"კაპოტზე" ქეიფი ჩემი ახირება არ ყოფილა" - რას აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თამაზ მეჭიაური?
"კაპოტზე" ქეიფი ჩემი ახირება არ ყოფილა" - რას აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თამაზ მეჭიაური?
"ჩემი სია ვერ დამილაგებია ბოლომდე და "ოცნების" სიას სად ვსდიო?"

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს. მისი პარტია "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატის დასახელებას 20 სექტემბრისთვის გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ თიანეთის მოქმედი მერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას თიანეთის მერის თანამდებობის დატოვება მოუწევს. მერობის ვადა მას მომავალი წლის ბოლოს ეწურება.

kvirispalitra.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:

- მაქვს ჩემი პარტია - "ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც 2016 წელს მას შემდეგ
დავაფუძნე, რაც "ოცნებიდან" გავედი. საარჩევნოდ, პარტიის სახელს დამატებული ექნება თამაზ მეჭიაური, რათა ამომრჩეველმა მას ადვილად მიაგნოს. ჯერ ნომერი არ გვაქვს, აქამდე 7 ნომერი ვიყავით, მაგრამ, როგორც მითხრეს, დიდი ალბათობით, ხელახალი კენჭისყრა დასჭირდებაო. არათანაბარ პირობებში გვიწევს ბრძოლა. აგერ, არჩევნები მოგვადგა კარზე და ჩვენი ნომერიც კი არ
ვიცით, ან როდის მოვასწრებთ სააგიტაციო მასალების მომზადებას და ამომრჩევლისთვის მიწოდებას, თუნდაც ნომერი რომ გავაგებინოთ?

- რას აბრალებთ ამას?
- ეს იმის ბრალია, რომ სასათბურე პირობებში იყვნენ ე.წ. კვალიფიციური პარტიები.

- თქვენს პარტიას კვალიფიკაციას უწუნებენ?
- რა ვიცი, ეტყობა მერის არჩევა უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე ის, სიაში რომ მიაწერენ ხოლმე რომელიღაც პარტიას და ითვლები კვალიფიციურად. ერთ რომელიმე დეპუტატს ჩაიბამს ხოლმე რომელიმე მსხვილი პარტია და ისინი ხდებიან კვალიფიციურები. ამდენი ბრძოლის შემდეგ მოპოვებული მანდატი არ ყოფილა თურმე საკმარისი იმისათვის, რომ ნომერი შეგინარჩუნონ.
ისეც კანონის ნაკლია, რომ მერი რატომღაც ჯერ უნდა გადადგეს და მერე იყაროს კენჭი.

- "ოცნების" რვა წელიწადს როგორ შეაფასებთ?
- ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს შევიკავებ.

- რატომ, ვის უწევთ ანგარიშს?
- არა, კაცო, არავის და არც არავისი მეშინია. მერე, დროთა განმავლობაში ამ თემებს დებატებში გავშლი. მე ერთი პატარა მუნიციპალიტეტის მერი ვარ, რომელსაც ჰქონდა იგივე დაფინანსება, რაც ჩემს წინამორბედებს ჰქონდათ ამავე ხელისუფლებაში. გვარებს არ დავასახელებ. თუ გადახედავთ და შეადარებთ წინა 5 წელიწადსა და ამ 3 წელიწადში, რაც მე ვარ მერი, ერთი და იმავე დაფინანსებით ათჯერ მეტი გაკეთდა რაიონში. ამ ხელისუფლების პირობებში რაც მოვიპოვე, ეს იყო ის, რომ სწორად ვარჩევდით პრიორიტეტებს და ხარისხიანად კეთდებოდა განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენი მუნიციპალიტეტის არსებობის მანძილზე ამდენი გზა ერთად არ გაკეთებულა, რაც ახლა გაკეთდა, საბავშვო ბაღები მოვიყვანეთ წესრიგში, წყლის პრობლემა ჯერ ვერ გადავჭერით და ამას დაემატა წლევანდელი გვალვები და ეს პრობლემა არის ამის შემდგომ საქმიანობაში პრიორიტეტი.

