"რუსეთს აქვს საქართველოში სამოქმედო კარგად დამუშავებული გეგმა და სტრატეგია... რუსეთს ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, არამედ..." - კვირის პალიტრა

"რუსეთს აქვს საქართველოში სამოქმედო კარგად დამუშავებული გეგმა და სტრატეგია... რუსეთს ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, არამედ..."

"რუსეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, არამედ ქვეყნის დასუსტება. ამისთვის ხელისუფლების შეცვლა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია ყველასა და ყველაფრის დისკრედიტაცია, მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა, სხვადასხვა სახის ექსტრემიზმის, კრიმინალისა და არეულობის შექმნა, სადაც ადვილი იქნება დაპირისპირების ინსპირირება"

საპარლამენტო არჩევნებამდე თვე-ნახევარი დარჩა. ბოლო დროს საარჩევნო თემატიკაზე საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი, რომელიც სხვადასხვა დამკვეთის ინიციატივით, ფაქტობრივად, დროის ერთ პერიოდში ჩატარდა, თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში, სადაც კვლევების კითხვები ერთმანეთს ემთხვევა, შედეგები იმდენად განსხვავებულია, ჩნდება ეჭვი, რომ კვლევები არცთუ ობიექტურად ასახავს საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებს.

სამაგალითოდ ავიღოთ "ქართული ოცნების" მაჩვენებლები. კითხვაზე, "რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?" - "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის კვლევების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 56.3% და 55.7% პასუხობს, "ფორმულის" დაკვეთით ჩატარებული კვლევით გამოკითხულთა მხოლოდ 38% ასახელებს მმართველ პარტიას, IRI-ს კვლევით კი ეს მაჩვენებელი 36%-ია. შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი საფუძვლიანად ეჭვობს, რომ ეს კვლევები დიდწილად საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციას ემსახურება. ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:

თენგიზ ფხალაძე

- საქართველოში ლამის ტრადიციად იქცა, რომ ამ ტიპის კვლევები ხშირად გამოიყენება არა საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად, არამედ საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის. კონკრეტული კვლევების შეფასება გამიჭირდება, რადგან ამისთვის ზუსტად უნდა ვიცოდე კვლევის მეთოდოლოგია. ბევრ რამეზეა დამოკიდებული კვლევის ობიექტურად ჩატარება. ეს არ შეეხება მხოლოდ კითხვების შერჩევას. მნიშვნელოვანია, როგორ არჩევენ რესპონდენტებს, რა გარემოში უწევთ მათ პასუხების გაცემა, როგორია ინტერვიუერის პოზიცია ამა თუ იმ კითხვის დასმისას და ა.შ. კვლევის ობიექტურობას პარტიები უნდა აქცევდნენ ყურადღებას, ზუსტად უნდა იცოდნენ საზოგადოების განწყობები, რათა ამით დაინახონ საკუთარი პრობლემები და მათი გადაჭრისთვის სწორად დაგეგმონ პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რა შედეგებს აჩვენებს კვლევები, ვფიქრობ, ზოგად ტენდენციებს მაინც ასახავს. გარდა იმისა, რომ ყველა გამოკითხვაში "ქართულ ოცნებას", სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, მაღალი რეიტინგი აქვს, ასევე ჩანს, რომ ძალიან მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი. მნიშვნელოვანია, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ. ცხადად ჩანს, რომ ეს მოქალაქეები არ არიან "ქართული ოცნების" მომხრეები, მაგრამ მმართველი ძალის მიმართ მათი სკეპტიკური განწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას უჭერენ მხარს. სავარაუდოდ, ამ კატეგორიის ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის მისცეს ხმა და, თუ ვერ შეარჩია მისთვის მისაღები ძალა, შესაძლოა არც წავიდეს არჩევნებზე. ამიტომ პოლიტიკური ძალების ამოცანა უნდა იყოს როგორც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, ასევე მუშაობა მოქალაქეთა ამ ჯგუფზე. ის, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს, გასაკვირი არ არის, თუმცა გამოიკვეთა სხვა ტენდენციებიც, რაც საყურადღებო უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებისთვის, მით უფრო, ახალაღმოცენებული პარტიებისთვის, რომელთა რეიტინგსაც მცირედი, მაგრამ ზრდის ტენდენცია აქვს.

