"ბავშვთა ინტერესების დაცვით შეფუთული მედიის შეზღუდვა და რეპრესიები მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს" - კვირის პალიტრა

"ბავშვთა ინტერესების დაცვით შეფუთული მედიის შეზღუდვა და რეპრესიები მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს"

"იმედია, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ეყოფა გონიერება და არ დაუპირისპირდება მეოთხე ხელისუფლებას"

1 სექტემბრიდან კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირება.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა მედიაორგანიზაციებისა და ვებსაიტების ადმინისტრაციებს წერილობით აცნობა. ეს სიახლე, რომელიც არაერთ ეჭვსა და კითხვას აჩენს, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს, რადგან მისი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ტელევიზიების გაკონტროლების, უარეს შემთხვევაში კი დახურვის საშუალება გახდეს.

აღნიშნული ცვლილებების ("მაუწყებლობის შესახებ" კანონის 56-ე, 56-1, 56-2 მუხლები) განხილვაში ჩართული არ ყოფილან მედიაორგანიზაციები.

ამიტომ 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შესული ცვლილებები "საქართველოს მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რომლებიც შეეხება ბავშვებისა და მოზარდების დაცვას"მავნე ზეგავლენის მომხდენი"ინფორმაციისგან, შესაძლოა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის იარაღად იქნეს გამოყენებული.

როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში მედიაორგანიზაციებმა, ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრა.

- ჩემი ინფორმაციით, საქმე ეხება ბავშვთა ინტერესების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას, რისთვისაც ეს რეგულაციები მნიშვნელოვანია, თუმცა

მხოლოდ რეგულაციები და სასჯელები რეფორმის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი რეგულაციების ცალკეული ნორმები განსხვავებული გაგებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ამიტომ კომისიამაც და მაუწყებლებმაც ეს ნორმები უპირველესად ბავშვთა ინტერესების კონტექსტში უნდა წაიკითხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ - ბავშვთა ინტერესების დაცვით შეფუთული მედიის შეზღუდვა და რეპრესიები, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს. კომისიამ და დაინტერესებულმა საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შარშან დადგენილი სტანდარტები სწორედ ისეთ შემთხვევებში, როცა ნორმა ფართო და კონსტიტუციით დაცულია, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის რისკს შეიცავს.

ასეთ მაგალითს მოგიყვანთ - საქმეზე "ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ", სადაც მძინარაშვილი ამ უწყებას უჩიოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის ნორმატიული აქტი კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგოდ და ანტიკონსტიტუციურად ცნო. ამდენად, თუკი ახალი რეგულაციები წინააღმდეგობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ უახლოეს მომავალში ისინიც ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს.

- სხვადასხვა მაუწყებლის ხელმძღვანელობები შიშობენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ბევრნაირ ინტერპრეტაციას იძლევა; ამასთან, კანონიც ძალზე მკაცრად არის განსაზღვრული: გაფრთხილება, ჯარიმა, შემდეგ კი ლიცენზიის შეჩერება, რაც შესაძლოა ტელევიზიის დახურვითაც დასრულდეს. - დემოკრატიის პირობებშიც არსებობს ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ყველამ უნდა მივიღოთ, მთავარია, პოლიტიკურად არ იყოს მოტივირებული. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორია კანონის გამოყენების ან განმარტების პრაქტიკა.

ეს ნორმა რამდენიმე დღეა ამოქმედდა, თუმცა იმედია, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ეყოფა გონიერება და არ დაუპირისპირდება მეოთხე ხელისუფლებას, მით უფრო, რომ არსებობს პრეცედენტი, თუ როგორ დამარცხდა ის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმართულ ერთ-ერთ საქმეში.

იმედია, ეს რეგულაცია პრაქტიკაშიც შეასრულებს თავის მისიას და მედიის რეპრესიების იარაღად არ გადაიქცევა.

- რამდენად არსებობს ამის გარანტია? - არ არსებობს ამის გარანტია და ამიტომაც ვსაუბრობ საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც რაიმე გადამეტების შემთხვევაში მარეგულირებელს შეზღუდავს. მით უფრო, რომ ერთხელ უკვე წარმატებით გასაჩივრდა ნორმატიული აქტი. მართალია, ასეთ საქმეებს შესაძლოა ხანგრძლივი განხილვა დასჭირდეს, მაგრამ პირველივე შემთხვევაში შეიქმნება პრეცედენტი, რითYაც მარეგულირებელ კომისიას თავისი ფარგლები განესაზღვრება და ამით სხვებისთვისაც უკვე გზა გაკვალული იქნება.

"იქ, სადაც მედიას ჩარჩოებში აქცევენ, ამით საზოგადოებას ზღუდავენ და ეს ვერასდროს იქნება გამართლებული კანონის სახელით"

"ყველგან, სადაც მედიის გაკონტროლება შეძლეს, თავისუფალი მუშაობა შეუზღუდეს და ფილტრი დაადეს, ავტორიტარიზმი მიიღეს"

უკრაინელი ბლოგერი, უკრაინულ რადიოში სატირული შოუ А серйозно?-ს წამყვანი ბოგდან ბუტკევიჩი ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი მედიის გაკონტროლებას ემსახურება, ამიტომ დათმობა არ ღირს.

- მე არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას და დეტალებს ვერ განვიხილავ, თუმცა უკრაინა, საქართველო და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა შვილები მუდმივად ვდგავართ ასეთი საფრთხის წინაშე, რადგან მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობის მატარებლები ვართ.

კიდევ რამდენიმე თაობა უნდა შეიცვალოს, რომ ამა თუ იმ ხელისუფლებას მედიის გაკონტროლების სურვილი არ დაებადოს.

ერთი რამ მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში აღიარებული რეალობაა - იქ, სადაც ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად ზღუდავს მედიას, კანონით ებრძვის ან ცენზურის სახელით ავიწროებს, ებრძვის დემოკრატიას და შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას. ისიც ფაქტია, რომ მედიამ თავად უნდა გაფილტროს საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებული მუშაობის სპეციფიკა, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი დარღვევებია დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში, ქართველ საზოგადოებას კი საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური წარსული აქვს და არა მგონია, მაუწყებლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდეს. ასე რომ, იქ, სადაც მედიას ჩარჩოებში აქცევენ, ამით საზოგადოებას ზღუდავენ და ეს ვერასდროს იქნება გამართლებული კანონის სახელით.

ვფიქრობ, ქართულმა მედიამ თავის მაყურებელთან ერთად, რომელიც მას ენდობა, არ უნდა დაუშვას მის შიდა საქმეებში ჩარევა. კონტროლირებადი მედია ვერასდროს შექმნის ღირებულ პროდუქციას. ამის გამოცდილება უამრავ ქვეყანას აქვს - ყველგან, სადაც მედიის გაკონტროლება შეძლეს, თავისუფალი მუშაობა შეუზღუდეს და ფილტრი დაადეს, ავტორიტარიზმი მიიღეს.

არ ვიცი, რა მიზანი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რას ემსახურება მისი მედიაზე შეტევა, თუმცა ლოგიკურია, წინასაარჩევნოდ მას ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებთან თავისი ანგარიში ჰქონდეს და რაღაც ფორმით ცდილობს მის გაჩუმებას. როგორ უპასუხებს თავად მედია ამ გამოწვევას, ისევ და ისევ მასზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ლუკაშენკოს ბელარუსს, ყაზახეთსა და რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონებს. ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეეგუება, აუცილებლად იბრძოლებს და დაიცავს კიდეც თავის უფლებებს.

ეს ყველაფერი აზიანებს დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ერთ წრეზე სირბილს ჰგავს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას აფერხებს.