"ეს არის პიარტექნოლოგიებით ”კარგად” შეფუთული ძალადობა” - კვირის პალიტრა

"ეს არის პიარტექნოლოგიებით ”კარგად” შეფუთული ძალადობა”

ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს წერილი. მიზეზი იმისა, რომ არ დამეწერა, მქონდა. გული მაქვს ნატკენი ქართველთა ერთ ნაწილზე - მათ საქციელზე, მიდრეკილებებზე, მოსმენის თუ წაკითხვის კულტურაზე, დამოუკიდებლად აზროვნების უნარზე და ა.შ.

ასევე რთული გადასაწყვეტია, რომელი გაზეთის ფურცლებზე გამოაქვეყნო ნაწერი, რადგან გაზეთების ერთი ნაწილი, რომელთაც ხალხი, ამა თუ იმ მიზეზის გამო, კითხულობს, ჩემთვის საეჭვო რეპუტაციისაა.

მოკლედ, რომ არა პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის მომავლის წინაშე, შემიძლია გაუთავებლად  ვილაპარაკო ამ და მსგავს მიზეზებზე. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ სიფრთხილით ვეკიდებოდი და ვეკიდები ასეთ პათეტიკურ ფრაზებს თუ იმ ტიპის გამონათქვამებს, რომელთა მეშვეობით საკუთარი თავის ქება გამომდის, - მათ მაინც ვერსად გავურბივარ, რადგან ეს არის ჩემი სიმართლე!

ასე იყო, თუ ისე, გადავწყვიტე, დამეწერა.

რაზე ვწერ?

წერილი შედგება ორი თავისგან:

პირველი - რა იყო, ანუ რა გავიარე, რა ვნახე, ჩემი აზრით, რა შეცდომები დავუშვი, რას დავარტყი ცხვირი, რა მიღწევები იყო, მოკლედ, ყველაფერი - რაც იყო დღემდე.

ხოლო დღეს რას ვაპირებ, როგორ ვხედავ, რა იქნება, რა მოხდება, რა უნდა იყოს (ჩემი გამოცდილებისა და გაკვეთილების გადასახედიდან) - იქნება მეორე თავი.

მაშ ასე, თქვენის ნებართვით, დავიწყებ...

1999 წელს ედუარდ შევარდნაძემ და ზურაბ ჟვანიამ, პატრიოტული მოტივით, ნამუსზე ამაგდეს“ და შემიყვანეს მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიის პირველ ათეულში, ჩემი წარმატებული ბიზნესგამოცდილების პარლამენტში გადასატანად და ახალგაზრდა ქართული ბიზნესის ხელშესაწყობად. ასე მოვხვდი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.

რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მიკვირდა, თუ რაოდენ დიდ სიბინძურეზე იდგა ეგრეთ წოდებული "ქართული პატრიოტიზმი" - ქართული პოლიტიკა. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავდა პიროვნულ კომფორტს და არა პასუხისმგებლობას. პირადი რეიტინგის ასამაღლებლად მიღებული და წახალისებული იყო ხალხის მოტყუება, ყველა ბინძური მეთოდი - ჩაშვება, ჩაძირვა, გაყიდვა, ღალატი, კაცის კვლა... ასეთი იყო სახელისუფლებო ვერტიკალში აღმასვლის მთავარი ფაქტორები და მათი ძალიან დიდი ჩამონათვალი შემიძლია მოვიყვანო.

სწორედ ამ სიბინძურით აღშფოთების გამო წავედი ხელისუფლებიდან და 10 წელზე მეტია, ოპოზიციაში ვარ.

ყოფნაც ორ ნაწილად უნდა დავყო - შევარდნაძის ოპოზიციაში ყოფნა და სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციაში ყოფნა. თითოეული მათგანი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ორი განსხვავებული პერიოდია: თუ შევარდნაძის ოპონირებისას საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ვიბრძოდი, სააკაშვილის ოპოზიციაში მყოფი ვიბრძვი, რათა გადავარჩინოთ ქვეყნის მომავალი (არ შემეშინდება ამ ხმამაღალი სიტყვების) და მხოლოდ ამის შემდგომ განვაგრძოთ ქართული (ხაზს ვუსვამ - ქართული!!!) სახელმწიფოს მშენებლობა.

