"ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში" - კვირის პალიტრა

"ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში"

"ჩვენი ახირება არ არის, რომ ივანიშვილი უნდა შეიცვალოს და ძველი ხელისუფლება არ უნდა დაბრუნდეს. ეს ეპოქალური ლოგიკის მოთხოვნაა"

"ამ ქვეყანას აქვს სხვა მომავალი და ეს მომავალი არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ვინმე კონკრეტული ადამიანის ხუშტურებთან, სურვილებთან, დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან", - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. რა რესურსი აქვს "ლელოს" საიმისოდ, რომ ქვეყანა არსებულ და ყოფილ ლიდერებს არ ჩააბაროს და საქართველოს მომავალი თავად განსაზღვროს, როგორია მისი საარჩევნო დღის წესრიგი და როგორი იქნება მისი ჩრდილოვანი კაბინეტი, რომლის წარდგენასაც ერთ თვეში აპირებენ, ამის შესახებ დავით უსუფაშვილი გვესაუბრება.

- "ლელო საქართველოსთვის" ქვეყანას ახალ მომავალს სთავაზობს და არა არსებულის შენარჩუნებას ან ძველის დაბრუნებას. დღეს ქვეყანა მტრობასა და ერთმანეთის არმოსმენის ჩაძირვაშია ჩართული. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის კონსოლიდაცია, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ. ეს არის ხალხის მოთხოვნა და დაკვეთა. ჩვენი ახირება არ არის, რომ ივანიშვილი უნდა შეიცვალოს და ძველი ხელისუფლება არ უნდა დაბრუნდეს. ეს ეპოქალური ლოგიკის მოთხოვნაა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსახლეობას დავანახოთ, რომ "ლელო" საუკეთესო ალტერნატივა, საუკეთესო ძალაა ამ მიზნის მისაღწევად.

- რას იტყვით, პოლიტიკურ ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, იმისდა მიუხედავად, "ლელოში" ბევრი გამოცდილი და ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსია, ეს გუნდი მესამე ცენტრისტულ ძალად ვერ ჩამოყალიბდა? - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ექსპერტებისა და ჟურნალისტების აზრი, მაგრამ ორივე ძალიან პატივსაცემი სფეროს წარმომადგენლები მოგვიტევებენ, თუ ვიტყვით, რომ გაცილებით საინტერესოა ამომრჩევლის მოსაზრება ამის თაობაზე, რაც არჩევნების დღეს გაირკვევა. ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, რომ 24 საათს ვიმუშაოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. გვაქვს ერთმანეთის იმედი, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო გუნდი შევიკრიბეთ. ჩვენი გუნდის წევრების უმეტესობა ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში, მათ ახალი მიდგომები და ხედვები შემოაქვთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. ანგარიშგასაწევი რესურსი ჩვენი მხარდამჭერები არიან, რომელთა რაოდენობამ უკვე 70 000-ს მიაღწია. ესენი არიან ისინი, ვინც "ლელოს" მხარდამჭერებად ოფიციალურად ფიქსირდება და პასუხისმგებლობას იღებენ, რომ სხვებსაც დაელაპარაკებიან ამ თემაზე. ჩვენი რესურსია ჩვენი სიმართლე და გამჭვირვალობა. "ლელო" შექმნის დღიდან ადგას კონკრეტულ ხაზს, მას არ უღალატია თავისი სიტყვისთვის. ოპოზიციასთან რა საკითხებშიც მართებულად მიგვაჩნდა თანამშრომლობა, ვითანამშრომლეთ, რაშიც არ მიგვაჩნდა, არ ვითანამშრომლეთ და არც მომავალში ვითანამშრომლებთ. ჩვენი რესურსია პროგრამა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. ჩვენი გეგმური ამოცანაა და არა სურვილების ერთობლიობა, რომ საქართველოში 10-ჯერ გაიზარდოს ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა. ამას სჭირდება კონკრეტული მეგაპროექტების განხორციელება, საფონდო ბირჟა ქუთაისში, ანაკლია, ღვინის დედაქალაქი თელავში თუ უამრავი სხვა, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა შევძლოთ მოსახლეობის ფინანსურად გაძლიერება. საქართველოში დღეს სულ 60 000 კაცს აქვს 3.000 ლარზე მეტი შემოსავალი. ჩვენი გეგმით, ეს რიცხვი 600 000-ით უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ ათჯერ მეტ ოჯახში გაჩნდება 3.000 ლარის შემტანი წევრი. ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში.

