"ოპოზიცია „ქცევის კოდექსს“ ხელს აწერს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მასთან ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია „ქცევის კოდექსს“ ხელს აწერს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მასთან ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს"

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს. შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, "გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად“.

"გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ "ქცევის კოდექსს“ მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს. ჩვენ დღეს შევასრულეთ დიდი ვაჟა ფშაველას დანაბარები "ბილწთ არ შავეკვრი ზავით". არასდროს ზავით არ შევეკვრებით ძალას,რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება. მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას, ქართული პოლიტიკა ისაა, რაც ამ ფორმატში ხდება და ამას მთელი მსოფლიოში აღიარებს. ვერანაირმა ძალამ პოზიცია ვერც ერთ პარტიას და ლიდერს ვერ შეაცვლევინა იმ გზაზე, რომელსაც მივყვევით. ეს არის გამარჯვებისა და ქვეყნის ხსნის გზა", - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების "ქცევის კოდექსს“ "ქართული ოცნებაც“ უერთდება. აღნიშნული დოკუმენტი მთელ რიგ მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"