან, ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები საზოგადოების დაშინებისა და მასში უნდობლობის დანერგვის მიზნით. კიბერშეტევა 1-ლ სექტემბერს მოხდა, 2 სექტემბერს კი გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. ამის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი ამბობს, რომ "ნოვიჩოკს" აშშ ამზადებს საქართველოს ლაბორატორიებში.

ანდრო გოცირიძე, კიბერტექნოლოგი: - ეს არის წმინდა რუსული კიბერშეტევა, მეტიც, რუსულ სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული კიბერაქტორების ხელწერა, რაც 2014 წლიდან არაერთხელ ვნახეთ. ამას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, რუსი პარლამენტარების განცხადებები, რომ "ნოვიჩოკი" თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში იქმნება, თან გერმანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკით" არის მოწამლული. "ნოვიჩოკი" სკრიპალების საქმეშიც ფიგურირებს და პირდაპირ უკავშირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას.

კიბერშეტევას რამდენიმე დანიშნულება აქვს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვება და შემდგომ მასზე დაყრდნობით ისეთი კონტენტის ფაბრიკაცია, რითაც შეიძლება შეილახოს საქართველოს იმიჯი; ყურადღების გადატანა რუსეთის მტკივნეული თემისგან, რასაც ნავალნის მოწამვლაზე პასუხისგება ჰქვია და ასევე მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვა, სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა.

კიბერშეტევისგან 100%-იანი დაცვა შეუძლებელია. ამ სახით მოპოვებული მასალებით ხდება კომპრომატის ფაბრიკაცია, დოკუმენტების ფალსიფიკაცია და შემდგომ მათი გამოქვეყნება სპეციალურად შექმნილ საიტებზე.

ყალბი ინფორმაცია მოსყიდული ჟურნალისტის მეშვეობითაც ხვდება დასავლურ მედიაში და მერე იწყება მისი ტრანსპორტირება სოციალურ ქსელში, სადაც ფართო მსჯელობა მიდის, ხშირად არაავთენტური გზითაც - ტროლებისა და ბოტების მეშვეობით. მერე ეს ნარატივი სოციალურ ქსელში მყარად იკიდებს ფეხს და სიმართლეს ძნელად დაამტკიცებ. =

- საკითხავია, იყო თუ არა სერვერები სათანადოდ დაცული? პაატა იმნაძემ თქვა, საიდუმლო არაფერი გვაქვსო... - იმნაძემ ისიც თქვა, რომ სამედიცინო ინფორმაცია მკაცრად დაცულია, რომლის გაჟონვა-გავრცელებაც ძალიან დასანანია. ეჭვი არ მეპარება, დაცული იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არასათანადოდ.

- რუსები არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებენ "ნოვიჩოკის", თუ ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე ლუგარში. რაზე და ვისზეა გათვლილი ეს პროპაგანდა? - "ნოვიჩოკი" წმინდად რუსების ნაწარმია. უბრალოდ, ავრცელებენ შეთქმულების თეორიას ამერიკელების დაფინანსებით ქართულ იურისდიქციაში არსებულ ლაბორატორიაზე და ეს იწვევს ნიჰილიზმსა და პრორუსული განწყობის გაღვივებას.

რუსეთს ძლიერი კიბერშეიარაღება აქვს, ნებისმიერ სისტემაში შეუძლია შეღწევა. მისი მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან აშშ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ლაპარაკი ზედმეტია აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე.

რუსეთის მიზანია ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ჩვენს მოქალაქეებში შეთქმულების თეორიის დანერგვა - იმას არავინ დაიჯერებს, რომ ლუგარში "ნოვიჩოკი" მზადდება, მაგრამ რომ იფიქრონ, იქ "რაღაც ისეთი" მზადდება და შეიძლება გაეპაროთო, სავსებით მოსალოდნელია. ხომ გახსოვთ ამასწინანდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ღამურებსა და ინიექციებზე სპეკულაციები? როცა ასეთი განცხადებები ვრცელდება, ცხადია, აკადემიური განათლების მქონე მოსახლეობის ნაწილი არ დაიჯერებს, მაგრამ ნაკლებად ინფორმირებული ნაწილი ირწმუნებს.

- როგორი იქნება ამის შედეგი და რა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ რუსეთის დეზინფორმაციას? - შედეგი ის იქნება, რომ ეს გაზრდის პრორუსულ სენტიმენტებს, პარლამენტში პრორუსული პარტიები მოხვდებიან, უფრო გამსხვილდებიან და როგორც კი "შულავრის კომიტეტის" მსგავსი წარმონაქმნისთვის შეიქმნება კრიტიკული მასა, ახალი ინფორმაცია არ დააყოვნებს. როცა ასეთი თემატიკა გამოდის წინა პლანზე, კიბერუსაფრთხოების უფრო დაცვა და ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში მისი წინა რიგებში წამოწევა აუცილებელია.