ძირს სააკაშვილი, გაუმარჯოს ქუვეითის ემირს! - კვირის პალიტრა

ძირს სააკაშვილი, გაუმარჯოს ქუვეითის ემირს!

ამ კვირაში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი რევოლუციას და თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადაყენებას იმსახურებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავიგე, რომ ქუვეითის ემირმა აღმოსავლური რევოლუციების შიშით მოსახლეობის დასაჩუქრება გადაწყვიტა, - მან უპრეცედენტო ზომები მიიღო:

სტუდენტებს სტიპენდიები 350-დან 700 დოლარამდე გაუზარდა, სამხედრო მოსამსახურეებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ხელფასებზე 70-115%-იანი დანამატი მიიღეს, სახელმწიფო სამსახურში მომუშავეთა ხელფასები კი 100%-ით გაიზარდა. ქუვეითის ყველა მოქალაქე კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდა (!).

თითოეულმა მოქალაქემ ერთჯერადად 3.500 დოლარი მიიღო. ამ საჩუქრებს ოფიციალურად, მისი უდიდებულესობის, ემირ ას-საბაჰის მმართველობის მეხუთე წლისთავს უკავშირებენ. დამატებით, მთელი თებერვლის განმავლობაში ქვეყანაში აღლუმები, პატრიოტული სიმღერების კონკურსები, თემატური გამოფენები, პოეზიის საღამოები და აქლემების დოღი არ შეწყდება. ქუვეითში უამრავი მაღალჩინოსანი სტუმარი ჩავიდა, ქუჩები კი დროშებითა და ემირის პლაკატებით კიდევ უფრო მეტად მორთეს. ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას 10 მლრდ დოლარი დაახარჯა.

ჩვენთან კი რა ხდება? სააკაშვილი მხოლოდ 20-ლარიან დენის და 30-ლარიან სურსათის ვაუჩერებს არიგებს და ამით უნდა გამოძვრეს?! იქნებ, ქუვეითის ემირს თუ არა, საუდის არაბეთის მეფეს მაინც მიჰბაძოს. აბდალა II, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა, მოსახლეობას 35-მილიარდიან სოციალურ დახმარებას დაჰპირდა. ჩვენ კი რა? ვფიქრობ, ასე იაფად არ უნდა გავიყიდოთ. ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობის ამბავია.

KvirisPalitra.Geდამიბრუნეთ კორუფცია!

ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ არასდროს მავიწყდება მათი მიღწევების აღნიშვნაც. დაბალ და საშუალო რგოლებში კორუფციის დამარცხება, პირადად მე, მართლაც უდიდეს მიღწევად მიმაჩნია. ეს მიღწევა ვერც ელიტური კორუფციის არსებობის შემთხვევაში დაიჩრდილება. შევარდნაძის ეპოქაში იპარავდა ყველა: დიდიც, პატარაც, საშუალოც. ახლა, თუ მხოლოდ "დიდები" იპარავენ, ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია და ძალიან ცუდია, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც გამოდის.

მარტო იმიტომ კი არა, რომ უფრო ნაკლები ადამიანი იპარავს, არამედ იმიტომ, რომ იქმნება და ყალიბდება სახელმწიფო მოხელეთა კლასი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრთამის აღება!  თუმცა ჩვენი ხელისუფლება თავს როგორ უღალატებდა, კარგ საქმეში ხინჯიც არ გამოერია: თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ყველა პროცედურა ისე უსაშველოდაა გაჭიანურებული, ხშირად ადამიანი იძულებულია მისი დაჩქარება მოითხოვოს და ამაში ხშირად სამმაგი გადაიხადოს.

მაგალითად ავიღოთ საჯარო რეესტრი: ბინის თქვენს სახელზე დარეგისტრირებას 50 ლარი და ოთხი სამუშაო დღე სჭირდება. თუ ეს პროცედურა ორშაბათ დღეს არ დაიწყე, სხვა ყველა შემთხვევაში ოთხი დღე პარასკევამდე არ გამოდის, ამიტომ შაბათ-კვირაც ემატება და საბუთი ხელთ მხოლოდ მეშვიდე დღეს გექნებათ. თუ გეჩქარება, იძულებული ხდები, პროცედურის დაჩქარება მოითხოვო. უარს არავინ გეტყვით, თუ თითოეულ მომსახურებაში 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარს გადაიხდით.

