ნინო ბურჯანაძე: "ხელისუფლებას არჩევნების გადადება არავითარ შემთხვევაში არ აწყობს" - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძე: "ხელისუფლებას არჩევნების გადადება არავითარ შემთხვევაში არ აწყობს"

"ოცნების" სიის წარდგენისას დავინახეთ, რომ გვყავს ხელისუფლება და ლიდერი, რომლებიც არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 8,2% შიმშილობს და ამ დროს მილიარდერი და მისი გუნდი ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკობენ"

"არჩევნების გადადება ოპოზიციისთვისაც არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ეს მისცემს შანსს, როდესაც ვითარება მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს საარჩევნო კამპანია, რათა მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება გვქონდეს", - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.

რატომ ითხოვს ნინო ბურჯანაძე არჩევნების გადადებას და გაიზიარებენ თუ არა მის აზრს კოლეგები, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ესაუბრა.

- სამწუხაროა, რომ "კოვიდის" შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა მოსალოდნელი იყო. ხელისუფლება აცხადებს, ქვეყნის ჩაკეტვას არ ვაპირებო, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი ქმედებები არაადეკვატურია. საინტერესოა, როგორ ახსნიან, მარტში, როცა დაინფიცირების 3-4 შემთხვევა იყო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ახლა კი ინფიცირებულთა რაოდენობამ რამდენიმე ათეული კაცი შეადგინა. გამოდის, ხელისუფლებამ ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერა, რაც ძალიან კარგად მოახერხა. ახლა საარჩევნო კამპანია აქვთ და შეზღუდვები არ აწყობთ.

- ფიქრობთ, არჩევნები უნდა გადაიდოს?

- ყველა პოლიტიკოსს გვირჩევნია არჩევნების დროულად ჩატარება. წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დაძაბულია და პოლიტიკოსებიც არანორმალურ სამუშაო რეჟიმში ვართ. თვითმიზანი არ არის არჩევნების გადადება, მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მეტ-ნაკლებად ნორმალურ და სამართლიან გარემოში. სამართლიანი ვერ დაერქმევა იმ გარემოს, როცა ხელისუფლება სახელისუფლებო რესურსს იყენებს, ხოლო ოპოზიციამ შესაძლოა უახლოეს კვირებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც ვერ შეძლოს. ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კოვიდვითარების პიკი შეიძლება იყოს ოქტომბრის მეორე ნახევარში ან ნოემბრის დამდეგს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მივიდეთ და მერე მოგვიწიოს კამპანიის შეცვლამ, რაც გაცილებით მტკივნეული იქნება. ამიტომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დინამიკას უნდა დავაკვირდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ საარჩევნო გარემო არანორმალური იქნება, და ასე უჩანს პირი, პოლიტიკური პარტიები ვერ შეხვდებიან ხალხს და ვერ გააცნობენ თავიანთ პროგრამას. ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს. ხელისუფლებას კი რჩევნების გადადება არავითარ შემთხვევაში არ აწყობს.

ლარმა უკვე დაიწყო გაუფასურება.ლარის კურსი კიდევ უფრო გაექცევა ხელისუფლებას და ეს "ოცნებამ" ძალიან კარგად იცის. დეკემბერი, იანვარი და ყოველი მომდევნო თვე ხელისუფლებისთვის უმძიმესი იქნება. ამიტომ უნდათ "კოვიდის" პირველი ტალღის პოზიტიურ ფონზე არჩევნების ჩატარება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ამ არჩევნებზე ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილს მივცემთ, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირისპირ აღმოვჩნდებით.

- კრიზისი ხომ ისედაც გარდაუვალია. - კრიზისს ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გადავურჩებით, მაგრამ გააჩნია, როგორი მთავრობით შევხვდებით. ეფექტიანი მთავრობა კრიზისს მეტ-ნაკლებად გაანეიტრალებს, ხოლო თუ კრიზისს შევხვდებით ერთი კაცის მთავრობით, რომლის ამოცანაა ოდა უმღეროს ივანიშვილს და გვითხრას, რომ ყველაზე კარგად ვცხოვრობთ, მაშინ კრიზისი უმძიმესი იქნება.

"ოცნების" სიის წარდგენისას დავინახეთ, რომ გვყავს ხელისუფლება და ლიდერი, რომლებიც არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 8,2% შიმშილობს და ამ დროს მილიარდერი და მისი გუნდი ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკობენ. როცა ასეთი გუნდი გყავს და ხალხის შიმშილი ეკონომიკურ წარმატებად მიგაჩნია, კრიზისის რა დაძლევაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?!

- არჩევნების გადადება რას მოუტანს ოპოზიციას? - ჩვენ შეზღუდული რესურსი გვაქვს. კამპანია დაწყებულია, ფინანსური რესურსის ნაწილიც დახარჯული და ეს დამატებით პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ გაცილებით ცუდი იქნება, თუ ვერ შევძლებთ კამპანიის ბოლომდე მიყვანას და მოსახლეობასთან შეხვედრას. ამიტომ არჩევნების გადადება ოპოზიციას მისცემს შანსს, როცა ვითარება მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება, ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.

- "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გადადების წინააღმდეგია და იმ ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც კორონავურუსის პანდემიის დროს ჩატარდა არჩევნები და ასეთ ქვეყნად პოლონეთს ასახელებს. - პოლონეთში ვინმე მდიდარი კაცი კიტრს, პამიდორს და კარტოფილს არ ურიგებს მოსახლეობას. იქ სხვაგვარად ტარდება არჩევნები და თუ გადავწყვეტთ პოლონეთს შევედაროთ, შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავცვივდეთ.