"ივანიშვილს გახარია წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს გახარია წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება"

10 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ცნობილია, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარადგინა.

"ქართულ ოცნებას" მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

თუ როგორი იქნება ეს სია და რამდენად მოახერხებს მმართველი ძალა მის გადახალისებას. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გასაგებია, რომ "ქართული ოცნება" ერთი კაცის პარტიაა, მაგრამ იქ არიან პატარა ადამიანებიც თავიანთი პატარა ამბიციებით. როგორც ჩანს, მათი ინტერესების შეთანხმებას ცდილობენ ისე, რომ პრობლემად არავინ ექცეთ და ამიტომაც დააგვიანდათ სიის წარდგენა. იმ ერთ ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი ეკუთვნის, უწევს ამ კინკლაობის დალაგება. შესაბამისად, ბოლო მომენტამდე შეეცდებიან გაახარონ ამ პატარა ადამიანების ჭია და უმტკივნეულოდ გაიარონ ეს პროცესი. ამაში ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, რაც მათ დააზიანებს, მაგალითად კახა ოქრიაშვილი გამოდგება.

- როგორც "ქართული ოცნება", ისე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური სპექტრის ისევ ორპოლუსიანად წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე მეტად და ნათლად გამოჩნდნენ ზემოთ ნახსენები პარტიების ალტერნატიული ძალები.

- ფაქტია, პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე მოთხოვნილებაა, მაგრამ ამის მიუხედავად, სრულფასოვანი ალტერნატივა მაინც ვერ გამოჩნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსით ბარიერი მინიმუმამდეა დასული, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ალტერნატიულ ერთ ცენტრზე კი არა, რამდენიმე ძალაზე ვილაპარაკოთ, რომელმაც შეიძლება შეძლოს კოლექტიური გარღვევა არა თავდაპირველად გამოცხადებული ერთიანობით, არამედ მიღებული მხარდაჭერის ჯამური შედეგით. ეს არის აშკარა შანსი და საფუძველი იმისა, რომ გადავიდეთ მულტიპარტიულ მმართველობაზე, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარი მანკიერება, რაც დამკვიდრდა ქვეყნის მმართველობაში, არის ძალაუფლების უზურპაცია. ჩვენ ამ წლების განმავლობაში სხვა გამოცდილება არ შეგვიძენია. მიუხედავად იმისა, მულტიპარტიულ დემოკრატიას თავისი სირთულეები აქვს, მაგალითად, გადაწყვეტილებების დროულად მიღების, დღეს ჩვენ მთავარი სისტემური ურჩხული - ძალაუფლების უზურპაცია უნდა დავამარცხოთ და მერე ვიზრუნოთ მულტიპარტიული დემოკრატიის ეფექტიანობის ამაღლებაზე. გაჩნდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, მაგრამ ძლიერი არც ერთი არ არის, იქნებ არც არის საჭირო. მაგალითად, არის "ლელო", რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რესურსი და პოტენციალი, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი აჩვენოს. კარგი შთაბეჭდილება მოახდინა "ლელოს" სწრაფი ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომელიც უაღრესად საინტერესოა. "ლელოს" გარდა, არიან პატარ-პატარა პარტიებიც, 1-დან 5%-მდე მხარდაჭერის პოტენციალით. ჯამურად, ამ ალტერნატიულმა ცენტრებმა თუ 20-25% დააგროვეს, ეს შექმნის საფუძველს, რომ ორპოლუსიანობა გაირღვეს და ამ ორმა შულერმა, წარსულმა და აწმყომ, ვერ მოახერხონ ახალ ციკლში ძალაუფლების უზურპაცია.

- როგორც ვხვდები, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების იმედი ჯერ კიდევ გაქვთ...

- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შედარებით საკმაოდ ძლიერი ჩანს, ვფიქრობ, ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში აღება მაინც გაუჭირდება. ეს არჩევნები იმით განსხვავდება წინამორბედებისგან, რომ ეს უნაშთო არჩევნებია. ჩვენ შეიძლება პარლამენტში 10-12 პოლიტიკური ძალა ვიხილოთ. გარდა ამისა, არჩევნებამდე კიდევ დროა, დარჩენილი 2 თვე გადამწყვეტი იქნება. "ქართული ოცნების" ძლიერება ძალიან მყიფეა და ძირითადად კრიზისმენეჯმენტზე დგას, მაგრამ პანდემიისა თუ სოციალური რისკების გამო შეიძლება 2 კვირაში შეიცვალოს ყველაფერი. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვას და ხელისუფლება უფრო გაძლიერდეს. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვითარება ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ წინ რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი გველის.

- დიდი მოლოდინია, თუ როგორი იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია...

- რა მნიშვნელობა აქვს? არ არსებობს არანაირი სია, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ლოტოს კოჭებივით ჩაყრის ტომარაში გვარ-სახელებს, მერე ამოიღებს და როგორც უნდა, ისე გადაალაგ-გადმოალაგებს. რამდენი პრემიერი გვყავდა უკვე, რომელიმემ დატოვა კვალი პოლიტიკაში?

- გიორგი გახარიაც მათ ბედს გაიზიარებს?

- გიორგი გახარია უნიკალური მოვლენაა ამ რუხ მასაში. ამიტომ, თუ ადრე არჩევნები ივანიშვილის ბრენდის ნიშნით მიდიოდა, ეს არჩევნები მიდის ნიშნით: ივანიშვილი პლუს... და ეს პლუსი გახარიაა. ივანიშვილის ამოცანაა, მთელი შავი სამუშაო გახარიას გააკეთებინოს, მაგრამ დივიდენდები თვითონ წაიღოს. ამ ამოცანას წყვეტს ახლა ივანიშვილი, რადგან გახარია საფრთხეს უქმნის მის რელიგიას, რომელსაც წლების განმავლობაში აყალიბებდა. არადა, დღეს ის წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება. ღმერთის ტოლობაზე ამბიცია მას ვერ შერჩება. იქნებ არც აქვს ეს ამბიცია, მაგრამ გარედან ასე ჩანს. ივანიშვილს მითოსი ენგრევა, გახარია არჩევნების შემდეგ შეიძლება დარჩეს კიდეც სისტემაში, მაგრამ ამ რუხ მასაში უნდა გაერიოს და გამორჩეული აღარ იყოს. ამას რა ფორმით მოახერხებენ არჩევნების შემდგომ, როგორ "მიაჩმორებენ", ვნახოთ... თუ ისე მოხდა, როგორც ივანიშვილს უნდა, ეს პროცესი საინტერესო ნაკლებად იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა და გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ. იხილეთ სრულად