ანუ ყველაფერს ორ დღეში მორჩებით, ოღონდ ჯიბის 400 ლარით შეთხელება მოგიწევთ. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ შეიძლება კონკრეტული ოპერაციის ერთ დღეში ჩატარება, რატომ ითხოვ ოთხ სამუშაო დღეს? პროცედურას სპეციალურად ხომ არ აჭიანურებ, რომ ხალხს რაც შეიძლება მეტი ფული წაართვა?

კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა სამოქალაქო რეესტრში. ახალი პასპორტი ხომ ისედაც ძვირი, 100 ლარი ღირს, მაგრამ თუ გეჩქარება, ორჯერ ძვირი დაგიჯდება.

თან ოთხ სამუშაო დღეში კი არა, 10 სამუშაო დღეში გიკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად ორი შაბათ-კვირაც უნდა დაამატო. ანუ, თუ მხოლოდ 100 ლარს გადაიხდი, პასპორტი 14 დღეში გექნება, ხოლო  თუ 200-ს, იმავე დღეს(!). იმას, რისი დამზადებაც ფულის დამატებით რამდენიმე საათში შეიძლება, რატომ სჭირდება ფულის დაუმატებლად ნახევარი თვე? კარგი, ერთ დღეში ნუ დამიმზადებ, გასაგებია, რომ ყველა ერთ დღეში დამზადებას მოითხოვს და ამას შეიძლება უწყება ვერ აუვიდეს, მაგრამ რა საჭიროა ნახევარი თვე? სამ დღეში გამიკეთე. პასპორტს ადამიანი ხომ მეტწილად მაშინ აკეთებს, როდესაც საზღვარგარეთ მიდის და ხშირად იმის დრო სულაც არა აქვს, ნახევარი თვე იცადოს. ამიტომაც უმეტესობა იძულებულია 100-ლარიან პასპორტში 200 ლარი გადაიხადოს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი არც ესაა. Aამას წინათ ჩემს ერთ ფეისბუქელ ნაცნობს ასეთი რამ შეემთხვა: შეიტანა განაცხადი პასპორტზე, დაჩქარება არ მოუთხოვია, ანუ მხოლოდ ასი ლარი გადაიხადა. რამდენიმე დღეში გაარკვია, რომ თუ არ დააჩქარებდა, საქმე უფუჭდებოდა. ამიტომ მივიდა სამოქალაქო რეესტრში და განაცხადა: დავამატებ კიდევ ას ლარს და დამიჩქარეთო. უთხრეს, შეუძლებელია, რადგან თქვენ უკვე განაცხადი შემოტანილი გაქვთ და ვერ შევცვლით.

ამიტომ თუ გეჩქარებათ, განაცხადი ახალი პასპორტის დამზადებაზე უნდა შემოიტანოთ და დამატებით ორასი ლარი გადაიხადოთო. საბოლოოდ ორი პასპორტი მისცეს: ერთი - ერთ დღეში, მეორე - 14 დღის შემდეგ და სამასი ლარიც გადაახდევინეს (ერთდროულად საზღვარგარეთის რამდენიმე პასპორტის ქონა აკრძალული არ ყოფილა)!

ასეთი სიტუაციის შემდეგ, ხომ შეიძლება ვინმეს მკრეხელური აზრი გაუჩნდეს და იფიქროს, კორუფციის ასეთ დამარცხებას, ისევ კორუფცია ხომ არ სჯობდაო. თავად განსაჯეთ: ზემოჩამოთვლილი ყველა პროცედურის დაჩქარება კორუფციის პირობებში სამჯერ იაფი დაჯდებოდა - "ჩავუკუჭავდით" ვინმეს ჯიბეში ოცდაათ ან ორმოცდაათ ლარს და მორჩებოდა ყველაფერი. ანუ ის, რაც ახლა 200 ლარი გიჯდება, 30 ან 50 ლარად გაკეთდებოდა.

იმედია, სერიოზულად არ ფიქრობთ, რომ კორუფცია მენატრება. რა სისულელეა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა კორუფციის დამარცხებით ჩვენც გვეხეირა? დღეს კი რა გამოვიდა: კორუფციის დამარცხებამ მოქალაქეებს ცხოვრება გაურთულა, უფრო სწორად, გაუძვირა. საინტერესოა, რატომ არ შეეძლო ჩვენს ხელისუფლებას კარგი საქმე, რასაც კორუფციის აღმოფხვრა ჰქვია, ისე გაეკეთებინა, რომ მისი სიკეთე საკუთარი თავის გარდა მოქალაქეებსაც ეგრძნოთ?