"შესაძლოა დესტაბილიზაციის ინსპირირება არჩევნებამდეც და პირველი ტურის შემდეგაც" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა დესტაბილიზაციის ინსპირირება არჩევნებამდეც და პირველი ტურის შემდეგაც"

"კიბერშეტევის ობიექტი არის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც რეალურად ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს"

"ეს არის მინიშნება, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს ლუგარის ლაბორატორია, რომელიც მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე ზემოქმედება სურს და საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესის დისკრედიტირებას შეეცდება", - ასე აფასებს ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი:

- ფეიკების გავრცელება შეიძლება მასმედიის საშუალებით და დიპლომატიური არხებითაც. შესაძლებელია განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მასმედიაშიც გამოქვეყნდეს ინფორმაცია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, დაინტერესებული მხარე რუსეთის ფედერაციაა, რომელიც დიდი ხანია ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ ლუგარის ლაბორატორია სახიფათოა, და ყველაფერს აკეთებს, რომ ის არ არსებობდეს საქართველოში.

კორონავირუსთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიის დადებით როლს თუ გავითვალისწინებთ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მისი დისკრედიტაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც სურთ. რაც შეეხება "ნოვიჩოკს", რუსები ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს ნივთიერება საქართველოში შეიქმნა. ანალოგიური რამ შეიძლება მაღალი ტექნოლოგიების მქონე ნებისმიერ სახელმწიფოში შეიქმნას. ყოველივე ეს დისკრედიტაციის, კომპრომეტაციისა და პროპაგანდის ნაყოფია.

ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაშია მყარად ჩართული. ამიტომაც გახდა კიბერშეტევის ობიექტი. რუსეთს სურს, რაც შეიძლება კომპრომეტირებული იყოს ლაბორატორიის საქმიანობა, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობაც.

რაც შეეხება "ნოვიჩოკს", იმის მტკიცება, რომ ის საქართველოში დამზადდა და ნავალნის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, სასაცილოა. ვფიქრობ, ეს გათვლილია რუსეთის ელექტორატზე, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ტერორიზმის იარაღია.

რუსეთს თუ ჩვენს სამეზობლოს უნდათ, რომ მათ ქვეყნებში არსებული პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღება სხვადასხვა ფაქტორზე გადაიტანონ. სადაზვერვო პროპაგანდის ავტორი ორ კურდღელს იჭერს - სახელს ულახავს არა მარტო ჩვენს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, არამედ მის სტრატეგიულ პარტნიორებსაც. სამწუხაროდ, ელექტრონული საშუალებები აძლევს იმის საშუალებას, მასშტაბური ინფორმაცია გაავრცელოს. არ უნდა დავივიწყოთ საერთაშორისო \მასმედიის საშუალებებიც და კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩართული არიან რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო პროპაგანდაში. ამიტომ აუცილებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კონტრპროპაგანდა, რათა ეროვნულ უსაფრთხოებაში ბალანსი იყოს დაცული. ეს არ არის პირველი და ბოლო შემთხვევა. ვფიქრობ, არჩევნებამდე მათ სხვა ოპერაციებიც ექნებათ ჩაფიქრებული.

ალბათ, დესტრუქციული და პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალებისთვის რაღაც პლაცდარმი მზადდება და სპეცსამსახურებს დიდი ყურადღება და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული კონტრპროპაგანდაში, რისი საშუალებაც გვაქვს: სატელეფონო საუბარი იქნება თუ სოციალური ქსელი, რათა ყველა დავარწმუნოთ, რომ საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, იცავს სუვერენიტეტს და არანაირი ტერორისტული მისწრაფებები არ გააჩნია.

რაც მოხდა, იმასაც ემსახურება, რომ საზოგადოება მუდმივად დათრგუნვილი იყოს და ეშინოდეს, დღეს-ხვალ რუსები შემოვლენო. თუ საერთაშორისო ურთიერთობებში სწორ ბალანსს არ ავირჩევთ, რუსეთის ფედერაცია და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან საქართველოში თავიანთი ინტერესების გატარებას.

- კიდევ რას უნდა ველოდოთ?

- ყველაფერს. შესაძლებელია დესტაბილიზაციის ინსპირირება არჩევნებამდეც და პირველი ტურის შემდგომაც, მათ შორის ანექსიაც.

ყოველივე ეს მინიშნებაა, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორია არ უნდა არსებობდეს. კეთილმეზობლურ ურთიერთობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, როცა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს სომხეთის მაღალჩინოსანი და საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტაციას ცდილობს. ასე რომ, თუ განვიხილავთ ჯარების განლაგებას ამ ქვეყანაში, ურთიერთობებს ქვეყანასთან, რომელიც კიბერთავდასხმებს აწყობს, ვფიქრობ, საფრთხის მასშტაბი უფრო დიდია და შესაძლებელია ამ სატელიტი სახელმწიფოების როლი უფრო გააქტიურდეს.