"გარკვეული ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი რომელიმე ფარეხში იდგა" - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"გარკვეული ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი რომელიმე ფარეხში იდგა" - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ 4 დღის განმავლობაში მისი შვილის ავტომანქანა ფარეხში იდგა და იმ მინდორში, სადაც ის აღმოაჩინეს, არ იყო.

ამის შესახებ თამაზაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ავტომობილი მხოლოდ ოჯახის პროტესტის და აქციის გამართვის შემდეგ გამოაჩინეს.

"იმ დღეებში თამუნას ავტომობილი იქ ნამდვილად არ იყო. გარკვეული ინფორმაცია მაქვს. სავარაუდოდ, რომელიმე ფარეხში იყო. როდესაც გავაჟღერე და მოვუწოდე ხალხს მოდით, დამეხმარეთ სახლებში მოძებნაში, მივხვდი, რომ არ მიდიოდა სათანადოდ ძებნა. იძულებული ვიყავი აქცია მომეწყო. მეორე დღეს უკვე მოხალისეთა ჯგუფები იქმნებოდა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მოსვლის და დახმარების. აღვნიშნე ფაქტად, რომ ვინც არ შეგვიშვებდა სახლში და არ დაგვათვალიერებინებდა ავტოფარეხს ე.ი. საეჭვო იქნებოდა ეს გარემოება და ამით უფრო მივხვდებოდით სად უნდა გვეძებნა მანქანა. ამიტომ იძულებული გახდნენ სააშკარაოზე გამოეტანათ და დაეგდოთ ეს მანქანა ტრიალ მინდორზე, რომ თითქოს მანქანა იქ ვერავინ იპოვა 4 დღის მანძილზე", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"