"სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ თქვენგან" - რა უთხრა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას - კვირის პალიტრა

"სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ თქვენგან" - რა უთხრა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას

ეს არის თქვენი მიდგომა - სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ ახლა ჩვენ აქ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრის განცხადებები გადასახადის დაწევაზე მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმის გამოვლინებაა.

„საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო - მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვემო კლასს და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი, ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. აქციზის გადასახადი საწვავზე რომელი მდიდრების გადასახადია? ჩემს ხელფასზე და საკუთარზე რომ საუბრობთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი, ეგ რომელი არგუმენტია, მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადი რომ არ დაუწიოთ? წარმატებას სჯით და გგონიათ ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? ორჯერ ორი 4-ია, არ გესმით რაზეა ლაპარაკი?“- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას განცხადებით, მინისტრს არარელევანტური შედარებები მოჰყავს, როცა იაფ ფრენებსა და ქუთაისის აეროპორტზე საუბრობს.

„პოლიტიკური უტიფრობის ზღვარზე ლაპარაკობთ. მას უკითხავდით მორალს იაფ ფრენებზე და ქუთაისის აეროპორტზე, სერიოზულად ამბობთ ამას? როცა არაფერი აღარ განავითარეთ მანდ სწორედ იმისთვის, რომ დიდი ნახტომი გვქონოდა და 2011 წელს ადარებდით რაღაცას? მე-17 საუკუნისთვის შეგედარებინათ მაშინ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა ითქვა და ეს უნდა დამიდასტუროთ, რომ წამოგცდათ. თურმე საქართველოს არა მოქალაქეებს კარანტინში რომ მოუწევთ გასვლა და ოჯახის წევრი საქართველოს მოქალაქე რომ ჰყავთ, აძლევთ უფლებას, რომ კარანტინში შეუერთდნენ? ასეთი დიდსულოვნები ხართ?“- განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"