"ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დრო წავიდა და ამ არჩევნებზე მათი წასვლა ხალხმა უნდა გააფორმოს" - კვირის პალიტრა

"ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დრო წავიდა და ამ არჩევნებზე მათი წასვლა ხალხმა უნდა გააფორმოს"

"რუსეთი შესაძლოა ისე ჩაერიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს"

"საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იცოდეს, რამდენადაა დაცული საარჩევნო სისტემა კიბერჩარევისგან და ემუქრება თუ არა ამ მხრივ რაიმე 31 ოქტომბრის არჩევნებს", - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" ლიდერმა და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა. კიდევ რა ფორმით შეიძლება ჩაერიოს რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ კრემლისგან, თუ ხელისუფლებაში მისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალა მოვა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ლევან ბოძაშვილი გვესაუბრება.

- რუსეთი საქართველოში ძალიან გააქტიურდა. თუ ადრე პრორუსული ძალები სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფს შორის შუღლის გამწვავების პროვოცირებით იყვნენ დაკავებული, ახლა საარჩევნო გარემოს პოლარიზებას ცდილობენ. რუსეთი შესაძლოა ისე ჩაერიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს.

არაერთ კიბერშეტევასთან ერთად, ამერიკის ელჩ კელი დეგნანის არაერთი გაფრთხილებაც საკმარისი საფუძველია, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს საქართველოს არჩევნებში ჩარევას. კიბერშეტევების გარდა ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიები, მცირე გამონაკლისის გარდა, ერთმანეთს პირადი და ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ეკინკლავებიან. დღემდე ქვეყნის განვითარების ხედვა ვერავინ წარმოადგინა.

- ამას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამბობს. - კი, მაგრამ ისინი დიდი ხანია პოლიტიკაში არიან, მე ახლა გამოვჩნდი ასპარეზზე. მე არ ვაპირებ საარჩევნო კამპანიის წარმართვას იმ თვალსაზრისით, რომ სხვის არ და ვერგაკეთებულ საქმეებზე გავაკეთო აქცენტი.

- თქვენი პარტია რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებს და ვისთან გამორიცხავს თანამშრომლობას? - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთისგან ვერც ვასხვავებთ. ერთს ხელისუფლებაში დარჩენა უნდა, მეორეს - მოსვლა. დამთავრდა მაგათი დრო. ყველა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეგმებზე ლაპარაკობს, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს იმ შიდა და გარე ფაქტორებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის. თუ ეს ფაქტორები არ განეიტრალდა, უსაგნოა სხვა ყველაფერზე საუბარი.

მოსახლეობა სახელმწიფოსა და ფინანსურ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ჩვენი პროგრამით, დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ბანკებზე არსებითად მცირდება, ხალხს დაეზოგება ფული და გაუჩნდება არათუ დანაზოგი, არამედ კაპიტალიც. ყოველწლიურად დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი შესაძლებელია დარჩეს მოსახლეობაში, ახლა კი სახელმწიფო და საბანკო პარაზიტიზმი ამ ფულს ჯიბიდან გვაცლის.

პრაქტიკულად, სახელმწიფო პარაზიტია, რომელიც მოქალაქეების ჯიბეში ზის და იქიდან იხდის ფულს საკუთარი დაფინანსებისთვის. ბიუროკრატიული აპარატი იმდენად გადაჭარბებულად ფინანსდება, რომ წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება.

ტყუილია ხელფასებისა და პენსიების მომატებაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც შიდა და გარე ფაქტორები რეალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

- კონკრეტულად, რა ფაქტორები უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას? - ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც პროგრამის დარჩენილ ნაწილს წარვადგენთ. ეს ეხება სასამართლოს, ბიუროკრატიულ აპარატს, ბანკებისა და სახელმწიფოს მონოპოლიას, საერთაშორისო კრედიტებს, პარაზიტულ სახელმწიფო პრიორიტეტებს, დამოკიდებულებას საერთაშორისო და შიდაფინანსურ ინსტიტუტებზე და სხვა. ეს არის პროგრამა, რომელიც მთლიანად ცვლის სახელმწიფოს სტერეოტიპულ აღქმას. დეცენტრალიზაცია გულისხმობს, რომ მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სახელმწიფოს, მესიის ან ვინმე მინისტრის მოლოდინის იმედად ყოფნა. ეს არის პროგრამა, რომელიც ხალხს სახელმწიფოს დაუბრუნებს.

- პოლიტიკური ექსპერტები ჯერ კიდევ ორი თვის წინ ამბობდნენ, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება შექმნიდა სატელიტ პარტიებს და ასე შეეცდებოდა თავისი დღის წესრიგის გატარებას საარჩევნოდ. თქვენ როგორ დაამტკიცებთ, რომ არა ხართ სატელიტი პარტია? - ჯერ ერთი, ჩვენ რატომ უნდა ვამტკიცოთ? თუ ვინმე ერთ ან მეორე ბანაკთან ასოცირებას დაგვაბრალებს, იმან ამტკიცოს. ერთხელ ვიტყვი და დავასრულებ ამ საკითხზე საუბარს - "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დრო წავიდა და ამ არჩევნებზე მათი წასვლა ხალხმა უნდა გააფორმოს.

- ამბობთ, რომ რუსეთი კიბერშეტევების გარდა, სხვა ფორმითაც შეეცდება არჩევნებში ჩარევას. ეს არც არის რთული, როდესაც ქვეყანაში მეხუთე კოლონა გვყავს, რომლის ამოცნობა არც ისე იოლია. - ნებისმიერი პარტია, რომელსაც ანტიეროვნული სახელმწიფო პროგრამა აქვს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს არის ზოგადი შეფასება. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ შეფასებას - პირდაპირი დარტყმა თურქეთზე, რომელიც ჩვენი მოკავშირე და ნატოს წევრია, ვის შეიძლება აწყობდეს, თუ არა რუსეთს? აშკარაა, როგორ ცდილობს შუღლის გაღვივებას. ვინც დადის რუსეთში და არაოფიციალური ხერხებით დაფინანსების მიღებას ცდილობს, მერე აქ ჩამოდის და ხალხს ატყუებს, რომ თურმე რუსეთი ჩვენი მოკავშირეა, ის თავად არის რუსეთის მოკავშირე.

- თქვენ "პატრიოტთა ალიანსს" გულისხმობთ, თუმცა ეს პოლიტიკური ძალა აშკარად გამოხატული პრორუსული ორიენტაციისაა. ფიქრობთ, რომ რუსეთი ასეთ მარტივ პარტიას თამაშობს? - კრემლი სხვა საშუალებებსაც იყენებს. მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელიც ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია. ამ პროპაგანდის შედეგები სულ მალე კარგად გამოჩნდება. დღეს უკვე არჩევნების გაყალბება კი აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ პროპაგანდის საშუალებით ადამიანების აზრის ფორმირება არჩევნებამდე ბევრად ადრე. საამისოდ ჩვენთან რუსეთისთვის უკვე შექმნილია ნოყიერი ნიადაგი, რადგან მის პროპაგანდას სახელმწიფოებრივად არ ვებრძვით. ნახეთ, პროპაგანდის მთავარი არსი რაში მდგომარეობს, თურმე რუსეთთან შეიძლება მოლაპარაკება. ეს არის ცდა იმისა, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობა პრორუსული ძალების სასარგებლოდ შეიცვალოს.

- იმ პოლიტიკურ ძალებში თუ ხედავთ მეხუთე კოლონის არსებობის ნიშნებს, რომლებსაც პროდასავლური კურსი აქვთ დეკლარირებული? - პროდასავლური ხარ მაშინ, როდესაც დასავლურ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაქვს, როდესაც მოსახლეობაში მათდამი კეთილგანწყობას ქმნი. პოლიტიკური პარტია, რომელსაც გადაჭარბებული ულტრალიბერალური მოსაზრებები აქვს და ცდილობს თავისი შეხედულებები იმაზე მეტი მონდომებით დანერგოს ქვეყანაში, ვიდრე დასავლეთი ითხოვს ქართველებისგან, აღვივებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ხელს უწყობს რუსეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააკეთოს ორი მნიშვნელოვანი რამ. ეს არის: 1. ამერიკასთან ისრაელის ტიპის სტრატეგიული ხელშეკრულების დადება უმაღლესი სამოკავშირეო სტატუსის მისაღებად. საამისოდ ყველა საფუძველი გვაქვს ვაშინგტონიდან და 2. ამერიკის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე აქტიური მუშაობის დაწყება. რომელი პოლიტიკური ძალაც ამას არ დაეთანხმება, ის აშკარად პრორუსულია.

ქვეყანა დღეს ასეთ რთულ ვითარებაში იმიტომ არის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები არათუ ანეიტრალებენ განვითარებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, არამედ ხელს უწყობენ ბრიყვული პოლიტიკით.

ხათუნა ბახტურიძე