"დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში "თეთრ ცხენზე ამხედრებული?" - რას წერს რუსული და უკრაინული მედია საქართველოს ექსპრეზიდენტზე? - კვირის პალიტრა

"დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში "თეთრ ცხენზე ამხედრებული?" - რას წერს რუსული და უკრაინული მედია საქართველოს ექსპრეზიდენტზე?

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეებში, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს რუსული და უკრაინული მედია ეხმაურება. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:

კიევის გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა ვ უკრაინეს" ("КП в Украине") ვებ-საიტზე განთავსებულია სტატია "დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, "თეთრ ცხენზე ამხედრებული?" (ავტორი - ვიქტორ ტიმოფეევი). პუბლიკაციაში განხილულია ექს-პრეზიდენტის დაბრუნებისა და მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შანსები. როგორც სტატიიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მხოლოდ სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი: პირველი - თუ ოპოზიციური ბლოკი პარლამენტის არჩევნებში მტკიცედ გაიმარჯვებს (რაც ნაკლებად სავარაუდოა); მეორე - თუ მმართველი პარტია იძულებული გახდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე დათანხმდეს (ასეთ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილის შანსი მატულობს) და მესამე - თუ მიხეილ სააკაშვილს, როგორც მსჯავრდებულს, პრეზიდენტი შეიწყალებს (ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში შეწყალება შესაძლებელია). (წყარო)

რუსული გაზეთი "არგუმენტი ი ფაკტი" ("Аргументы и факты") აქვეყნებს სტატიას, რომლის სათაურია "უძღები პრეზიდენტი ბრუნდება? გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერი" (ავტორი - გლებ ივანოვი). პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო წლებში ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობა უკრაინაში, მისი მრავალგზის განცხადებები საქართველოში დაბრუნების თაობაზე, თვით საქართველოში შექმნილი ვითარება. ავტორი იმოწმებს ქართველი და რუსი ექსპერტების თვალსაზრისებს ექს-პრეზიდენტის შანსებთან დაკავშირებით და აკეთებს დასკვნას: "ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ". (წყარო)

რუსულ "ნეზავისიმაია გაზეტა"-ში ("Независимая газета") დაბეჭდილია მასალა სათაურით "მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში მხოლოდ თანაპარტიელები ელოდებიან: ექს-პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატად წარდგენამ ოპოზიციაში განხეთქილება შეიტანა" (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციის დედააზრი: მიხეილ სააკაშვილის იმედებს ჯვარი აქვს გადასმული, მას მხარს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს, რაც არსებულ სიტუაციაში არასაკმარისია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