"საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია" - კვირის პალიტრა

"საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია"

"ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იმერეთის რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც 24 -საათიანი შრომა სჭირდება.

"დღეს ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ და საყვარელ მოგონებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულია თვენთან შეხვედრა. აქ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და რთული იყო, თუ როგორ გამოვიარეთ, ეს ყველამ ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვდობიანად, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები. დღეს ჩვენი ხელისულებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. მინდა გითხრათ , რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა იმერეთში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ მე რომ არ დავიწყო ყველა იმ პროგრამის და პროექტის მოყოლა, რომელიც დავნერგეთ და რომლითაც სარგებლობს ბევრი მოქალაქე, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები და ამას სჭირდება 24- საათიანი შრომა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს, მაგრამ ამ ყველაფერში შეუძლებელია მარტო იყო წარმატებული, ისევე როგორც ყველა საქმეში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პოლიტიკა თუ სპორტი, მნიშვნელოვანია გყავდეს ძლიერი გუნდი და ზუსტად ასეთ გუნდს წარმოადგენს "ქართული ოცნება". ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული", - განაცხადა კალაძემ.