პოლიტიკური კრიზისი ცხინვალში - კვირის პალიტრა

პოლიტიკური კრიზისი ცხინვალში

"28 წლის ინალ ჯაბიევის სასტიკი მკვლელობით აღშფოთებულმა მისმა ოჯახმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს, რომელსაც რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილიც შეუერთდა"

ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 26 აგვისტოს სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოსურმა სპეცსამსახურმა ე.წ. შს მინისტრის მანქანაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. მილიციის იზოლატორში ორდღიანი წამების შემდგომ ჯაბიევი დაიღუპა.

ამ სისასტიკით აღშფოთებულმა მისმა ოჯახმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს, რომელსაც რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილიც შეუერთდა. ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდგომ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს. ჯაბიევის ნათესავებსა და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ.

ამის შემდეგ ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ იმ 7 მილიციელის გვარ-სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც ჯაბიევის წამებაში არიან ეჭვმიტანილი, თუმცა მოსახლეობას არ სჯერა, რომ ბიბილოვის ხელისუფლება საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.

"ანატოლი, კმარა ამდენი სიკვდილი და წამება!.. რამდენი ადამიანის სისხლი გაწევს კისერზე, წადი!" - გაისმოდა შეძახილები აქციაზე. ანატოლი ბიბილოვმა ხალხის დასაშოშმინებლად შს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა, შემდეგ კი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევიც გადადგა. მეტიც, ბიბილოვმა "მთავრობაც" დაითხოვა. თუმცა აქციის მონაწილეები გენპროკურორისა და თავად ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ.

ე.წ. გენპროკურორ ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, ის პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, "თუ დეპუტატები, რომელთა შესახებ ცხინვალის გენპროკურატურაში სხვადასხვა მასალა დევს, სადეპუტატო იმუნიტეტზე უარს იტყვიან და სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ისინი მიტინგებზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან და ინალ ჯაბიევის ტრაგიკულ სიკვდილს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ". ე.წ. გენპროკურორი გულისხმობს ალექსანდრ პლიევს, ჯამბულატ მედოევს, დავით სანაკოევსა და პარტია "ნიხასის" ლიდერ ალან გაგლოევის ძმას. სხვათა შორის, მათი გვარები არჩილ ტატუნაშვილისა და 18 წლის დავით ბაშარულის საქმეებშიც ფიგურირებდა.

არჩილ ტატუნაშვილი დაბა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მეორე დღეს ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით კი, ცხინვალის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ მისი ცხედარი ოჯახს გადასცა, თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანება და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა 2014 წელსაც - 18 წლის დავით ბაშარული ივნისში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ის ჯერ წამებით მოკლეს, შემდეგ კი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ტყეში თავი ჩამოიხრჩო. მაშინ ადგილობრივი მედია წერდა, რომ რამდენიმე თვის დასაფლავებული ცხედარი ჩამოკიდეს ხეზე.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ერთი ცხინვალელი ამბობს, მსგავსი რამ ხშირად ხდება, უბრალოდ, ინფორმაცია თბილისამდე ვერ აღწევს. ასეთ "საქმეებში" ზოგჯერ ის ახალგაზრდები არიან "გარეული", რომელთაც გავლენიანი პირები არ მფარველობენ. გახმაურებულ საქმეებში პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ან მათი ოჯახის წევრები ფიგურირებენ, მაგრამ დამნაშავედ რიგითი მოქალაქე ცხადდება, რომელსაც "ომონი" ისე "დაამუშავებს", რომ საბრალო "აღიარებით ჩვენებას" წერს, მერე კი ქრება...

მოსახლეობის თქმით, სწორედ ასეთების კრებსითი სახელია ჯაბიევი და ამიტომ გამოვიდა ბიბილოვის მკვლელი სისტემის წინააღმდეგ ამდენი ხალხი.