- მორიგდით და შერიგდით თქვენ და ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან?
- როგორც ვიცი, რომელიღაც კომერციულ სტრუქტურაშია. როგორც ვიყავით, ისე ვართ. ქუცნაშვილი აღარ არის აქტუალური და დავანებოთ თავი, იმან თავის ბიზნესებს მიხედოს. მას შეიძლება აქვს, მაგრამ მე მის მიმართ არანაირი აგრესია აღარ მაქვს.

- სტუდენტობის მეგობართან - ბიძინა ივანიშვილთან ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ჩვეულებრივი. მე მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რაც შეეხება მის ყოფნას ამა თუ იმ პოზიციაზე, თუ პოლიტიკაშია, მაშინ უნდა იკავებდეს თანამდებობას სახელმწიფოს უმაღლეს სტრუქტურებში. ის უნდა იყოს, წესით, პრემიერი, ან პრეზიდენტი. ფაქტია, რომ ის მართავს ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, თანამდებობებს იკავებენ სხვები და ასეთი რამ ჩვენს შემთხვევაში არ ამართლებს.

- ანუ თქვენც ამბობთ, რომ არაოფიციალურად ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს?
- ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაინც ხალხი ყველაფერზე მას სთხოვს პასუხს, რეალურად, ხშირად არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს იღებენ სხვები და ამ დროს, ბრალდება მას. ამიტომაც აჯობებს, თვითონ მოვიდეს პოლიტიკაში, თვითონ აიღოს ხელში მართვის სადავეები, პასუხისმგებლობაც და ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილებები.

- "ოცნების" სიაზე თუ გაქვთ წარმოდგენა?
- ჩემი სია ვერ დამილაგებია ბოლომდე და "ოცნების" სიას სად ვსდიო? წარმოდგენა არ მაქვს. ის ვიცი, რომ მაჟორიტარულში იოლი ბრძოლა არსად იქნება, მეც საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავს, ასე რომ, წინ საინტერესო ამბები გველის.

- დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში და იმაში, რომ 2020-ის პარლამენტში გიხილავთ?
- ალბათ ზოგი უნდა გავახარო ამით და ზოგს კიდევ ნერვები ავუშალო. შეიძლება ასეთები ბევრი არ არის, მაგრამ არიან.

- სააკაშვილი ისევ იქადნება, მოვდივარო და სენტიმენტებით სავსე მესიჯებს გვიგზავნის, ორი წელი მომეცით პრემიერობისთვის და ყველაფერს გამოვასწორებო. რეალურად მიგაჩნიათ მისი პრემიერობა?
- მასზე არაფერს ვიტყვი, ჩემი აზრი მაგაზე არაა მნიშვნელოვანი. უბრალოდ, ამომრჩეველს მინდა ვურჩიო ერთი რამ: ვისაც უნდა, რომ მის ხმას რაიმე აზრი ჰქონდეს, არ უნდა მისცეს ხმა არც მმართველ პარტიას და არც გაცვეთილ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებაში კინაღამ ასწლეული იყო.