ამ წერილში შევარდნაძის პერიოდს არ გავიხსენებ, რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ შევარდნაძის პერიოდის ოპოზიციონერობამ ბევრი რამ მასწავლა, თუმცა ეს ყველაფერი არ მეყო სააკაშვილის რეჟიმზე გასამარჯვებლად.

მაშ ასე, 2003 წელი - "ვარდების რევოლუცია". საქართველოს მოსახლეობამ და გარე სამყარომ მიხეილ სააკაშვილს მისცა არნახული ნდობის კრედიტი. საქართველოს სახელმწიფოს განვითარების შანსი იყო ძალიან მაღალი. მაგრამ პოლიტიკამ, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალადობაზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, ყველაფერი ქართულის ფეხებზე დაკიდებაზე, მხოლოდ საკუთარ და ელიტურ კეთილდღეობაზე, - მიგვიყვანა 2007 წელს  ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გადადგმულ ვაჟკაცურ ნაბიჯამდე, საბოლოოდ კი 7 ნოემბრამდე და სააკაშვილის გადადგომამდე. სააკაშვილმა სწრაფადვე დაკარგა ნდობა საზოგადოების ფართო ჯგუფებში.

იმ დროს ოპოზიციამ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა (მიმაჩნია, რომ იმპულსური, თუმცა სწორი):

გაერთიანდა, სხვადასხვა მსოფლმხედველობის მიუხედავად;

ბრძოლა გადაიტანა ქუჩაში, რადგან ხელისუფლებამ ბრძოლის სხვა ადგილი არ დატოვა.

საბოლოოდ მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნები და გამარჯვება, რომელიც ვერ დავარეგისტრირეთ, ვერ დავიკანონეთ, ერთი სიტყვით - ვერ გავიფორმეთ.

რატომ ვერ გავიფორმეთ გამარჯვება?

დასავლეთმა მხარი არ დაუჭირა ქართველი ხალხის არჩევანს - ბუშის ადმინისტრაციამ ერთპიროვნულად გადაწყვიტა არჩევნების ბედი.

ყოფილმა საბჭოთა სივრცემ მიჰბაძა დასავლეთს და მანაც მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილს.

ოპოზიციის ერთობა არ იყო მტკიცე -  მას ბევრი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა.

სახელისუფლებო პროპაგანდამ აქტიურად იმუშავა ეგრეთ წოდებულ ჯაშუშურ გადატრიალებაზე, რომელმაც საზოგადოების დიდ ნაწილზე ზეგავლენა მოახდინა (ამას ადასტურებენ დასავლური დიპლომატიის წარმომადგენლებიც).

ბადრი პატარკაციშვილისგან შექმნეს მაფიოზურ-პრორუსული მტრის ხატი, იგი შემოიტყუეს საჯარო პოლიტიკურ მოედანზე და შემდგომ მოკლეს - დაიკარგა ტელეიმედი.

გარდა ამისა, ოპოზიციას ჩამოკიდეს ახალი სატყუარა - ახალი საპარლამენტო არჩევნები, რამაც, პრაქტიკულად, ოპოზიციის მდგრადობაში ბზარი შეიტანა. კერძოდ,

ა) მოლოდინი გადავიდა საპარლამენტო არჩევნებზე;

ბ) ბევრმა დაიწყო თავისკენ საბნის გადაქაჩვა;

გ) ბევრს არ უნდოდა ლევან გაჩეჩილაძის წარმატების გაფორმება.

გარდა საერთო გადაწყვეტილებისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ წავსულიყავით, სისხლის ღვრის რისკზე წასვლა პიროვნულადაც არ ვისურვე (ერევნის სცენარმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა). არ ვიცი, მაშინ ეს შეცდომა იყო თუ არა. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ კიდევ ახალი სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოსთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. მით უმეტეს, ჩვენს უმრავლესობას სამოქალაქო ომი ნანახი გვაქვს.

მეტსაც გეტყვით, ამერიკის ელჩი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გვიწინასწარმეტყველებდა და ამ შემთხვევაში, უკვე პარლამენტიდან ვართმევდით ან ვაბალანსებდით სააკაშვილის ხელისუფლებას. მერწმუნეთ, დაღლილი და ენერგიისგან დაცლილი ოპოზიციისთვის ეს ამბავი ძალიან კარგი მოსასმენი იყო. საბოლოოდ გამარჯვების გაფორმება ვერ მოხდა, ხალხში მუხტი განელდა და საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა ისევ თავხედური გაყალბების გზით.

პარლამენტში არ შევედით. ჩემი აზრით, ამით დიდი მორალური ნაბიჯი გადავდგით და, საერთოდ, დღევანდელი გადმოსახედიდანაც სწორი მგონია მაშინდელი ფაბულა - არ ვაღიარებთ პრეზიდენტს! არ ვაღიარებთ პარლამენტს!

7 ნოემბრის ბრძოლის პირველი ეტაპი დამთავრდა. სააკაშვილმა, გარე ძალების და დიდძალი ფულის მეშვეობით, მნიშვნელოვანი ეტაპი მოიგო და კიდევ უფრო თავხედური გადაწყვეტილებები მიიღო - დაიწყო ძალადობის წახალისება, გაძლიერება, როგორც პროპაგანდისტული, ასევე პოლიციური გზით.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილისთვის გადაუჭრელი დარჩა მთავარი პრობლემა - როგორ დაებრუნებინა გმირის, "ვარსკვლავთბიჭუნას", ხალხოსანის რეიტინგი.

ამის გასაღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში იდო და მან მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო და საბედისწერო გადაწყვეტილება - ქვეყანა ჩააბა რუსეთთან უთანასწორო ომში, რომელიც წააგო და ქვეყნის გამთლიანების პროცესი დიდი ხნით გადაავადა.

ომზე არ ვილაპარაკებ, მთავარია, რატომ დაიწყო ის (საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად). ამან გამოიწვია პროტესტის მეორე ტალღა -„9 აპრილი-26 მაისის“ სახელწოდებით. ოპოზიცია ისევ გაერთიანდა, ძველი თუ ახალი პერსონაჟებით (დღესაც მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო) და დაიწყო მშვიდობიანი, გრძელვადიანი აქციების მომზადება, ჩემი ძმის უნიკალური პროექტის თანხლებით.

ასზე მეტი უთანასწორო ბრძოლის დღე.

9 აპრილი.

6 მაისი.

ბაიდენი.

გაუთავებელი დაპირებები...

26 მაისი და ისევ...

დამარცხება!

ამჯერად, რა ვერ გავითვალისწინეთ?

დასავლეთმა ისევ  დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს, მთავარი არგუმენტით - არჩევნების გარეშე რევოლუცია არალეგიტიმურია (რაც ვთვლი, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი და სახელმწიფო კონიუნქტურას ექვემდებარებოდა).

ოპოზიციაში ისევ დომინირებდა საბნის გადაქაჩვის პრინციპი (ზოგს დღესაც ურჩევნია, სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ვიდრე სხვა გაპრეზიდენტდეს).

რევოლუციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვერ იქნა აღებული.

ისევ დამარცხება, ისევ ნიჰილიზმი, ისევ იმედგაცრუება, მაგრამ ისევ დიდი გაკვეთილები.

