"სააკაშვილი ხვდება, რომ საქართველოში არეულობის "პერსპექტივა" არა აქვს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ხვდება, რომ საქართველოში არეულობის "პერსპექტივა" არა აქვს"

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად აღიქვა: ნაწილის თქმით, თუ მას დააკავებენ, შესაძლოა ამას ქვეყანაში არეულობა მოჰყვეს. რამდენად რეალურია მისი ჩამოსვლა და რა სცენარით განვითარდება პროცესები, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრა.

- თითქმის ორი თვეა არჩევნებამდე და ვხედავთ, ბოლო დროს როგორი ქვედინებებია პოლიტიკურ ორგანიზაციებში. არ გამკვირვებია კახა ოქრიაშვილის გადაბარგება, რადგან ის არ იყო იმ რანგის "მეოცნებე", რომლისგანაც ეს გასაკვირი იქნებოდა. "ოცნების" უფრო ერთგული წევრებიც დაუპირისპირდნენ გუნდს. უკვე არის იმის წინა პირობა, რომ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები შევლენ და როგორ შეეწყობიან ერთმანეთს, საკითხავია.

- მოსალოდნელია ოპოზიციის გაძლიერება წინასაარჩევნოდ? - გაძლიერებას სხვა რამ სჭირდება: გეგმები, სტრატეგიები, სწორად განლაგებული ავტორიტეტული კადრები...

- რეალურია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა? - ასეთ გმირულ საქციელს მისგან არ ველი. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მას მხარდამჭერებმა კარგი სამსახური გაუწიეს, აქ კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ამიტომ მოსალოდნელია, მომხრეების გარდა, მოწინააღმდეგეებიც დახვდნენ, რაც მას უამრავ სირთულეს შეუქმნის. ამასთან, რაც უნდა ბოდიშები იხადოს, ხვდება, რომ საქართველოში არეულობის "პერსპექტივა" არა აქვს. ვერ სარგებლობს ისეთი მხარდაჭერით, რომ მოსახლეობა მის გამო ყველაფერზე წავიდეს. ხალხს განვითარება სჭირდება და არა უკან დაბრუნება. ბევრი რამის მიუხედავად, სააკაშვილი ბრმა არ არის და ხშირად არაადეკვატური ქმედებების მიუხედავად, აცნობიერებს, რომ საქართველოში არ არის რეალობა, რაც მან წლების წინ დატოვა. ასე რომ, თავგანწირული ლიდერის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

როგორც კი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ და ყველაფერი მცირედი საპროტესტო აქციებით ამოიწურება.

ყოველი არჩევნების წინ ასეთი განცხადება, ჩამოვდივარო, ასულდგმულებს მის მხარდამჭერებს. ამიტომაც არის, რომ ყველა არჩევნებში მისი პარტია ხმათა რაოდენობის 12-დან 15%-მდე იღებს. ტყუილი დაპირებების მიუხედავად, წლებია "ნაციონალური მოძრაობა" სტაბილურ ამომრჩეველს ინარჩუნებს. მისი გუნდი სააკაშვილის პერსონით კარგად სარგებლობს და ზარალდება კიდეც. ეს იმით აიხსნება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლასიკური გაგებით ქარიზმატული ლიდერია, ასეთი ფიგურის მხარდამჭერებს კი ერთგულება სDჩვევიათ - ერთი ნაწილი ისევ დგას მის გვერდით, ურჩევნია, მოისმინოს ტყუილი, ოღონდ კი ლიდერი ისეთივე დარჩეს, როგორიც ადრე იყო. თუ დავაკვირდებით, მისი პარტიის დანაყოფები, "ევროპული საქართველო" და "გირჩი", რომელთაც მისი სახელი არ "ახლავს", ბევრად დაბალრეიტინგული არიან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კურსით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ეს ნიშნავს, რომ საქმე სააკაშვილის სახელშია და არა მუშაობის მეთოდებში.