"მავნე ტრადიცია წელსაც გრძელდება" - ადმინისტრაციული რესურსი როგორც საარჩევნო იარაღი
"მავნე ტრადიცია წელსაც გრძელდება" - ადმინისტრაციული რესურსი როგორც საარჩევნო იარაღი
სად გადის ზღვარი სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შორის? - ეს საკითხი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მუდმივი თავის ტკივილია, თუმცა ამომწურავი პასუხი ამ კითხვაზე არცერთ სახელისუფლებლო პარტიას არ გააჩნია. წინა ხელისუფლების მსგავსად "ოცნებაშიც" ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციულ რესურს არ იყენებენ და არჩევნების მოგებისთვის კანონიერ ხერხებს მიმართავენ.

არჩევნებამდე თვენახევრით ადრე წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ციებ-ცხელება დღითი დღე მატულობს. შესაბამისად თითქმის ყოველდღიურად ისმის ოპოზიციის ბრალდებები
ხელისუფლების მისამართით, ამომრჩევლის დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ არასამთვარობო ორგანიზაციებიც, რომლებიც არჩევნების წინა პერიოდს აქტიურად აკვირდებიან. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის მიხედვით, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება.

რა
არის ადმინისტრაციული რესურსი

ადმინისტრაციული რესურსის ზუსტი დეფინიცია არ არსებობს, თუმცა როგორც ცნობილია ადმინისტრაციული რესურსი არის ქონება ან სხვა სახის რესურსი, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლად. წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ამ რესურსის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, ასევე სახელმწიფოსა და პარტიებს შორის ზღვრის არსებობის აუცილებლობა, ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, რომლებიც საქართველოსთვისაც სავალდებულო სტატუსს ატარებენ. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკურად და სამართლებრივად პოლიტიკური კამპანიის თავისუფალ და სამართლიან გარემოში წარმართვა, რომელშიც ადმინისტრაციული ქმედება, ძალადობა ან დაშინება, არ უშლის ხელს პარტიებსა და კანდიდატებს, თავისუფლად წარმოაჩინონ თავიანთი შეხედულებები.

არჩევნების საკითხებში ექსპერტის, ლაშა ფარულავას თქმით, საქართველოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რამდენიმე ნაწილად იყოფა.
ლაშა ფარულავა
"ჩვენთან ყველაზე ხშირად სახელისუფლებლო პარტია იყენებს სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ქონებას. კერძოდ ეს არის ავტომობილები თუ სხვა ტიპის ქონება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში იყენებენ აქტივისტები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ძირითადად გამორჩეულია ავტომობილების ნაწილში, მაგალითად სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებით გადადგილდებიან აქტვისტები, მოსახლეობასთან შესახვედრად. ასევე ხდება მუნიციპალური ქონების გამოყენება, როგორც პროექტორის, ისე კომპიუტერული ტექნიკის. ასევე ხშირია და ყველაზე დიდ გავლენას ახდენს საარჩევნო შედეგებზე მასწავლებლებისა და პედაგოგების ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ეს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არამედ ეს არის დაშინების მცდელობა, უებნებიან, რომ თუ არ ჩაერთვებიან კამპანიაში გათავისუფლდებიან სამსახურიდან. ეს პრობლემა უკვე წლებია რაც საქართველოში დგას. წინა არჩევნების დროს გვქონდა შემთხვევა ია კეზარიასთან დააკავშირებით და როგორც დასრულდა ეს საქმე, ყველას კარგად ახსოვს"- ამბობს ფარულავა.

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია და დარღვევები

"სამართლიანი არჩევნების" ანაგრიშის მიხედვით 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც. შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობა, რაც ფაქტობრივად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ფარულავაც, მისი თქმით, საჯარო სექტორში მომუშავე პირებს საარჩევნო კამპანიაში იძულებით რთავენ.

"რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, მავნე ტრადიცია წელსაც გრძელდება, ეს ეხება ყველა საჯარო სექტორის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც იძულებით ჩართულები არიან საარჩევნო საქმიანობაში, რომ არ დაკარგონ თავიანთი სამსახური. როგორც წესი, ხელისუფლებები ამას იყენებენ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში. წინა ხელისუფლება ეყრდნობოდა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და ახლაც იგივეა ზუსტად. 2016 წელს ეს პრაქტიკა აქტიურად იქნა გამოყენებული და ამაზე "ეუთო ოდირის" დასკვნაშიცაა ლაპარაკი. იგივე გაგრძელდა 2017 წელსაც თუმცა არ იყო დიდი მასშტაბის, მაგრამ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პრაქტიკულად ხელისუფლებამ ჩაატარა და არა "ქართულმა ოცნებამ". დღესაც იგივე ტენდენციაა, რაც 2012 წელს იყო, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა ყველა საჯარო პირი ჩართული საარჩევნო კამპანიაში. გამოდის, რომ საარჩევნო კამპანიას არა სუბიექტი "ოცნება", არამედ ხელისუფლება ატარებს. ეს იგრძნობა განსაკუთრებით რეგიონებში. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონებში კამპანიას არა "ქართული ოცნება" არამედ ხელისუფლება ატარებს", - გვითხრა ფარულავამ.
ლადო ბოჟაძე
ლადო ბოჟაძის თქმით, კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები "ოცნების" ხელისუფლების დროს კანონით გამკაცრდა, ამიტომ მას ოპოზიციის ბრალდებების არ სჯერა.
"საბიუჯეტო სახსრებზე კანონით არის შეზღუდვა და 60 დღით ადრე ანუ როცა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება, გამორიცხულია ცენტრალურსა თუ ადგილობრივ ბიუჯეტში რაიმე ცვლილებების განხორციელება, რომელიც შემდეგ შეიძლება დაუკავშირდეს საარჩევნო მიზნებს. მეორე მხრივ თუ აღმოჩნდება, რომ  სახელმწიფო ქონება გამოყენებული იქნა სააგიტაციო მიზნებისთვის ან წამყვანი ორგანიზატორი განცხადებას გააკეთებს მართველი პარტიის სასარგებლოდ, ის დაჯარიმდება 2 ათას ლარიანი ჯარიმით და თან პასუხს პერსონალურად ეს ადამიანი აგებს და არა ინსტიტუცია. ასევე შეზღუდულია სახელმწიფოს შენობა-ნაგებობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. ამიტომ არა მგონია ამის გამო თავი ვინმემ აიტკიოს.
ამ ხელისუფლების დროს კანონი ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით გამკაცრებულია, ამიტომ საკითხავია ეს ხელისუფლება იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურს. ჩვენი კანონი ევროპის დონეზეა, ამიტომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც ევროპაში ისე საქართველოში მკაცრად კონტროლდება", - გვითხრა ბოჟაძემ.

რაში სჭირდება პარტიას ადმინისტრაციული რესურსი?

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სახელისუფლებლო პარტიები ადმინისტრაციულ რესურს არჩევნებში წარმატების მოპოვებისთვის იყენებენ.
ვახტანგ ძაბირაძე
"არჩევნების დროს მიდის საუბარი ადმინისტრაციულ რესურსზე, ამიტომ უნდა დაკონკრეტდეს ვინ რას გულისხმობს და როგორ გამოყენებაზეა საუბარი. არა მგონია ევროპაში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ეს გაბედოს და სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ რომელიმე თანამშრომელს მოსთხოვოს გინდა თუ არა მხარი დაუჭიროს სახელისუფლებო პარტიას. იქ ასეთ რამეს პოლიტიკური ძალები ვერ გაბედავენ, ჩვენთან რადგან მუშაობს-იყენებენ კიდეც. "ნაციონალური მოძრაობის" დროს განსაკუთრებით 2012 წელს ხდებოდა სრული მობილიზება სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულების და მათგან ითხოვდნენ ხმა მიეცათ "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ასევე წარედგინათ სია მათი ოჯახის წევრებისა თუ ახლობლებისა, რომლებიც ასევე ხმას მისცემდნენ სახელისუფლებო პარტიას. რეჟიმი შეიძლება დღეს ერთნაირია, მაგრამ წინა რეჟიმი გაცილებით უფრო მძიმე და რეპრესიულ ხასიათს ატარებდა. ამიტომ მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნა პრაქტიკულად ნიშნავდა ბრძანების შესრულებას. ვფიქრობ დღეს ასეთი ზეწოლა არ ხდება. შეიძლება არის მაგრამ ისე აშკარად არა, როგორც ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - გვითხრა ძაბირაძემ.


(სპეციალურად საიტისთვის)

ალექს
26 სექტემბერი 2020 08:01
ახლა წარმოიდგინეთ ორ და სამთავიანი დევი, ტანი ერთი აქვს და კიდურები ორ ორი , ასეა ნაცქოცმოქკავშირი სამი თავი აქვს და ტანი და კიდურები კი ერთი აქვთ , ამიტომ რადგან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, არჩევნებს ერთ რამკაში ატარებენ ! რესურსიც ერთია , სუბიექტიც და ობიექტიც !

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები