"31 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანის კი არა, არადანის გასაკეთებლად მიდის" - კვირის პალიტრა

"31 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანის კი არა, არადანის გასაკეთებლად მიდის"

"ნაციონალურ მოძრაობასა" და მის "დანაყოფებს" ჰგონიათ, ხელისუფლების სათავეში ისტორიული შემთხვევითობით კი არ აღმოჩნდნენ, დამსახურებულად მოვიდნენ. ეტყობა, შემთხვევით მოსვლა იმდენად ტკბილი და საბედისწეროა, ვეღარ ელევიან, ლამის ყველაფერზე მიდიან, მაგრამ არ გამოსდით დაბრუნება და ამ ფართხალში უფრო მეტ შეცდომას უშვებენ"

მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, საქართველო წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა. ბოლოდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე "კვირის პალიტრას" პოეტი დათო მაღრაძე ესაუბრა.

- მოსალოდნელზე უცნაური წინასაარჩევნო რეალობა გვაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა გააფთრებით ცდილობს თავისი ამომრჩევლის ხმის მოპოვებას. ამ მხრივ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს "პატრიოტთა ალიანსი", რომლის აფხაზეთში ვიზიტის მიზეზი ბოლომდე ვერ ამოვხსენი. აფხაზური მხარე აცხადებს, ეს პარტია მზად არის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროსო, რაც არა მგონია, დასაჯერებელი იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, ამ ძალამ ასეთი "თვითმკვლელობა" ჩაიდინოს. აფხაზეთში ჩასვლა რუსეთის გავლენის კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ჩვენი შერიგება, იქ შესვლა-არშესვლა... საბედნიეროდ, ჩვენ მარტო არა ვართ. გასათვალისწინებელია ჩვენი სტრატეგიული მეგობრის, ამერიკის პოზიციაც, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ეს რუსეთს ძალიანაც არ მოსწონს, მაგრამ ბევრ რამეს მხოლოდ ამერიკა წყვეტს. ამიტომ მასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. თუმცა ვფიქრობ, აფხაზებისა და ოსების ასეთი დაშორიშორება მხოლოდ რუსეთის ბრალი არ არის, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არაფერი გაგვიკეთებია, რომ მათთან კულტურული და ადამიანური ურთიერთობა არ გაგვეწყვიტა. სულ ცოტა ხნის წინ აფხაზმა და ოსმა, რომელთაგან ერთი სოხუმში ცხოვრობს, მეორე კი ცხინვალში, ჩემი წიგნი თარგმნეს. პრეზენტაცია იორდანიის დედაქალაქში გაიმართა. რუსებმა ღონისძიების ჩაშლა სცადეს, რასაც თავად რუსეთის ელჩი უძღვებოდა. გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ ქართველმა კულტურულმა საზოგადოებამ მთარგმნელები დააჯილდოვა, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ შეაფასა, არც შეიმჩნია, რაც სახელმწიფო უწყებების, თუნდაც პრეზიდენტის, პრემიერის აპარატის ან შერიგების სამინისტროს შეცდომაა. ასეთი შეუმჩნეველი ფაქტი უამრავი იქნება, ამიტომ შედეგსაც ვიმკით.

- ამომრჩევლის ხმებისთვის იბრძვიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალა და პერსონები, მაგალითად, კახა ოქრიაშვილი. 2012 წელს ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა, "ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი მას შეუერთდა. მათთან უთანხმოება პროპორციული სისტემის თაობაზე ჰქონდა, რის შემდეგაც ის მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაასახელეს, შედეგად, მან "ოცნება" დატოვა და ცალკე პარტია დააფუძნა. - ზოგჯერ ჰგონიათ, ერთი პარტიიდან მეორეში თუ გადავლენ და ისევ თუ დაბრუნდებიან, ამომრჩევლისთვის სიახლე იქნება, მაგრამ ასე არ არის, პოლიტიკოსმა თეთრი ხალათი რომ ჩაიცვას, მოსახლეობას ის ექიმი ვერ ეგონება.

საბედნიეროდ, ამა თუ იმ დროებით თუ მუდმივ პირებზე პოლიტიკური დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვხვდები, სწორედ ასეთების "დამსახურებაა", რომ ქართველი ხალხი არჩევნის კი არა, არადანის გასაკეთებლად მიდის - ანუ 31 ოქტომბერს არჩევნებზე რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად კი არ მიდის, ცდილობს ერთი ძალისთვის ხმის მიცემით მეორე, მისთვის მიუღებელი ძალა არ მოუშვას ქვეყნის სათავეში. ამას, ერთი მხრივ, დადებითი მხარეც აქვს - ამომრჩეველი რეალისტი გახდა და არჩევნის გაკეთება პრაგმატიზმსა და პათეტიკას შორის უწევს. ამდენი არჩევნებისა და პოლიტიკური ორომტრიალის მომსწრეა და გაიზარდა, პოლიტიკური კულტურის სხვა საფეხურზე ავიდა. შესაბამისად, ახლა შეცდომის დაშვების, ემოციებზე აყოლისა და მითების დაჯერების საფრთხე არ არსებობს, რადგან უამრავმა პოლიტიკურმა ქარტეხილმა ჩვენს მოსახლეობას მარჯვნივაც ჩაუარა და მარცხნივაც. ამის დასტურია ის, რომ პოლიტიკურ ბელადებს ძველებური მხარდაჭერა აღარ აქვთ, ხალხიც აღარ არის ისეთი აჟიტირებული, რომ ესა თუ ის პირი, მთლიანად თუ არა, ნახევრად მითოლოგიური გახადონ, როგორც ადრე გვჩვეოდა, შავ სიებსაც არავინ ადგენს და შეძლებულებიც აღარ სძულთ.