- მიუხედავად თქვენი არაერთი განმარტებისა, კონკურენტები და ექსპერტთა ერთი ნაწილიც თქვენი გუნდის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს "თიბისი ბანკის" საშუალებით ხალხის გაძარცვაში დღემდე ადანაშაულებენ და ამას ყოველთვის შეგახსენებენ, როდესაც იტყვით, რომ მართლები ხართ საზოგადოების წინაშე. ცოტა ხნის წინ თქვენს ერთ-ერთ რეგიონულ ოფისთან ამ თემასთან დაკავშირებული აქციაც გაიმართა. - ეს არის უსინდისო ოპონენტების უსინდისო შეფასება. ბევრი სარგებლობს მოქალაქეების გაჭირვებით და მიუთითებს, თითქოს ბანკია დამნაშავე, რომ მოქალაქეს ის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბანკს ფულის სასესხებლად მიაკითხა. რატომ მივიდა ადამიანი ბანკში? იმიტომ, რომ უმუშევარი იყო. ეს ხალხი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი არა, ხელისუფლებამ დატოვა უმუშევარი.

მე, როგორც მათი პარტნიორი, დაინტერესებული ვარ, ზუსტად ვიცოდე, მართლა ხომ არ ჩაიდინა ამ ხალხმა რაიმე უკანონობა, რამე კონკრეტული ხელშეკრულება ან კანონი ხომ არ დაარღვია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, თუ ასეთ რამეს ვინმე მომაწვდის, საქმეს თავად შევისწავლი და თუ ასეთი რამ აღმოვაჩინე, უპირველესად მე ვიტყვი.

პოლიტიკურ ოპონენტებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარგებლობენ ჩვენი ღარიბი მოსახლეობის გაჭირვებით და მიუთითებენ იმ დაწესებულებაზე, რომელსაც დასახმარებლად თავად მიაკითხეს. ეს არის იმ პოლიტიკური ჯგუფების პროპაგანდისტული ხრიკი, რომლებმაც გაჭირვებაში თავად ჩააგდეს ხალხი.

- ცოტა ხნის წინ თქვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს სცემეს. გაარკვიეთ, რა მიზეზით? - დღისით, მზისით, დიდუბის ორგანიზაციის აქტიურ წევრს თავს დაესხნენ. პასუხს სთხოვდნენ, რატომ ხარ "ლელოს" წევრიო. მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას - ასეთ ძალადობას ვერავინ გაბედავს, თუ მას ვიღაც არ მფარველობს. ეს იყო გამიზნული პოლიტიკური ვანდალიზმის აქტი. როდესაც ასეთი რამ ხდება, ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ 24 საათში მიაგნოს მოძალადეებს. ყველას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ასეთი თავდასხმები არ შეგვაშინებს.

- რას ფიქრობთ, როგორ აპირებთ კოალიციურ მთავრობაში ყოფნას? - ყველას მოუწევს საუბარი "ლელოსთან" მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის შექმნაში გადამწყვეტი სიტყვა ჩვენ უნდა ვთქვათ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ჩრდილოვან კაბინეტს სექტემბრის ბოლოს წარმოადგენთ, სადაც მინისტრობის კანდიდატები მხოლოდ თქვენი გუნდიდან არ იქნებიან დასახელებული. ვინ შეიძლება ვიხილოთ მათ შორის და ასევე საინტერესოა, თქვენ რა პოზიციაზე გიხილავთ? - ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, რომლის ლიდერია მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს ბევრი თანალიდერიც. ამიტომ არავის გვაქვს განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებამოსილება ან პასუხისმგებლობა და სწორედ ასეთ გუნდად წარმოგვიდგენია თავი პარლამენტსა და მთავრობაში. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მთავრობა, ბევრი მცოდნე ადამიანი ბევრ სხვადასხვა ფლანგზე. მე მზად ვარ ერთ-ერთი ასეთი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად.

ხათუნა ბახტურიძე