- აბა ვის მისცენ ხმა? ეს მესამე ძალაც რომ არ გამოჩნდა...
- მესამე ძალა, როგორც ცალკე აღებული დიდი გაერთიანება, ალბათ არ შედგება, მაგრამ მას შეუძლია იმ სპექტრში, სადაც ამდენი პარტიაა, გამოარჩიოს ისეთი, რომელიც ნაკლებად არის დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე და უშუალოდ ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული. ამა თუ იმ დიდი პოლიტიკური ძალისთვის - პოზიცია იქნება, თუ ოპოზიცია, ეს არის გადაყრილი ხმა. შეიძლება ისეთმა მიიღოს ერთით მეტი მანდატი, რომელსაც შეხებაც კი არ აქვს ამომრჩეველთან და ამით მმართველ პარტიას ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს, რომლებიც არავისთან იქნება შეთანხმებული. ასევე მნიშვნელოვანი ელექტორატი ჰყავს მმართველ პარტიას, ძირითადად მაინც სახელისუფლებო რესურსი, რომელიც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გარანტირებულად ბევრი მადატი მიიღოს. სულ არ არის საჭირო ბონუსების მიცემა. "ოცნებას" იმის გამო კი არ უნდა მისცე ხმა, არიქა, მიშა არ მოვიდესო.

- როგორც ჩანს, ისევ ერთ წრეზე მივდივართ - ისევ მოდის, მოვდივარ, დაგიჭერთ, ვერ დამიჭერთ და მსგავსი მესიჯებია და ემანდ, ერთმანეთის გაძლიერებით ისევ ორპოლუსიანი პარლამენტი არ მივიღოთ, ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს...
- ამათ ორივეს, "ოცნებასაც" და "ნაციონალებსაც" ეგ უნდათ და ზუსტად ეს არ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა, არ უნდა დაუშვას ორპოლუსიანობა. ვისაც არ უნდა ორპოლუსიანობა, ზუსტად მათ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ აირჩიონ ისეთი ხალხი, რომელიც არც ერთს ემორჩილება და არც - მეორეს. და თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს დამოუკიდებლად უმრავლესობის მოპოვებას, ის იძულებული გახდება - ერთი მხარე იქნება, თუ მეორე, თუნდაც ჩემნაირებთან გარიგდეს. არ ვამბობ, რომ მე, ერთი კაცი გადავწყვეტ ყველაფერს, მაგრამ იქ თუ ჩემი ხმა იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის გადაწყვეტილება მინიმუმ, გაკეთილშობილდეს მაინც. როცა უკონტროლოა ხელისუფლება და არ სჭირდება სხვისი მხარდაჭერა, იღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მერე ის უკვე გაითვალისწინებს ჩემი და ჩემნაირების აზრს და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრი იქნება იმ მოსახლეობის აზრი, რომელმაც მე ამირჩია.

- მოგების შემთხვევაში ღირშესანიშნავ მოვლენას ისევ "კაპოტზე" აღნიშნავთ?
- რადგან ჩემს საარჩევნო ოლქში ბევრი რაიონი შედის, ერთზე კი არა, "კაპოტებზე" მომიწევს ქეიფი.

- რაღაცა სხვა "მუღამი" აქვს კაპოტზე ქეიფს, ეტყობა...
- უბრალოდ, ეს ჩემი ახირება არ ყოფილა. საარჩევნო კამპანია რომ დაიწყო, ქუცნაშვილმა თქვა, "კაპოტზე" მოქეიფეების დრო მოვაო და მაშინ შევპირდი, ზუსტად "კაპოტზე" აღვნიშნავ ჩვენ დროს-თქო. რაღაც პერიოდის შემდეგ, მე და დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ "სამოვარიც" დავდგით "კაპოტზე" და ჩაიც დავლიეთ.

- თქვენს ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?
- ყველას აქვს თავისი წარსული და არ მინდა ვინმე გამოვყო და ამით რეკლამა გავუკეთო. რა თქმა უნდა, ცხადია, სახელისუფლებო კანდიდატს თავისი დიდი რესურსი და გარკვეული ფორა რომ აქვს. ვნახოთ, ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს. 1% მჭირდება, რომ პარლამენტში შევიდე. დიდი ალბათობით, პირველი ტურით არ დამთავრდება მაჟორიტარული არჩევნები და ვისურვებ იმას, რომ ჯერ პირველ ტურში გადავლახოთ ეს ბარიერი და მეორე ტურში ვიბრძოლო მაჟორიტარობისთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები