"ხელისუფლება საარჩევნო კამპანიით ოპოზიციას დიდი ნაბიჯებით უსწრებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება საარჩევნო კამპანიით ოპოზიციას დიდი ნაბიჯებით უსწრებს"

რა მოხდება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც არჩევნებს უპრეცედენტოდ ცოტა დამკვირვებელი დაესწრება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თუმცა გაურკვეველია, რა ფორმატს შეიძენს "ძალა ერთობაშია" პლუს "ნაციონალური მოძრაობა". მით უმეტეს, ვნახეთ, რომ ამ კოალიციას ჩოჩელი და ოქრიაშვილი შეუერთდნენ. "ქართულ ოცნებას" რეგიონებში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია აქვს, მთავარ ოპოზიციურ ძალას კი მაჟორიტარული კანდიდატების დასახელება არ დაუსრულებია. შეიძლება ითქვას, ხელისუფლება საარჩევნო კამპანიით ოპოზიციას დიდი ნაბიჯებით უსწრებს.

უახლოეს ორ კვირაში შესაძლებელი იქნება ვითარების უფრო სწორად გაანალიზება, თუმცა პროგნოზად შეიძლება ითქვას, რომ არ ველოდები დიდ დაძაბულობასა და ინციდენტებს, რადგან ხალხს სოციალურის გარდა, პანდემიური მდგომარეობაც აწუხებს. გარდა ამისა, ოპოზიციური ფლანგი ვერ ჩამოყალიბდა და ვერც ერთიანობა მოახერხა.

ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი და შეიძლება არც წავიდეს არჩევნებზე. პარტიებს შორის სწორედ მოყოყმანე ამომრჩეველზე მიდის ბრძოლა, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს. ეს იგივეა, თქვა, ივანიშვილის ჩამოშორება სააკაშვილის გარეშე არ გამოვაო, მაგრამ საკითხავია, მისი სააკაშვილით ჩანაცვლება რას მოგვიტანს?!

ივანიშვილის ჩამოშორებას მაშინ აქვს აზრი, თუ უკეთესი ხელისუფლება მოვა. ამიტომ, როდესაც საზოგადოებაში არ არის მკაფიო აზრი, ოღონდ ეს პარტია არ იყოს ხელისუფლებაში და ვინც გინდა, ის მოვიდესო, წინასაარჩევნო ექსცესებს აზრი არა აქვს.

- ანუ დაქსაქსული ოპოზიცია "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს? - დაქსაქსულობა იმდენად არაა დიდი პრობლემა, რამდენადაც ის, რომ არ ჩანს არც ახალი იდეა და არც ლიდერი, რომელიც ამ სპექტრს გააერთიანებს როგორც 2012 წელს. მაშინ ხალხი ფიქრობდა, რომ თუ ივანიშვილი მოვიდოდა, პრობლემებს ბოლო მოეღებოდა. ამიტომ დღევანდელი არჩევნები ახალი ლიდერის ძიება უფროა, ვიდრე ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ახალ ლიდერს ეძებენ როგორც მესამე სექტორის ამომრჩევლები, ისე ჩვენი მეგობრები თუ მტრები ქვეყანაში და მის გარეთ. ჭრელი ოპოზიცია და 1%-იანი ბარიერი თითოეული პარტიის პოტენციალის გაზომვის საშუალებას იძლევა. არა მგონია, 2024 წლის არჩევნებზე ისევ ივანიშვილ-სააკაშვილს შორის არჩევანზე იყოს საუბარი.

- ამ არჩევნებს ბევრი უცხოელი დამკვირვებელი ვერ დაესწრება, ეს ამომრჩევლის უნდობლობას არ გამოიწვევს? - შეიძლება დამკვირვებლები ფიზიკურად ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ ინფორმაციას საელჩოებიდან მიიღებენ. თუ არჩევნები დარღვევებით ჩატარდება, შეუძლებელი იქნება ამის დამალვა.

- როგორ ფიქრობთ, "ოცნება" არ შეეცდება არჩევნების გაყალბებას? - ხომ უნდა სჭირდებოდეს?! დარღვევები იქნება, მაგრამ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

- ოპოზიციის გამოსვლები არ არის მოსალოდნელი? - იმდენად დაბალია ბარიერი, რომ თუ რომელიმე პარტიამ ვერ შეძლო, სულ ცოტა, 12 ათასი ხმის მოგროვება, ქუჩაში რომ გამოვიდეს, რას იზამს?! მაჟორიტარებში, ალბათ, მეორე ტურები ჩატარდება.

- მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის 31 ოქტომბრის არჩევნები? - მათთვის უპირველესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, მაგრამ თუ აშკარა შეიქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა, ამას არ შეეგუებიან.