"ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, თორემ მე არ ვარ ბოღმიანი ადამიანი" - როგორ აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძე? - კვირის პალიტრა

"ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, თორემ მე არ ვარ ბოღმიანი ადამიანი" - როგორ აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძე?

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კვლევების მიხედვით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში მის კანდიდატურას დიდი უპირატესობა აქვს.

როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენებით ოპოზიციურ ერთობას საფრთხე შეუქმნა, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანი არა ოპოზიციასთან კინკლაობა, არამედ ხელისუფლებიდან "დამსხვრეული ოცნებების პარტიის" ჩამოშორებაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციის ერთობას, რომელიც არის გამარჯვების მთავარი ფორმულა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საშინელი დარტყმა გაუკეთა თავისი გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ, ვიწროპარტიული ინტერესებით იხელმძღვანელა ამ პირობებში. მაგრამ, რა ვქნათ, ამ რეალობაში ვართ. მიჩვეული ვარ წინააღმდეგობების და ბარიერების გადალახვას და ამ ბარიერსაც გადავლახავ. აბსოლუტურად უარგუმენტოდ დაარღვიეს შეთანხმება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ოპოზიციურ ერთობას. ამით საკუთარ გამარჯვებასაც კი საფრთხე შეუქმნა, მაგრამ არ მივცემთ ამის უფლებას. არ შევედი არც ერთ კინკლაობაში, რომელიც მათ წამოიწყეს ჩემთან მიმართებით იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი სამიზნე არის დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის, ამ რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და არა ოპოზიციაში ერთმანეთთან კინკლაობა. კვლევებით უპირატესობა დიდი მაქვს",- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" მის მომავალ ურთიერთობას, ვაშაძე ამბობს, რომ "ბოღმიანი ადამიანი არ არის" და "ნაციონალური მოძრაობის" ნაბიჯებს ამომრჩეველი შეაფასებს.

"ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, თორემ მე არ ვარ ბოღმიანი ადამიანი და გულში არაფერს ვიდებ. ამომრჩეველი კარგ გაკვეთილს მისცემს მათ იმ არასწორ ნაბიჯებს, რომელიც ოპოზიციური ფლანგის დასუსტებისთვის გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გული მწყდება, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ვიწროპარტიული ინტერესებიდან ვერ გამოვიდნენ, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"