"ოცნების" ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეგვახსენოს" - კვირის პალიტრა

"ოცნების" ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეგვახსენოს"

"დასანანია, რომ არ გამოჩნდა ისეთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ახალი ვითარების ადეკვატური იქნება"

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, წინასაარჩევნოდ რუსეთისა და პრორუსული ძალების აქტიურობაზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება.

- მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი გვიდგას - "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მთავარი საყრდენი ისევ სააკაშვილია, "ევროპული საქართველო", რომელიც მკაფიოდ აკონკრეტებს, თუ რა განასხვავებს "ნაციონალებისგან", ასევე, მათ გარშემო გადანაწილებული ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც "შუამავლად" ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჰყავს, საკმაოდ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრს ქმნის. როგორ შეიძლება ეს ძალები გადალაგდნენ?

- თითქმის დაუჯერებელია, ამომრჩეველს წარმოდგენა ჰქონდეს ოპოზიციური პოლიტიკური ცხოვრების ნიუანსებზე. პოლიტიკური ცხოვრების წვრილმანებში ნაკლებად ჩახედული ამომრჩეველი ამჯობინებს ფართო მონასმებში აღიქვას პოლიტიკური ცხოვრება. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ის, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, ნაკლებად აღიქმება. მაგალითად, საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ "ევროპულ საქართველოს" აღიქვამს "ნაცმოძრაობის" მოკავშირედ თუ არა, რაღაც იმავე რიგის მოვლენად მაინც, მით უმეტეს, რომ მის ლიდერებში არიან ისინი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების საყრდენ ფიგურებს წარმოადგენდნენ. იმას ვამბობ, რაც ანალიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ - "ევროპელები" ძალიან ცდილობენ, მაგრამ "ნაციონალებისგან" დისტანცირება მაინც ვერ შეძლეს. თავიდან თითქოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დიდწილად დაკარგეს მონაპოვარი და ამჯერად ხელახლა უწევთ იმავე გზის გავლა. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, არჩევნებამდე პრინციპულად ახალი სურათი მივიღოთ. პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ერთგვაროვანი ძალებიც კი ფეოდალური პარტიკულარიზმის პრინციპით იქცევიან.

ერთი სიტყვით, დიდი პოლიტიკური მოძრაობის მიუხედავად, საეჭვოა, ოპოზიციამ პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვან გადაჯგუფებას მიაღწიოს. როგორც ჩანს, ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა ვერ გაიაზრა ის ცვლილება, რომელიც პანდემიამ საზოგადოებრივ განწყობაში შეიტანა. პანდემიამდე "ოცნების" რეიტინგი შეუჩერებლად ეცემოდა და მომავალ არჩევნებში მისი მარცხიც თითქმის გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ პანდემიამ მოქალაქეებში სტაბილურობის სურვილი გააძლიერა და საპროტესტო მუხტი გაანელა - არა იმიტომ, რომ ხელისუფლება "გამოსწორდა", მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებამ შეძლო ქცევის იმ მოდუსის მოძებნა, რომელიც ამ ვითარებაში ყველაზე ადეკვატურია და თუ შეცდომებს უშვებდა და უშვებს, შედეგი, პირობითად რომ ვთქვათ, მხოლოდ არჩევნების შემდეგ იჩენს თავს. ამიტომ ცდილობს ოპოზიციური ძალა, ირიბად მაინც ისე წარმოაჩინოს, თითქოს ახლა ხელისუფლება ხელოვნურად ამწვავებს ვითარებას. დასანანია, რომ არ გამოჩნდა ისეთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ახალი ვითარების ადეკვატური იქნება.

ჩემთვის გაუგებარია, როდესაც პოლიტიკური პარტია ისეთ პიარკამპანიას ეწევა, თითქოს უცხოელი მრჩევლების დავალებების ხუთიანზე შესრულებას ცდილობს, რათა გამარჯვების ღირსი გამოჩნდეს. ვერც ერთი უცხოელი მრჩეველი დროის იმ მოკლე შუალედში, როცა მას საქართველოში უწევს მუშაობა, ვერ გაითვალისწინებს ქართული პოლიტიკის უმთავრეს ფაქტორებს: ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, ქართველი ამომრჩევლის ფსიქოკულტურულ თავისებურებებს და ა.შ. შედეგად, შესაძლოა მივიღოთ ხუთიანზე შესრულებული დავალებები, ხოლო არჩევნებში - მარცხი.

