"რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი, ვიდრე ვაშაძეს" - კვირის პალიტრა

"რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი, ვიდრე ვაშაძეს"

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე გიორგი ვაშაძეს.

ოქრუაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან წინასწარ თქმა იმის, თუ ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი, უადგილო და არარეალურია.

"ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს თავისი სტრატეგია და განაცხადი, რომ მე ვიქნები პრემიერი და ძირითად შემთხვევაში ეს ემსახურება ერთ რამეს - ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების მიზნით გაკეთებული განცხადება, რომლის იქით რეალური შედეგები არ დადგება, სანამ არ გათენდება პირველი ნოემბრის დღე. მანამდე რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მე ვიქნები პრემიერი, უადგილო იქნება ამ თემაზე საუბარი.

ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" სრული მორალური და სხვა ტიპის უფლება გააჩნია, რომ ვინც უნდა, ის დაასახელოს პრემიერობის კანდიდატად, მაგრამ წინასწარ იმის ძახილი, რომ პრემიერი იქნება ეს - ასევე უადგილო და არარეალურია.

მაგალითად, ვაშაძეს ისეთი იმპერატიული განცხადებები ჰქონდა, მეგონა ინგლისურ იუმორში გადავიდა - მე ვიქნები პრემიერი არარეალურია. რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი ვიდრე ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პრემიერობა იურიდიული ნიუანსების გათვალისწინებით არის შეუძლებელი გარკვეულ ეტაპამდე - მას მოქალაქეობა არ გააჩნია და მთავრობის ფორმირება უცხო ქვეყნის მოქალაქის მეთაურობით ვერ მოხდება და ეს არის იურიდიულად გამორიცხული", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, დაუჭერს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პასუხებს გასცემს "ნაციონალური მოძრაობა" მის მიერ დასმულ კითხვებს.

"ასევე, მე ჩემი პრაგმატული მიდგომა მაქვს, არ მინდა ნაწყენი ადამიანის პოზიცია გამომივიდეს, მაგრამ იმ ფონზე, როცა 2018 წლის არჩევნებზე მე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭირე მხარი, იმ ფონზე, როცა გასული წლის ივნისში ბარიკადებზე ვიდექი წინა ხაზზე - ჩემთვის გაუგებარი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ორაზროვანი და ცოტა უფრო ბუნდოვანი პოზიცია საბურთალოს ოლქთან დაკავშირებით და შესაბამისად, თუ ვინმე ასეთი ტიპის მხარდაჭერას მომთხოვს, რა თქმა უნდა, მე მათ დავუსვამ კითხვას, რითი იყო ეს დამოკიდებულება გამოწვეული და თუ ადეკვატურ და დამაკმაყოფილებელ პასუხს მივიღებ, იმის შემდეგ ვიმსჯელებ, გამოვუცხადებ თუ არა ღია მხარდაჭერას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.