"სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია"

სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს უყვარს ზღაპრების მოყოლა, მაგრამ ის საქართველოში ვერ ჩამოვა და დადასტურდა კიდეც.

"სააკაშვილს მე არსად ვეპატიჟები, მას ეპატიჟება საქართველოს კანონმდებლობა და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები. წერტილი. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, მან თვითონ თქვა, რომ არსად ჩამოსვლას არ აპირებს. ვუსმენდი და სადმე თქვა, როდის ჩამოდის? ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, ვერსად ჩამოვა. მართლმსაჯულების ეშინია, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია, ისე ეშინია, რომ სტუმარს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტოვებს საფრთხის ქვეშ და თვითონ დაფორთხავს ტალახში. ეს არის თქვენი და ჩვენი ერთ დროს მთავარსარდალი. მერე მოდის და ჰყვება, როგორ დაფრინავდა ღრუბელ-ღრუბელ, ზღაპრებს. ზღაპრების მოყოლა უყვარს, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოვა და თვითონ დაადასტურა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს, რადგან ეშინია.

კი, ბატონო, გრიგოლ ვაშაძეს უნდა მისი ჩამოსვლა და ეპატიჯება, შეიძლება, ხატია დეკანოიძეს უნდა, სხვებსაც უნდათ, მაგრამ ვერ ჩამოვა, რასაც თქვენც დაინახავთ, ჩვენც დავინახავთ, მრავალგზის დავინახეთ" , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"