პოლიტიკური რელიეფის მნიშვნელოვანი გარდაქმნის შანსი იყო 2019 წლის ახალგაზრდული გამოსვლები, მაგრამ ახალგაზრდებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი გამოცდილება, ხოლო ოპოზიციის დიდ ნაწილს იოლი და სწრაფი რევოლუციური ცვლილებების ცდუნება მოეძალა და ნაცვლად იმისა, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომისა და უმრავლესობის ლიდერის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მოძრაობისთვის უფრო რაციონალური სახე მიეცა, აქციები უსასრულოდ, მანამდე გაჭიმა, სანამ მოძრაობამ ენერგია არ დაკარგა. ვფიქრობ, ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა "ნაციონალების" დღევანდელი ლიდერების რადიკალურმა სტრატეგიამ. შედეგად ის მივიღეთ, რომ გამარჯვებული ახალგაზრდული მოძრაობის ნაცვლად, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ახალი სული შთაებერა, პროცესები განელდა და გაქრა. ამასობაში "კოვიდმაც" იჩინა თავი. ალბათ, "ოცნებაში" ნანობენ კიდეც, რომ ასე სწრაფად დაიხიეს უკან და საკადრო ცვლილებებზე წავიდნენ.

- ახლახან გახმაურებულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპირებას დაბრუნებაზე უკვე მოჰყვა კონკრეტული გეგმა - ის პრემიერმინისტრობას აპირებს, ოღონდ არასრული, ორწლიანი ვადით. მისი კანდიდატურა "ნაცმოძრაობამ" მოკავშირეებთან ერთად დაასახელა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - სააკაშვილის ჩამოსვლა ძალზე საეჭვოა. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირეები დიდ წარმატებას რომ ვერ მიაღწევენ, უეჭველია. სააკაშვილის განცხადებები "ოცნების" მომხრეების უფრო მეტად მობილიზებას უწყობს ხელს.

ამიტომ "ოცნების" ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეახსენოს ჩვენს მოქალაქეებს. ეტყობა, ჯერაც ვერ გაუაზრებიათ, რომ 2012 წელს მათი მარცხი მხოლოდ ივანიშვილის ფულსა და ბედის უსამართლობას არ გამოუწვევია.

- პოლიტიკურმა გაერთიანება "ლელომ" წარმოადგინა "მარშალის გეგმა", რომელიც ზოგისთვის სიახლეა, ზოგისთვის კი გაუგებარი, რადგან ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად ასე მოხსენიებული გეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის რეკონსტრუქციას გულისხმობდა. - ამ პროგრამას, ასე თუ ისე, ვიცნობ, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს შეეხება. იმისათვის, რომ ამგვარმა პროექტმა ამომრჩევლის გულამდე და გონებამდე მიაღწიოს და ისტორიული ენთუზიაზმი გააღვივოს, არ არის საკმარისი ის მშვიდი აკადემიზმი, რომლითაც "ლელო" საჯარო სივრცეში იქცევა. შესაძლოა აკადემიზმი აუცილებელია იმ გარემოსთვის, საიდანაც "ლელოს" ლიდერები მოვიდნენ, მაგრამ არა იმ ვითარებისთვის, როცა საქმე საჯარო პოლიტიკურ სივრცეს შეეხება. არსებითად, ანაკლიის პორტი იმ გეოპოლიტიკური ჩიხის გარღვევა იქნებოდა, რომელშიც საუკუნეების წინ კონსტანტინოპოლის დაცემის გამო მოვექეცით. ის შანსს იძლევა, რომ თავი კვლავ ისტორიის სუბიექტებად, მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშეებად ვიქცეთ და შესაბამისად, დავიბრუნოთ ეროვნული ღირსების ის გრძნობა და როლი, რომელიც ისტორიულმა ავბედობამ წაგვართვა. ყველაფერი ეს ყოველი მოქალაქის გულამდე და გონებამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

სწორედ ეს უნდა ყოფილიყო "ლელოს" ამოცანა და ვერ ვიტყვი, რომ ამას ახერხებს. მეტი ენერგია და გადამდები ენთუზიაზმია საჭირო. ნებისმიერი სხვა პროექტი, რომელსაც "ლელოს" "მარშალის გეგმა" გულისხმობს, სხვასაც შეიძლება ჰქონდეს. ანაკლია "ლელოს" საფირმო ნიშანია. სამწუხაროა, რომ ამ პარტიას არა ჰყავს ტრიბუნები.