- პოლიტიკოსებიც თუ გაიზარდნენ? - არა, და ამას ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - დამოუკიდებელი საქართველოდან მოყოლებული, პოლიტიკა უპროფესიო ადამიანების თავშეყრის ადგილად ჩამოყალიბდა და ამან თავისი კვალი დაგვატყო.

თუმცა ბოლო დროს საზეიმო გამომეტყველებითა და ილუზიებით ხალხის გამოკვება გუშინდელ დღედ დარჩა. ამომრჩეველი ხვდება, რომ პოლიტიკოსი თავის საქმეს იკეთებს, მას კი ოჯახის სარჩენად ყოველდღიური შრომა უწევს და პოპულისტურ განცხადებებს ამოფარებული გუნდის არ სჯერა. ზოგს ხელისუფლებაში მოსვლა, ზოგს კი მეტხანს დარჩენა აუხდენელ ოცნებად დარჩა. "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის "დანაყოფებს" ჰგონიათ, ხელისუფლების სათავეში ისტორიული შემთხვევითობით კი არ აღმოჩნდნენ, დამსახურებულად მოვიდნენ. ეტყობა, შემთხვევით მოსვლა იმდენად ტკბილი და საბედისწეროა, ვეღარ ელევიან, ლამის ყველაფერზე მიდიან, მაგრამ არ გამოსდით დაბრუნება და ამ ფართხალში უფრო მეტ შეცდომას უშვებენ.

თავიდან მეც ვფიქრობდი, ვინაიდან ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი იყო - საზოგადოებრივი და პოლიტიკური რესურსი თუ იქნებოდა, მესამე ძალაც უნდა გამოკვეთილიყო, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა - მესამე ძალის გამოჩენა მთლიანად გამოირიცხა და მეორეც გაქრა. დარჩნენ სახელისუფლებო გუნდი და ოპოზიცია, რომელიც ერთ დროს პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიდა, თუმცა თავისი ქმედებების, ძალზე დაბალი კულტურის გამო ყოველდღიურად კარგავს ამომრჩეველს.

- ყოველი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას გვპირდება. მისი მხარდამჭერების ნაწილის აზრით, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია პოლიტიკური ცვლილებები... - ვიღაცები ფიქრობენ, რომ მის ჩამოსვლას შესაძლოა სხვადასხვა პროცესი მოჰყვეს, თუნდაც მისი დაკავების შემთხვევაში არეულობა, მაგრამ ეს ბლეფია -

სააკაშვილს ვერასდროს ეყოფა სიმამაცე, საკუთარი თავისუფლების ფასად ვა-ბანკზე წავიდეს. არ არის თავისი გუნდისა და თუნდაც პრინციპებისთვის ამგვარად თავგანწირული ფიგურა.

მისი იმედი რომ აქვთ, ამიტომაც არის ეს გუნდი არაადეკვატური. დღემდე მითოლოგიურ სამყაროში ცხოვრობენ გამოგონილი გმირით, რომელსაც ყველაფრის გაკეთება, ფერფლიდან აღდგენა შეუძლია. ასეთი ქმედებებითა და არაადეკვატური განცხადებებით თანდათან ნდობაც დაკარგეს და მომხრეებიც, დარჩენილები კი იმდენი არ არიან, თუნდაც თავიანთი ლიდერის თავგანწირული ნაბიჯის შემდეგ, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვება, არეულობა მოაწყონ, რადგან ის ნდობა, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობაში მოიპოვეს, ბოლო დროს ხუხულასავით ჩამოექცათ თავზე. გარდა ამისა, მოსახლეობა არეულობისთვის არ არის განწყობილი, პირიქით, მშვიდობიანი განვითარება სურს. ასე რომ, სააკაშვილის ეს ქადილიც ისეთივე ფუჭია, როგორიც სხვა.

თუკი მის მხარდამჭერებს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვთ, ცრუდაპირებებით კი არა, თანამიმდევრული და მყარი ნაბიჯებით უნდა მიიწევდნენ წინ, მით უფრო, რომ რეიტინგშერყეულმა ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში კარგად იმუშავა. ამ პატარა ქვეყანამ ვირუსის პირველი ტალღა ბევრად რბილად გადაიარა, ვიდრე სხვა სახელმწიფოებმა, თანაც მაშინ, როდესაც დიდი რუსეთი ყველა მხრიდან ებრძვის თავისი ბინძური პროპაგანდით, ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევებითა და სხვა საშინელი მეთოდებით.

უამრავი შეცდომის მიუხედავად, ხელისუფლებას ერთი პლუსი აქვს - მითოლოგიურ პერსონაჟს არ თამაშობს. მათი საქმეა კრიტიკული სიტუაციის გაანალიზება და სწრაფი ქმედება, დანარჩენი ლირიკაა და ლექსებს მე დავწერ.

- მსოფლიო პანდემიის გამო რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. მათ შორის არის ენ-დი-აი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მმართველ გუნდს ან სულაც მის ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს არჩევნების ობიექტურად ჩატარებასა და მის შედეგებზე სპეკულირების შესაძლებლობას მისცემს? - რაც თავი მახსოვს, ენ-დი-აის კვლევებსა და პროგნოზებში ცდომილება არასდროს აწუხებს და, ალბათ, პანდემიამ შეაწუხა. ხელისუფლებამ არაერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს თავისუფალი საზოგადოება დაუპირისპირდა, ზოგმა მათგანმა ითანამშრომლა მასთან, ზოგმა მხარი დაუჭირა, ზოგმაც ვითომ მისი "სიკეთეები" დაინახა, თავისი მლიქვნელობა, უზნეობა და ანგარება რომ გაემართლებინა, შემდეგ კი პროცესებს დაასწრეს და სრულიად ურცხვად შევიდნენ "ოცნებაში". 2012 წელს თავისუფალი საზოგადოების მხარდაჭერით მათ გაიმარჯვეს, რის შემდეგაც ძალიან მალე ამ საზოგადოების წაყრუება დაიწყეს, რადგან სიმართლის მოსმენა და შეცდომების დანახვა ძნელია. ამასთან, "ნაციონალებისა" და მათი მხარდამჭერების დოზირებულად შენარჩუნება სცადეს, რათა საზოგადოებასა და "ნაცებს" მტყუან-მართალი ერთმანეთში გაერკვიათ, "ოცნება" კი მათზე მაღლა ყოფილიყო და პროცესები მშვიდად ემართა...

მაგრამ ასე არ მოხდა, მას მართვის სადავეები ხელიდან გაექცა. ამის დასტური იყო, რომ ერთი არჩევნები ლამის წააგო. მაშინ მთლიანად გაშიშვლდნენ - არც პრეზიდენტის რეიტინგი აღმოჩნდა საკმარისი და აღარც პრემიერის. ეს იმიტომ დაემართათ, რომ თავისუფალ საზოგადოებასთან პირდაპირი ურთიერთობა ადვილი არ არის. საქართველო არ არის იმ ტიპის ქვეყანა, რომლის მართვაც იოლი იქნება.

ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და არც იმას ვაპატიებთ ვინმეს, რომ გადაგვიწყვიტოს, როგორ ვიცხოვროთ. ბევრი რამ გვაქვს გადატანილი და სხვა მოთხოვნები გვაქვს, თუნდაც ის, რომ ხელისუფლებამ ჩვენთან თანაცხოვრების კულტურა ისწავლოს. რაც თავი მახსოვს, ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა და ყველამ ცუდად დაამთავრა.

"ოცნებას" სულ დაავიწყდა, რომ ხელისუფლებაში საზოგადოების დამსახურებით მოვიდა, მისი პატივისცემა დაკარგა და აგრძნობინა, რომ მისი აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს. შემდეგ თანდათან დააბალანსეს ქმედებები, ოღონდ ნდობა უკვე შერყეულია და თუ მოიგეს, იმიტომ კი არა, ხალხს სახელისუფლებო გუნდის სჯერა, უბრალოდ, უკეთესი ალტერნატივა ჯერ არ ჩანს, მესამე ძალა ვერც "მომწიფდა". ასეთი დამოკიდებულება კი ქვეყნის განვითარებას აფერხებს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სხვა ოპოზიციური ძალა არ აღმოცენდება.

ბევრი რამ გლობალურ პროცესებზეც არის დამოკიდებული. პოლიტიკური ტენდენციები, რომელთაც ამა თუ იმ საზოგადოებაში გარდატეხა შეაქვთ, დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოებში ყალიბდება. როგორც ქრისტიანობა ჯვარცმის გარეშე არ არსებობს, ისე ვერ იარსებებდა ამერიკა დამფუძნებელი მამებისა და თავისუფლების დეკლარაციის გარეშე. კი ამბობენ, პრორუსული ძლიერდება და პროდასავლური განწყობა სუსტდებაო, მაგრამ იმედია, ეს დროებითია და საქართველო, როგორც სახელმწიფო, გადარჩება.