7 ნოემბრების მეორე ეტაპიც წარუმატებლად დამთავრდა, უფრო მეტიც, აპრილის მთავარი მონაპოვარი - თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები წავაგეთ (ვერ მოვახერხეთ ერთ კანდიდატზე შეთანხმება). მიუხედავად დამარცხებისა, 2007-2011 წლების ბრძოლის ცალკეულ ეტაპებზე სერიოზული გამარჯვებები მოვიპოვეთ:

სააკაშვილი გადავაყენეთ;

არჩევნები მოვიგეთ;

სააკაშვილი არალეგიტიმურია;

არალეგიტიმურია პარლამენტიც (ეს აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში იმ არგუმენტის გასამაგრებლად, რომ, სააკაშვილს, პრაქტიკულად, მთელი ძალაუფლება აქვს მიტაცებული);

ტელეკომპანია „"მაესტროს" მიეცა პოლიტიკური ლიცენზია;

მივაღწიეთ მერის პირდაპირი გზით არჩევნებს;

მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ყველა  მშვიდობიანი გზა გავიარეთ, ყველაფერი გავაკეთეთ სისხლის ღვრის ასაცილებლად.

ამისთვის ყველას, ყველას დიდი მადლობა!..

გაკვეთილები, რომელიც მივიღეთ

...რეჟიმმა ჭკუა არ ისწავლა და გრძელდება სისტემის გაძლიერება, რომელიც ეყრდნობა ფასადურობას, კონიუნქტურასა და ძალადობას. ასეთმა სისტემამ დღეს პიკს მიაღწია. ძალადობის პროცესში რეჟიმი ქმნიდა თავის უსამართლო და არათანაბარ კონიუნქტურას, თამაშის წესებს, რომელიც მინდა უფრო დეტალურად აღვწერო, რადგან მიმაჩნია, ეს არის მთავარი გაკვეთილები, რაც უნდა გავითვალისწინოთ მომავალი გამარჯვებისთვის, ბოლო ნაბიჯის გადასადგმელად.

პოლიტიკურ პოლიციასთან ერთად სააკაშვილი ეყრდნობა რამდენიმე "ვეშაპს".

სააკაშვილმა  რუსეთისგან შექმნა მტრის ხატი, რომელიც დგას ნებისმიერი ქუჩის აქციის თუ რევოლუციის უკან. ეს აისახება, ა) ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროპაგანდაში, ბ) ემთხვევა ანტიპუტინისტების ინტერესებს, გ) რუსეთის ჯაშუშობაზე აპელირება კარგი ბერკეტია საზოგადოების დასაშინებლად, დ) მომგებიანია,“აშშ-ს გუნდრუკი უკმიო, ე) ანტირუსული, რადიკალური ისტერია სააკაშვილის ექსკლუზიური ნიშაა.

სააკაშვილის კიდევ ერთი ლოზუნგია -  ჩვენ კარგები არ ვართ, მაგრამ ჩვენზე უკეთესი საქართველოში არავინაა. მოკლედ, ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია, რასაც გაუთავებელი და, ხშირ შემთხვევაში, ავადმყოფური ამბიციების გამო, თვით ოპოზიციის ნაწილი ძალიან კარგად უწყობს ხელს (სახელისუფლებო არხები მაშინ იხსნება ოპოზიციისთვის, როდესაც ისინი ერთმანეთს ლანძღავენ).

ყველაფერი კეთდება, რომ არ მოხდეს რეჟიმის ცვლილებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ რევოლუციის დისკრედიტაციაში გამოიხატება.

მიდის პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების გახლეჩის პროცესი, ძირითადად, რეჟიმი კეთილდღეობაში ამყოფებს მათ, ვისაც „უყვარს“ მიშა.

ოპოზიციას არ აქვს მაკონსოლიდირებელი იდეა, გნებავთ იდეოლოგია, არ აქვს სახელმწიფოს მშენებლობის ხედვა. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია სააკაშვილის პროპაგანდისტულ კონიუნქტურაში, რომელსაც ის საზოგადოებაში ამკვიდრებს.

არ არსებობს კრიზისი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც სოციალური, გაუთავებელი შოუები, კონცერტები, ფასადური მშენებლობები თუ განათებები, ქარხნების რამდენჯერმე გახსნა, რეალური ინფორმაციის დამალვა და წყნარი, შვეიცარიული დიალოგი ოპოზიციასთან.

რეჟიმის ცვლილება უკავშირდება რეგრესს და არა - პროგრესს.

აბა, ეს არის კრიზისი?

ასეთია, ზოგადად, ის კონიუნქტურა და თამაშის წესები, რომელიც ქმნის სააკაშვილის რეალობას და მის პროპაგანდისტულ თუ პოლიციურ დომინანტს; გნებავთ, საზოგადოებაში ნასროლი ანკესი, რომელსაც ნებით თუ უნებლიეთ, შიშით, ზედმეტი გონიერებით თუ უგუნურებით, საზოგადოების ნაწილი იჯერებს, რეალობაში კი მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას და მიშას გადარჩენას ემსახურება.

მთავარი მიზანი კი, საზოგადოებაში თავისუფლებისადმი ლტოლვის, ღირსებისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლის ჟინის ჩაკვლაა.

ამას ემატება პოლიტიკური ტერორი - პოლიციის, ზონდერების, პროკურატურის თუ სხვათა სახით.

ერთობლიობაში ვიღებთ ბრძოლისუუნარო საზოგადოებას, რის შედეგადაც რეჟიმი აგრძელებს მოღვაწეობას„ლოზუნგით“- "გაუმარჯოს საქართველოზე ძალადობას!"

ეს ყველაფერი კეთდება უდიდესი პროპაგანდისტული რესურსით და დახვეწილი პიარტექნოლოგიებით, მოდელირებული სიუჟეტებით - მოდელირებული ეკონომიკით, მოდელირებული ომით თუ სპეცოპერაციებით, მოდელირებული სოციოლოგიური კვლევებით. ჩვენ კი, ამ პროპაგანდისტული თარეშის მომხმარებლები, მოდელირებული ბედნიერების შექმნის უსინდისო ექსპერიმენტის ნაწილად ვიქეცით.

მალე, ალბათ, ტელევიზორში გამოჩნდება პურის ნაჭერი და ადამიანი დაიჯერებს, რომ ის მაძღარია. კონკრეტული მოდელირებული სიუჟეტები რომ გაგახსენოთ, ამის სურვილიც არ მაქვს.  მაგრამ იცოდეთ ერთი რამ - ყველაფერი მოდელირებულია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მიერ წარმოთქმული სიტყვების თარგმანი. რამდენი ჟურნალისტი, ექსპერტი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ჩვენი მომხრე, თანამებრძოლი, კოლეგა არის წამოგებული ამ ანკესს? დავფიქრდეთ!

მაგრამ მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ დღეს ვიცით, რა არის სააკაშვილის რეჟიმის თამაშის წესები და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო გამარჯვების ნაბიჯი გადავდგათ. მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი  ადამიანი, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, მით უმეტეს, მსოფლიო პოლიტიკის ახალ რეალობაში.

ეგვიპტემ გვანახა, რომ  ხალხზე ძალადობის პრეცედენტი ისჯება; თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, არ ესვრი - დამარცხებული ხარ, ესვრი -  მაინც დამარცხებული ხარ.

ეს ეხება ნებისმიერ დიქტატორს, ნებისმიერ ავტოკრატიულ რეჟიმს;

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი; მთავარია, რომ ამ მაგალითით საქართველოს მოქალაქეებს დიდი შანსი გვეძლევა ამ რეჟიმის შესაცვლელად. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. და თუ როგორ, რა გზით, შემდგომ სტატიაში მოგახსენებთ.

P.S. შევთანხმდეთ მხოლოდ ერთზე - ეს არის 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით შეიარაღებული დიქტატორული, გნებავთ, ავტოკრატიული რეჟიმი და მის დამარცხებას ადეკვატური, ანუ შესაბამისი ინსტრუმენტები სჭირდება.