- როგორც სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე, პოლიტოლოგებისგან ხშირად გვესმის, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა, უფრო პრაგმატული გახდა.

- ჩვენს საზოგადოებასთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა იზრდება. ფეოდალური პარტიკულარიზმი ბატონობს ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერებით. მისი დიდი ნაწილი ფსიქოლოგიურ ბმაშია საკუთარ საზოგადოებასთან კი არა, დასავლურ წრეებთან. ამ ვაკუუმით კი მყისიერად სარგებლობენ პრორუსული ძალები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ მხოლოდ კაბინეტური წარმოდგენა აქვთ, თუ რას წარმოადგენს ქართველი საზოგადოება. ეს განაპირობებს, რომ მეტისმეტად ენდობიან სოციოლოგიურ მონაცემებსა და უცხოელი კონსულტანტების აზრს. დღეს საქართველოში ძალზე ცოტაა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც"სხეულით "გრძნობს" საზოგადოებასა და მისი აზრის დინამიკას. ყველაზე გულუბრყვილოები ან პრიმიტიულად ნაციონალისტური, ან აბსტრაქტულად ლიბერალური სტერეოტიპებით ცდილობენ საზოგადოების ამოცნობას, მასთან ურთიერთობას და უკვირთ, როდესაც აღმოჩნდება, რომ თურმე სადღაც სხვაგან ყოფილან.

- ამ ამბების პარალელურად, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ისვენებს რუსეთი - ცოტა ხნის წინ ჰაკერები დაესხნენ თავს ლუგარის ლაბორატორიას. ცხადია, მისი "მუშაობა" ამით არ ამოიწურება, რადგან არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა. - ცხადია, მოსალოდნელია არჩევნებში რუსეთის უფრო სახიფათოდ ჩარევა. ყველა ნიშანია, რომ პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ არნახულად გააქტიურდებიან. რუსი ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, პუტინი აღარც მალავს ქვეყნის სათავეში თავისი ყოფნის დიდ ისტორიულ მისიას - XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის იმპერიის აღდგენის იდეას. ეს იმდენად აშკარაა, რომ რუსეთის მეზობელ ყველა ქვეყანაში უკვე ეჭვით უცქერენ მის ნებისმიერ ნაბიჯს. გარდა ამისა, იმპერიის აღდგენის იდეამ თავად პუტინის გარემოცვაში გააჩინა მასზე აგრესიული პირები. მათ პუტინის""ზომიერება" აღარ მოსწონთ. ამიტომაც ის ხვდება, რომ თუ უახლოეს მომავალში თავის ისტორიულ როლს არ გაამართლებს, ახალი თაობის იმპერიული რევანშისტები თავიდან მოიშორებენ. პუტინის მიზანია, უახლოეს ხანებში მოაგვაროს უკრაინისა და ბელარუსის პრობლემები და საქართველოს არჩევნებში მის მიმართ ლოიალური ძალების გამარჯვებას მიაღწიოს. ამიტომაც არ დააკლებს ძალისხმევას და ქვეყნის განვითარების ვექტორების შეცვლას შეეცდება. ბედად, მისი ჩვენებური პარტნიორები არ არიან ისეთი პოტენციალის მქონენი, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ.