რამდენიმე დღის წინ ჯაბიევის გარდაცვალების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების კვალდაკვალ ცხინვალში ბიბილოვის მხარდამჭერთა აქციაც გაიმართა. თუმცა ადგილობრივი საზოგადოების მოსაზრებით, "ბიბილოვი ყოველდღიურად კარგავს ლეგიტიმაციას, ბევრმა მომხრე დეპუტატმაც უგანა. პირდაპირ სასაცილოა, პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის უკან "ქართველი აგენტების" ხელს ხედავს. მას საზოგადოების ნდობას ვერაფერი დაუბრუნებს. თუმცა ყველაფერს იღონებს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პოსტზე დარჩეს. თუ ბიბილოვმა კიდევ ერთი ვადით დარჩენა მოისურვა, შესაძლოა ვითარება უმართავი გახდეს".

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი: "ბიბილოვი ყოველდღე ახალ-ახალ შეცდომებს უშვებს. მხარდამჭერებიც კი განუდგნენ.

ბიბილოვის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და აქამდე მისი პოზიციების დამცველი რუსეთის კომუნისტური პარტია ბიბილოვს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს: "მას თითქმის არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. სამხრეთ ოსეთის პატრიოტულ ძალებთან ყველა შეთანხმება დაარღვია, რუსეთის კომუნისტურ პარტიასთან კონტაქტი გაწყვიტა და რეაქციული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყველას, ვინც არ ეთანხმება, სამოქალაქო აქტივისტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, დევნის. მარიონეტული იუსტიციის სამინისტრო სხვა პოლიტიკურ პარტიებს რეგისტრაციაზე სრულიად დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. ანატოლი ბიბილოვ, ნუ ევაჭრები საკუთარ ხალხს და ქვეყანას, გადადექი, სისტემა უნდა შეიცვალოს", - ნათქვამია რუსი კომუნისტების განცხადებაში. ისინი რუსეთის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბიბილოვს ზურგს უმაგრებენ, უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

ცხინვალელები ამბობენ, რომ ბიბილოვი პუტინის მეთოდებით მუშაობს, თუმცა "რაც პუტინს გასდის დიდ რუსეთში, მას პატარა ოსეთში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, არ გაუვა! ბიბილოვი ცდილობს სამართალდამცავები ვენდეტას აარიდოს და "ქალაქელი ახალგაზრდების" საპროტესტო ტალღა ჩააცხროს ("ქალაქელ ახალგაზრდებს" უწოდებენ მათ, ვინც კონფლიქტის დროს აქაურობა არ დატოვა). შესაძლოა მათ შორის ჯაბიევიც იყო. ისინი ქალაქის ტრადიციას იცავდნენ, ახლა კი ბიბილოვი მათ დაერია, მხოლოდ იმიტომ, რომ მის პოლიტიკას არ იზიარებენ".

"ამ მძიმე ვითარებაში გამოჩნდა ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და "პატრიოტული გამოსვლებით" ცდილობს იმ პროტესტის განელებას, რომელიც ქალაქის ცენტრში ექსპრომტად წარმოიშვა, ლაპარაკობს პირად შურისძიებაზე, რომელიღაც მართულ ძალებზე... აშკარად ამეტებს, როდესაც სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხეზე საუბრობს. ჯაბიევის ახლობლები შურისძიებას არ აპირებენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, რათა დაუსჯელობის სინდრომი არავის აღარ ჰქონდეს", - ამბობს რადიო "Эхо Кавказа"-ს ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი.

ჯერჯერობით საპროტესტო აქციებს გამოკვეთილი ლიდერი არა ჰყავს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები საპროტესტო აზრს აქციებზე, ბრიფინგებსა და ინტერნეტში გამოთქვამენ - ყველა მათგანი ერთხმად ითხოვს ბიბილოვის გადადგომას.

პარლამენტის დეპუტატების განცხადება ოპოზიციური პარტია "ნიხასის" წევრმა დავით სანაკოევმა "ფეისბუკში" გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ე.წ. გენპროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომისთვის "საპარლამენტო ბოიკოტს" აცხადებენ: "ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან ბიბილოვი არ აპირებს გადამჭრელი ზომების მიღებას სამხრეებიანი დამნაშავეების დასასჯელად. მართალია, გვესმის, რომ ეს კოლაფსამდე მიგვიყვანს, მაგრამ ამ რესპუბლიკაში სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია მას შემდეგ, რაც მოხდა... მე არ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება".