"ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" აქციების 100% მის ხელშია და ადამიანები მისთვის პაიკებივითაა"
"ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" აქციების 100% მის ხელშია და ადამიანები მისთვის პაიკებივითაა"
10 სექტემბერს "ქრთულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის ოცეული დაასახელა, რომელშიც, როგორც გვპირდებოდნენ, ბევრი ახალი სახეა. სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე. პირველ ოცეულს ლიდერებმა განახლებული უწოდეს, თუმცა იქ ბევრი ნაცნობი გვარია, მათ შორის არიან სპორტსმენებიც. (იხილეთ სია სრულად)

პოლიტიკური ნაკრების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აქვს
გამარჯვების იმედი. "ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ საკუთარ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და განსაცდელს აარიდონ ხალხი და ქვეყანა".

"ოცნების" საარჩევნო სიის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილი ვთხოვეთ:

- ბატონო გია, რას იტყვით, რის მიხედვით
და რა პრინციპით შეირჩა "ოცნების" ოცეული და არის თუ არა ახალი პარტიული სია თქვენთვის შთამბეჭდავი?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან იმ 20 კაციდან 4-5 გვარი ვიცი. სიმართლე გითხრათ, სიისთვის დეტალურად არც გადამიხედავს. არც მგონია, ეს მნიშვნელოვანი თემა იყოს. ჩვენ თუ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, აქ ფუნდამენტური თემა გახლავთ ინსტიტუციური წესრიგი, რამდენად იგრძნობა ამ პოლიტიკურ პროცესში, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენის სურვილი და სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირება. მთავარი ინტრიგა, ინტერესთა კონფლიქტი გახლავთ ივანიშვილის პოზიციონირება ამ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ სახელმწიფო სხელმწიფოს დაემსგავსოს, ორი სცენარი შეიძლება არსებობდეს: 1. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, ანუ მოხდეს მისი ინსტიტუციონალიზაცია პრემიერის რანგში, მისი ლიდერობის ფორმალიზაცია გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. ის არსად არის, მაგრამ ყველგან არის. ეს სცენარი კარგი იქნებოდა. არის მეორე სცენარი – გახარია, როგორც ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას, უალტერნატივო ავტორიტეტი "ქართული ოცნების" პირობებში კი ბატონო, იყოს პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდეს სახელმწიფოს მართვას. რეალურად ჩამოშორებაში მხოლოდ განცხადებებს არ ვგულისხმობ, ვითომ-ვითომ რომ არ მონაწილეობს. რეალურად ჩამოშორებას დავიჯერებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სახელმწიფოს მართვიდან გაიყვანს მასთან აფილირებულ ჯგუფებს და პრემიერ-მინისტრს მისცემს საკუთარი გუნდის ფორმირების საშუალებას. ასევე, თუ გაიყვანს იმ ინტერეს ჯგუფებს, რომლებიც ხელს აფათურებენ ქართულ ეკონომიკაში და სახელისუფლებო რესურსით აკონტროლებენ ფინანსურ ნაკადს.

- სიის პირველ ნომრად გახარია მოსალოდნელიც იყო... რა შანსები აქვს მას ამ ვითარებაში, "ვითომ-ვითომ" პრემიერი იქნება?
- ივანიშვილი თუ ამ ორ რაღაცას შეასრულებს, რა თქმა უნდა, გახარიას აქვს შანსი იყოს კარგი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამ ანაქრონულ ვითარებაში ჩვენ გვყავს ვითომ-ვითომ პრემიერ-მინისტრი. სინამდვილეში, ფინანსურ ნაკადებს და ძალოვან სისტემას აკონტროლებს ადამიანი, რომელიც ინსტიტუციურად თითქოს ამაში არ უნდა მონაწილეობდეს. ეს არ არის 21-ე საუკუნის სახელმწიფო, მე-20-ც კი არა, სადღაც შორეულ ღრმა ისტორიაში ისვრის ქვეყანას. ცნობილ დიქტატორებთანაც კი არ გვხვდება მსგავსი რაღაც. მაგალითად, ლუკაშენკო ავიღოთ - კი ბატონო, დიქტატორია, მაგრამ ინსტიტუციონალიზებულია, ყველამ იცის, ვინ არის პრეზიდენტი და ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელი. და ჩვენ აქ რა მოცემულობა გვაქვს? ყველაფერზე გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი, შესაბამისად, ის აკონტროლებს ყველაფერს და უნდა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყოს სხვა. ასე ქვეყნები არ იმართება, გადაწყვეტილებები არ მიიღება და შედეგს ვიმკით კიდევაც - არც ერთი სისტემური რეფორმა არ ხორციელდება იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, სტაგნაციის პირობებში ცხოვრობს ქვეყანა და ეს ყველაფერი არის ამ მანკიერი, მახინჯი მართვის მოდელის შედეგი.

- ანუ თვლით, რომ ამ ოცეულის სახით "ოცნებას" დიდი დამრტყმელი ძალა არ უნდა ჰყავდეს, რომელიც მას გამარჯვებამდე მიიყვანს?
- გვარებს რომ ვერ ვცნობ, შესაბამისად, დამრტყმელ ძალაზე საუბარი ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია.

