"ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი ...არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას" - კვირის პალიტრა

"ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი ...არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას"

მიხელ სააკაშვილმა "მთვარი არხის" ეთერში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. თუმცა, როგორც ირწმუნება, ის ამ თანამდებობას არასრული ვადით, ორი წლით დაიკავებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული.

ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის რომ საქართველო გადასარჩენია ამაში ყველა ვთანხმდებით. ამიტომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს!", - განაცხადა სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ,- ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ დღეს  განაცხადა.

იხილეთ ვიდეო