პუტინის აგრესიულობას ზრდის ისიც, რომ მის ტლანქ საგარეო პოლიტიკას კარგი არაფერი მოჰყოლია. ამჟამად მხოლოდ იმას მიაღწია, რომ რუსეთს ფსიქოლოგიურად გაუუცხოვდნენ უკრაინელები, იგივე ხდება ბელარუსში, თურქეთსა და უკრაინას შორის დამყარდა სამხედრო თანამშრომლობა, აშშ-ის მმართველმა წრეებმა საბოლოოდ მოახდინეს პუტინის, როგორც მტრის პოზიციონირება, ხოლო ნავალნის მოწამვლის შემდგომ გერმანიის კანცლერიც კი მკაცრად ალაპარაკდა რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიუღებლობაზე და ა.შ. ჩაშლის პირასაა (თუ მეტი არა) ყველა ახალი გაზსადენის პროექტი, რომლებშიც უკვე ათეულობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთისთვის რუსეთიდან მომავალი საფრთხეები იმაზე თვალში საცემი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თავად პუტინი თავისი ქცევის სტილს ვერ შეცვლის. მხოლოდ ის შეუძლია, ამ პროცესებს მზარდი აგრესიულობით უპასუხოს.

ამ ვითარებაში ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ - პანდემია ==მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ამომრჩევლის აქტიურობას და პრორუსული ძალების აქტიურობამ უფრო მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, ვიდრე სხვა დროს იქნებოდა მოსალოდნელი.

"პატრიოტთა ალიანსის" აფხაზეთში ვიზიტსაც მინდა შევეხო. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია თანამიმდევრულად ეწევა საბჭოთა ნოსტალგიისა და პრორუსული განწყობის მოქალაქეთა მობილიზებას და ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. საქმე ამ განწყობების მქონეთა რაოდენობა კი არ არის, არამედ მათი მობილიზების ხარისხი.

თუმცა რუსეთის თემას უნდა დავუბრუნდე - არჩევნებთან დაკავშირებული რუსული პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინაში მსგავსია. ჯერ წინა პლანზე იწევენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პატრიოტული რიტორიკითა და ეროვნული იდეის ერთგვარი ხალხური ვერსიით ოპერირებენ და ამით იქცევენ ამ განწყობის მქონე ხალხის ყურადღებას. როგორც ჩანს, შორს არ არის დრო, როცა აშკარა პრორუსულ რიტორიკასაც მოვესწრებით. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენმა მედასავლეთე პოლიტიკური ძალების დიდმა ნაწილმა თავისი იდეოლოგიური სნობიზმით პატრიოტული რიტორიკა და ეროვნული იდეა ლამის მთლიანად პრორუსულ ძალებს გადააბარა. მათ არ ეყოთ ინტელექტუალური ძალები, რათა თანამედროვე სამყაროსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში რიგითი მოქალაქისთვის ეროვნული იდეის ახალი პერსპექტივები დაენახებინათ და არ დაეშინებინათ "პროდასავლურობის" მისთვის კულტურულად უცხო ფორმებით. ისინი ვერ გამოვიდნენ ქვეყნის განმანათლებლების როლიდან, ამით კი რუსული პროპაგანდა კარგად სარგებლობს. კიდევ ერთხელ ვიკითხავ: ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი იდეოლოგიური სნობიზმი?

უკვე სამი ათწლეულია, ლაპარაკია ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე. ეს თემა ხანგამოშვებით ცხოველდება, თუმცა კი იოლადაც მიეცემა დავიწყებას. ამ თემის გაღვიძება და მერე მივიწყება შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ხელს უწყობს მათ მობილიზებას, ვისაც უნდა შეეხოს ლუსტრაცია. არადა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ცხადია, ყოვლისმომცველ ლუსტრაციაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, უმაღლესი პარტიული მოხელეების, უმაღლესი თანამდებობის პირების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირების ლუსტრირების გარეშე მუდმივად წავაწყდებით ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ლამის დაუფარავ საბოტაჟს. ლუსტრაცია უპირველესად უნდა შეეხოს იმ ქვეყნის აგენტურას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და დღეს აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ვინც მუდმივად ჰაკერულად თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს თუ სტრატეგიულ ობიექტებს და ვინც დაუფარავად აცხადებს, რომ მისი მიზანია, ოცდაათი წლის წინანდელი მახინჯი გეოპოლიტიკური წარმონაქმნის აღდგენა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ასე თავისუფლად ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვას, ანაკლიის პორტისა და შავი ზღვის ფსკერზე ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანი პროექტების პარალიზებას და ა.შ. ლუსტრაციის გარეშე ჩვენ დიდხანს ვიტრიალებთ ერთ ადგილზე ისევ და ისევ ვარაუდებში გახლართულნი.