რომან გოცირიძე: "ახლა გაახსენდა "ოცნებას" ბავშვები, თვითდასაქმებულები და სტუდენტები?" - კვირის პალიტრა

რომან გოცირიძე: "ახლა გაახსენდა "ოცნებას" ბავშვები, თვითდასაქმებულები და სტუდენტები?"

"ლეგენდა, რომ ხელისუფლება პანდემიას კარგად გაუმკლავდა, მოკვდა - პანდემიის მართვის უნარი არ ჰქონიათ"

კორონავირუსის მწვავე შემოტევის გამო ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გადადებაზე ლაპარაკობს. გადადებენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებს და ეს ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ესაუბრა.

- "ქართული ოცნება" პოლიტიკური მიზნებისთვის უნამუსოდ იყენებდა კორონავირუსის ფაქტორს - ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, პოლიტიკოსებს მიმოსვლის საშუალება არ ჰქონდათ, თვითონ კი ბიუჯეტის ფულით პარტიულ წინასაარჩევნო კამპანიას მართავდნენ და შემოსავლებს არიგებდნენ. 5 მილიარდი დახმარება აიღეს და ახლა დაურიგეს ხალხს.

ამ თვეში 17 წლამდე ბავშვებზე დახმარების სახით ერთბაშად გასცეს 200 მილიონი და ამან ლარს უკვე დაარტყა. არადა, თანხა უნდა გადანაწილებულიყო და როცა უჭირდა ხალხს, მაშინ გაეცათ. ახლა გაახსენდა "ოცნებას" ბავშვები, თვითდასაქმებულები და სტუდენტები?! არიგებენ 8-გვერდიან გაზეთს და წერენ, როგორ გაუმკლავდნენ "კორონას" წარმატებით.

მთელი ეკონომიკა გააჩერეს, როდესაც დღეში სულ 5-6 შემთხვევა იყო. ქალაქებს კეტავდნენ, ახლა ათეულობით შემთხვევაა და ჩაკეტვას არ აპირებენ. თურმე პრობლემა მარტო ქორწილები ყოფილა. ხელისუფლების ერთადერთი მოწოდებაა, ქორწილი არ გადაიხადოთო.

- როგორ ფიქრობთ, არ აწყობს ხელისუფლებას ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა? - რა თქმა უნდა. გამოდის, მარტში გამოცხადებული კარანტინი შეცდომა იყო ან ახლა სჩადიან შეცდომას, როდესაც სომხური სცენარით წარიმართა ვითარება. ეს არ არის ერთი და ორი კლასტერი, ვირუსი უკვე მთელ ქვეყანას მოედო. პარლამენტში დაინფიცირდა დეპუტატი, რომელიც 15 აგვისტოს მერე თბილისიდან არ გასულა. თუ 5 შემთხვევის გამო ჩაგვკეტეს, ახლა მარტო ქორწილებსა და ქელეხებს რატომ უკრძალავენ ხალხს?! მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს პროცესები აბსოლუტურად არასწორად იყო მართული - პანდემია "გადაავადეს" ეკონომიკისთვის დამაზიანებელი უმკაცრესი ზომების მიღებით.

ქვეყანა ეკონომიკურად დაანგრიეს, ნასესხები 5 მილიონი ეშმაკურად გამოიყენეს, თუმცა ხალხმა ეს აპატია, რადგან პანდემიას მიხედეს და ჩვენთვის ევროპის ქვეყნებიც კი გაიხსნა, მაგრამ ეს პროცესი დამთავრდა და ახლა წითელ ზონაში შევდივართ. ამის შედეგი ის იქნება, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა - პანდემია უკონტროლოდ გავრცელდება. გაზეთის დარიგება ცინიზმია - რაც იქ წერია, ის უკვე აღარ არის, სხვა რეალობაა.

- თუ არჩევნები გადადეს, რას მოიმოქმედებს "ნაციონალური მოძრაობა"? - არჩევნები არ უნდა გადაიდოს, თუ რაღაც საშინელება არ მოხდა. შევისწავლოთ იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც პანდემიის დროს ჩატარდა არჩევნები. მაგალითად, პოლონეთში ორი თვის წინ გაიმართა. მალე გერმანიაში ჩატარდება ელექტრონულად, მაგრამ ჩვენთან ეს შეუძლებელია - თუ თავზე არ დაადექი, ესენი არჩევნებს გააყალბებენ.

აი, ნახავთ, ღამით აუცილებლად რამდენიმე უბანზე შუქი გაითიშება. ცესკო ამბობს, ნუ გეშინიათ, 3 ათასი სანთელი გვაქვს ნაყიდიო. რომელი საუკუნეა? ისე, როცა არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლება გყავს, სულაც არ არის ეს გასაკვირი, როცა ვამბობ, სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ-მეთქი, საქართველოს რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, საარჩევნო უბანი 8 საათის ნაცვლად, 9 საათზე ჩაიკეტოს, რათა ნაკლები რიგები იყოს და ამომრჩევლებმა დისტანცია დაიცვან.

- ვის აწყობს ახლა არჩევნების გადადება?

- ხელისუფლებას, რადგან ლეგენდა, რომ პანდემიას კარგად გაუმკლავდა, მოკვდა. აღმოჩნდა, რომ პანდემიის მართვის უნარი არ ჰქონიათ. ჯანდაცვის სფეროში ბოლო წლებში არსებითად არაფერი შეცვლილა, როგორც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისევე დარჩა. აგერ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა პირდაპირ ადანაშაულებს ხელისუფლებას. სხვათა შორის, საქართველომ ეს პანდემია ჩაკეტილობითა და კარანტინით გადაიტანა, თორემ ჯანდაცვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში ასეულშიც არ იყო. სომხეთი გერმანიის დონეზეა პანდემიასთან ბრძოლაში.

საქართველოში 2 ათასი ინფიცირებული არ არის და უკვე ღელავენ, სომხეთში კი 45 ათასია დაინფიცირებული. ეს მათ ხელისუფლებას კარგად არ ახასიათებს, მაგრამ ცხადია, მათი ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს. საქართველოს სტაციონარში 300-მდე კაცი მკურნალობს და თქვენ წარმოიდგინეთ, 45 ათასი რომ დაინფიცირდეს, რა მოხდება - კატასტროფა იქნება. ერთადერთი გზა, რითაც ქვეყანა წინ წავიდა, უმკაცრესი შეზღუდვები იყო. ამ ერთადერთი მეთოდის იმედად გაექცა მთავრობას პანდემია. ამიტომ აწყობს ხელისუფლებას ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა...

ხელისუფლებამ შეიძლება გახუთმაგებულ-გაათმაგებული ტესტირების მეთოდს მიმართოს. რაც უფრო მეტ ტესტს ჩაატარებს, დაავადებულიც მეტი გამოვლინდება. რაც უფრო მეტი ინფიცირებული აღმოჩნდება, არის შანსი, რომ წითელ ზონაში მოვხვდეთ, ჩაგვკეტონ, ავიარეისები აკრძალონ, მიმოსვლა გააჩერონ. ამიტომ ხელისუფლება ორ ცეცხლშუაა. თუ ბევრ დაინფიცირებულს აჩვენებს, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოგვიღებენ, თუ ნაკლებს, მაშინ პანდემიას ფარავს და დანაშაულს სჩადის. მოკლედ, ხელისუფლებამ არ იცის, როგორ მოიქცეს.

- არჩევნების გადადებაზე თქვენი კოლეგები რას ფიქრობენ? - დღევანდელ ვითარებაში არჩევნების გადადების საფუძველი არც სამედიცინო და არც სხვა მხრივ არ არსებობს.