"სხვა პარტიები ცვლილებებზე სადღეგრძელოების დონეზე ლაპარაკობენ, ჩვენ კი ამომრჩეველს რეალურ ხედვებს ვთავაზობთ" - კვირის პალიტრა

"სხვა პარტიები ცვლილებებზე სადღეგრძელოების დონეზე ლაპარაკობენ, ჩვენ კი ამომრჩეველს რეალურ ხედვებს ვთავაზობთ"

ფოთში, ხობსა და სენაკში "ევროპული საქართველოს" კანდიდატს გიგა ბოკერიას კონკურენციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გაუწევს. შეექმნება თუ არა სამეგრელოში "ევროპულ საქართველოს" პრობლემები და რატომ არიან გამარჯვებაში დარწმუნებული, "კვირის პალიტრა" პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

- საზოგადოებას ძალიან სჭირდება ცვლილებები. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ისეთი ხედვები შევთავაზოთ, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს - სასამართლო სისტემის რეფორმირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და გადასახადების შემცირებას. ხალხს უსაფრთხოების განცდა არა აქვს და ესეც მოსაგვარებელია.

- რას ფიქრობთ ფოთში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად მურთაზ ზოდელავას წარდგენაზე, გაუწევს თუ არა ბოკერია მას კონკურენციას? - გიგა ბოკერია კარგად იცნობს ქვეყნის პრობლემებს, იცის, როგორ აღმოფხვრას და სწორედ ამაზე ესაუბრება ფოთელ, ხობელ და სენაკელ ამომრჩეველს. ეს არის მთავარი და არა ის, რომ მისი კონკურენტი ზოდელავა თუ ვინმე სხვა იქნება.""ევროპულ საქართველოს" არც ერთ ოლქში არ შეექმნება პრობლემები.

ჩვენი კანდიდატები ყველგან მთავარი ძალები არიან, იბრძოლებენ გამარჯვებისთვის ან მეორე ტურებისთვის.

- "ევროპული საქართველო" პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას კატეგორიულად გამორიცხავს. თქვენი აზრით, ამას იმ ამომრჩევლის უგულებელყოფა არ მოჰყვება, რომელიც 31 ოქტომბერს 41-ე ნომერს შემოხაზავს? - "ოცნებას" ჰყავს ამომრჩეველი, ოღონდ არა მგონია, ბევრი იყოს. ვფიქრობ, მმართველი ძალა ხმათა 50%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს. მოსახლეობის 70-80% ცვლილებებს ითხოვს, "ოცნება" კი არაფერს სთავაზობს. ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ამიტომ შეუძლებლად მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვოს. სხვა პარტიები ცვლილებებზე სადღეგრძელოების დონეზე ლაპარაკობენ, ჩვენ კი ამომრჩეველს რეალურ ხედვებს ვთავაზობთ.

- მაშ, ვისთან შექმნით კოალიციას? - იმ პროდასავლურ ძალებთან, რომლებიც ჩვენს პროგრამას მხარს დაუჭერენ. დარწმუნებული ვარ, კოალიციური მთავრობა გვეყოლება, ერთპარტიული მმართველობა დასრულდება.

- ზოგიერთმა პარტიამ პრემიერობის კანდიდატი უკვე დაასახელა. რას აპირებს "ევროპული საქართველო"? - წინასაარჩევნოდ ამაზე დისკუსია არაჯანსაღია. ვისაც ვინ სურს, ის უნდა დაასახელოს. არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ესა თუ ის პარტია სხვა პარტიის კანდიდატს დაუჭერს მხარს.

- კულუარებში "ევროპული საქართველოს" პრემიერობის კანდიდატად გიგა ბოკერიას ასახელებენ. - ჩვენ არ გამოგვიცხადებია პრემიერობის კანდიდატი. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავს, ჩვენთან ბევრი ისეთი ლიდერია, რომლებიც შეიძლება პრემიერობის კანდიდატად დავასახელოთ. ვფიქრობ, ამაზე მსჯელობა ნაადრევია. ახლა ხალხს აინტერესებს, რას გაუკეთებს პარტია გამარჯვების მერე.