- წულუკიანის გვარი ხომ გეცნოთ? პარტიულ სიაში მისი წინ წამოწევა რას ნიშნავს, ისეთი რა ვალი აქვს მისი "ოცნებას"?
- ვალზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, წულუკიანმა ამოწურა თავისი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ახლა მთლად ქუჩაში ვერ გააგდებდნენ და ამიტომ შესთავაზეს საპარლამენტო მოღვაწეობის გაგრძელება, მეტი არაფერი. ეს წმინდა შიდა გადაჯგუფების თემაა. წულუკიანმა იქაც მოაბეზრა თავი ყველას და მას ამ ფორმით იშორებენ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.

- ახალ სახეებს შორის არიან სპორტსმენებიც. რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ ქვეყნისთვის პოლიტიკაში გადაბარგებით?
- საქართველოში ეს არავის უკვირს. ფაქტია, რომ ჩვენ სინერგიას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ცნობადობა აქვთ და რაღაცით გამორჩეულები არიან, თუმცა მათთან პრეტენზია არ მაქვს. ეს არის ერთი მთლიანი რუხი მასა, რომელსაც მართავს ერთადერთი ადამიანი. ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქარული ოცნების" აქციების 100% მის ხელშია და ადამიანები მისთვის პაიკებივითაა - როგორც უნდა დაალაგებს, გადაალაგებს, მოხსნის, დანიშნავს და რასაც უნდა იმას უზამს.

- მუდმივად იყო საუბარი ახალ სახეებზე და ესეც ახალი სახეები...
- კი, მუდმივად იყო ლაპარაკი, აი, ახალ სახეებს ვიხილავთო. რეალურად, უსახურ სიტუაციას ვიღებთ იმიტომ, რომ არავინ საუბრად არ ღირს. ყველას პატივს ვცემ, ალბათ კარგი ადამიანები არიან, თავის პატარა ჭიებს გაახარებენ და მეტი არაფერი მოხდება. ამბიციური, თავმოყვარე და ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანი ისეთ თამაშის წესებზე, რომლებიც ინსტიტუტებში კი არ წყდება, არამედ სადღაც გვერდზე, ვიღაცის კაბინეტში, ხელს არ მოაწერს. შესაბამისად, ეს ადამიანები შეიძლება კარგები, მაგრამ კომფორმისტები არიან. კომფორმისტების აშენებული ქვეყანა კი მე არ მინახავს. კომფორმიზმს შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს ქვეყნის დეგრადაცია, მაგრამ წინ ვერ წასწევს, ვერ განავითარებს.
ვინ იქნება დანარჩენი წევრები, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს მართვასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან საერთოდ კავშირში არ არიან. ისინი არიან პულტზე თითისდამჭერები. მათ ოთხი წლით დაურიგდებათ საკუთარი ბოსტნები, სადაც მერე უნდა იჩიჩქნონ და რაღაცა პომიდორი და ნიახური მოიყვანონ. მათ ხომ რეალურად სახელმწიფოს მართვასთან, პოლიტიკასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ, მართვის მოდელი ამას გულისხმობს.

- "ოცნება" გამარჯვებაში დარწმუნებულია და ლიდერები ერთ ხმაში აანონსებენ იმას, რომ კოალიციური მთავრობა არ იქნება, ვინაიდან ეს მათ არ დასჭირდებათ, უპირობოდ მოიგებენ და მესამე ვადით დარჩებიან ხელისუფლებაში - ეს იყო გუშინ მათი მთავარი გზავნილი. რით დაუპირისპირდება "ოცნებას" ოპოზიცია?
- ამას დაამთხვიეს "რუსთავი-2"-ის კვლევა და მერე მაჟორში აწიეს, რაღაც პოლიტიკურ შეფუთვებს აკეთებენ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ვითარებით, ხელისუფლებას ძლიერი პოზიციები აქვს, მაგრამ - მყიფე. მათ შორის იმიტომაც, რომ ოპოზიციაც ვერ გამოიყურება მთლად ჯანსაღად. და რატომ არ გამოაცხადებენ ვითომ, რომ არ დასჭირდებათ კოალიცია, როდესაც ოპოზიცია აბსოლუტურად არაადეკვატურია - ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულნი ნაცვლად იმისა, რომ თავისი კრიტიკის ვექტორი ხელისუფლებისკენ მიმართოს და რაც მთავარია, რაღაც პოზიტიური შესთავაზონ ხალხს. ხელისუფლება აშინებს ხალხს და ისინიც აშინებენ, უკეთესს რას აკეთებენ?

პროგნოზირებას ვერ დავიწყებ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ძლიერი პოზიციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურათი არ შეიცვალოს, ვინაიდან ეს ყველაფერი მყიფეა. არის ამომრჩევლის დიდი რაოდენობა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი და მათი არჩევანისთვის ბოლო თვე შეიძლება გადამწყვეტი გახდეს, ამ ამომრჩევლის მასამ შესაძლოა შედეგი რადიკალურად შეცვალოს. ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი თუ დაკარგა ეს კორონაც შეიძლება ცუდად შემოუტრიალდეს. სიმყიფიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ დაწყნარების არანაიარი საფუძველი. ბოლო ერთ თვეში შეიძლება ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ შეიცვალოს.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?