"თუ ხალხი არ დაგვეხმარა, ვირუსის შეჩერება შეუძლებელი გახდება" - კვირის პალიტრა

"თუ ხალხი არ დაგვეხმარა, ვირუსის შეჩერება შეუძლებელი გახდება"

"ვისაც ჩვენთვის სიკეთე უნდა, ყველა აღიარებს, რომ საქართველო წარმატებით ებრძვის "კოვიდს", ვისაც არ უხარია, გვიტევს. ყველაზე მეტად ის მწყინს, იმ ძალებით გვიტევენ, რომლებიც თავს პროდასავლურ ძალას უწოდებენ. შინაურ მტერშია პრობლემა, გარეულს ავიტანდით"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილესა და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძესთან საუბარი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევით დავიწყეთ:

- ჩვენ მიჩვეული ვართ შემოტევებს გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ იმაზე უფრო მწყდება გული, შიგნიდან რომ გვიტევენ.

ვითომ პროდასავლელები არიან, სინამდვილეში კი ისევე გვიტევენ, როგორც რუსული მედია და ოფიციოზი...

- როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამის უკან? - რა ვიცი, გამოძიება დაადგენს. ჩვენ მათთვის არ გვცალია, ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ვისაც ჩვენთვის სიკეთე უნდა, ყველა აღიარებს, რომ საქართველო წარმატებით ებრძვის "კოვიდს", ვისაც არ უხარია, გვიტევს. ყველაზე მეტად ის მწყინს, იმ ძალებით გვიტევენ, რომლებიც თავს პროდასავლურ ძალას უწოდებენ. შინაურ მტერშია პრობლემა, გარეულს ავიტანდით.

- რა წაიღეს ლუგარიდან? - რა უნდა წაეღოთ, დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენს სისტემებში პერსონალური ინფორმაცია ინახება: ანალიზების პასუხები და ა.შ. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენენ, რა არის წაღებული.

- "კოვიდით" ინფიცირების ბოლო დღეების მაჩვენებლებზე გკითხავთ - პიკურ პერიოდში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა დღეში 40-ს მიახლოებული შემთხვევა, ბოლო დღეებში კი 38, მერე 20, მერე 28... არის თუ არა ეს მეორე ტალღის დასაწყისი? - ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ტალღა დღეში ასობით, ათასობით შემთხვევას ნიშნავს. ჩვენ რაც 6 თვის განმავლობაში გვაქვს, მაგდენი ჩვენს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში ერთ კვირაში ფიქსირდებოდა.

ახლა შედარებით მოიმატა შემთხვევებმა. ეს მოსალოდნელიც იყო. ქვეყანაში მობილურობა პრაქტიკულად აღდგენილია. ჩვენ და ახალი ზელანდია დაახლოებით ერთნაირად მივდივართ, მაგრამ ახალი ზელანდია კუნძულია და შორსაა, ჩვენ კი შუაგულში ვართ - გარშემო ყველგან კორონაა. თუ მოსახლეობა არ დაიცავს უსაფრთხოების წესებს, არაფერი გამოვა.

ბათუმში ის ღამის კლუბები, რომლებიც არ იცავდნენ წესებს, დაიხურა. წესებს დაწესებულებები არ იცავენ, იმათ გააკონტროლებ, მაგრამ მოქალაქეებს?..

კორონავირუსი ყველგან არის. ამიტომ უნდა დავიცვათ წესები. ჩემი კოლეგები, ეპიდემიოლოგები, ლაბორანტები, ექიმები, პოლიციელები, ტურიზმის სააგენტო თვეებია 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება. ეს ხომ ტიტანური შრომაა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, თუ ხალხი არ დაგვეხმარა, ვირუსის შეჩერება შეუძლებელი გახდება.

- რას გვეტყვით ექიმების კლასტერზე, სასტუმრო "ოაზისში" რომ გაჩნდა?

- "ოაზისში" ათას კაცამდე გამოვიკვლიეთ. მხოლოდ ერთი იყო ინფიცირებული.

- ცოტა უხერხულია, როცა პაციენტებს მოუწოდებ, ხალხმრავალ შეკრებებს მოერიდეთო და თვითონ კი... - დღესდღეობით წესების დაცვით შეკრება საქართველოში ნებადართულია. ექიმსაც უნდა დასვენება, ზღვაზე წასვლა.

- საკონდიტრო "დონაში" ვირუსის გავრცელების მიზეზი რა იყო? - იქაურ კლასტერში უმეტესად თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და მომხმარებლები არიან... კვლევა გრძელდება არა მარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც, საქართველოს სხვა რაიონებშიც. ვინც იქ იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველას იკვლევენ.

- რამდენიმე ცნობილი სავაჭრო ქსელის თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ კორონავირუსი... - სუპერმარკეტებში ადრეც ყოფილა და კიდევ იქნება. ყველას შეიძლება დაემართოს კორონა, თუ არ დავიცავთ წესებს.

- გურიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. - საქართველო პატარა ქვეყანაა, გურიაშიც შეიძლება გაჩნდეს და კახეთშიც, ყველგან. ვიძიებთ დაინფიცირებულების კონტაქტებს და მათ ლაბორატორიულად ვიკვლევთ, მაგრამ ამას აქვს ადამიანური საზღვარი, როცა ეს ფიზიკურად შესაძლებელია.

ვიმეორებ - თუ მოქალაქეები დაიცავენ უმარტივეს წესებს: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვასა და ხელების დამუშავებას, კორონა მაინც იარსებებს, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მიზერული იქნება.

- სწავლის დაწყება გამოიწვევს თუ არა შემთხვევების მატებას?

- რისკი იქნება, მაგრამ წესების დაცვის შემთხვევაში ვითარების გაკონტროლება შესაძლებელი იქნება.

- ვთქვათ ერთ-ერთ სკოლაში გაჩნდა? - თუ გაჩნდა, მივხედავთ. გააჩნია, რამდენი შემთხვევა დაფიქსირდება და რამდენად იქნება გაფანტული.

- როდის ელოდებით შემთხვევების მნიშვნელოვნად მატებას? - ზამთარში უფრო გაჭირდება, რესპირაციული ინფექციის სეზონია და კორონას გრიპისმაგვარი სხვადასხვა უამრავი ვირუსი დაემატება.

- ვაქცინასთან დაკავშირებით რა სიახლეები გვაქვს? - არის ბევრი იმედისმომცემი მონაცემი, ვნახოთ, ვაქცინის რიგში ვართ.

მსოფლიო ალიანსში არის ქვეყნების რიგი იმ ვაქცინაზე, რომელსაც ყველა საერთაშორისო ექსპერტიზა ექნება გავლილი. ამ ეტაპზე 20-ზე მეტი ვაქცინა უკვე გადის მეორე-მესამე ფაზის კვლევებს.

- მათგან ყველაზე იმედისმომცემად რომელი გეჩვენებათ?

- ძნელია თქმა, დაველოდოთ. ალბათ, ზამთრამდე არაფერი იქნება.

- ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კორონა არჩევნების გადავადების მიზეზი გახდეს? - არჩევნები ოფიციალურად დანიშნულია. იქაც იქნება წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ.

- ანუ თქვენ არ მოელით ვითარების გაუარესებას? - არა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად კონტროლირებადი ვითარება იყოს.

კორონა არ იქნებაო, იმედს ვერავის მივცემთ, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება იყოს.

- როგორ ფიქრობთ, როდის დავამარცხებთ კორონავირუსს საბოლოოდ? - როგორც მინიმუმ, მომავალი წლის ზაფხულამდე მოგვიწევს მასთან თანაცხოვრება.