- თუ ვთანხმდებით, რომ ამგვარი კვლევები საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციისთვის ტარდება, საინტერესოა, რა ასახვა შეიძლება პოვოს ამან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე. მაგალითად, თუ მე არ მომწონს "ქართული ოცნება" და ვაკვირდები ახალ პარტიებს, თუმცა აგერ კვლევა მიჩვენებს, რომ 55%-იანი მხარდაჭერით იმარჯვებს ისევ მმართველი ძალა, მე რომ მომწონს, იმ ახალ პარტიას კი 2%-იანი მხარდაჭერაც არა აქვს, ხომ არ ჩამაქნევინებს ეს ხელს და მიბიძგებს, რომ აღარც წავიდე არჩევნებზე. ვიფიქრებ, რომ ჩემი ხმის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. - თქვენი კითხვა აბსოლუტურად მართებულია, თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იქნებოდა იმ შემთხვევაში, ძველი საარჩევნო სისტემა რომ გვქონოდა. მაგრამ უკვე დღეს, შეცვლილი კანონმდებლობით, როდესაც, ფაქტობრივად, უბარიეროდ ტარდება არჩევნები, ვფიქრობ, ნებისმიერ ხმას აქვს გაცილებით დიდი ფასი - ანუ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი, ჰყავდეს წარმომადგენელი პარლამენტში, მეტიც, კოალიციის შექმნის საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ეს თუნდაც 2%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტია გახდეს ხელისუფლების ნაწილი.

დღევანდელი საარჩევნო სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიღებს 1%-იან მხარდაჭერას, შევიდეს პარლამენტში, ხოლო, თუ რომელიმე პარტიამ ვერ გადალახა 40%-იანი ჩამკეტი, დღის წესრიგში დადგება კოალიციის შექმნა. მე არ ვიცი, ჩვენი ამომრჩეველი რამდენად გათვითცნობიერებულია ამ ნიუანსებში. ამიტომაც ვამბობ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაინახონ ობიექტური სურათი და ის, თუ სად აქვთ სამუშაო. რაც შეეხება არჩევნებზე მისვლას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა საკუთარი თავისა და შვილების წინაშე. არჩევნებზე მიუსვლელობა ნიშნავს, რომ საკუთარ ხმას უმნიშვნელოდ მივიჩნევთ. ამომრჩევლის აქტიურობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

- "ქართული ოცნების" ლიდერობა გასაგებია, თუმცა ისიც ცხადია, რომ ის ფაქტორები, რომლებიც ამ ლიდერობას განაპირობებს, შესაძლოა ეფემერულიც აღმოჩნდეს. ვგულისხმობ პანდემიისას კრიზისის მართვას, რაც მმართველმა ძალამ თავისი საარჩევნო კამპანიის ამოსავალ წერტილად აქცია. ვხედავთ, რომ ვირუსი გააქტიურდა, მძიმეა ეკონომიკური ვითარება, რასაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც ემატება. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე? შეძლებს კი მართლაც ერთპიროვნულად მთავრობის დაკომპლექტებას, თუ კოალიციური თანამშრომლობა გახდება საჭირო... - რთული კითხვაა. ასეთი პროგნოზის გაკეთება საქართველოში არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, ძნელია. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ამ რთულ ვითარებაში. ვგულისხმობ არა მარტო პანდემიას, არამედ ბევრ სხვა რამესაც. ამიტომ ზოგადად ვიტყვი - ქვეყნის განვითარებისთვის, დემოკრატიისა და ბალანსის მექანიზმისთვის კარგია, მეტიც, აუცილებელიც, კოალიციური მმართველობა.

კარგი იქნება, თუ ერთი პარტიის ხელში არ იქნება კონცენტრირებული ძალაუფლება. უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესია თვითონ იმ პარტიისთვის, რადგან ოპოზიციის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში თავად ამ პარტიას დააზღვევს შეცდომებისგან. თუ კოალიციამდე მივედით, ეს სახელმწიფოსთვის კარგი იქნება.

თავისთავად ცხადია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ცდილობს ფართო ძალაუფლების მოპოვებას. "ქართული ოცნებაც" სწორედ მათ რიგშია და აშკარად ემზადება, რომ კიდევ ერთი ვადით, ერთპიროვნულად დარჩეს ხელისუფლებაში, რადგან მიაჩნია, რომ ამის რესურსი აქვს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმ ალტერნატივაზე, რომელსაც სხვა პოლიტიკური ძალები შესთავაზებენ ამომრჩეველს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ეს აღარ იყოს ორ პოლიტიკურ ძალას, პირობითად, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევანი. აღარ მოხდეს იმ ტიპის პოლარიზება, რაც გვქონდა აქამდე ჩატარებული არჩევნებისას. ეს უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური კულტურისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მას მერე როგორ გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას, შედგება თუ არა პოლიტიკურ ძალთა შორის თანამშრომლობა. არსებობს ეროვნული ინტერესები, რომლებიც მოითხოვს ყველას ჩართულობას და საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ძალების გაერთიანებას. თუ კოალიციურ პარლამენტს მივიღებთ, ეს პირდაპირ უბიძგებს ამ ძალებს თანამშრომლობისკენ.

- გასულ კვირას ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში "ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ", რომელშიც საქართველოში პოლარიზაციის საფრთხეებზეც არის გამახვილებული ყურადღება. თქვენი აზრით, რამდენად მზად არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კოალიციური თანამშრომლობისთვის? ეს ქვეყანას უფრო დიდ კრიზისში ხომ არ შეიყვანს და რიგგარეშე არჩევნებს დააყენებს დღის წესრიგში? - ეს პარლამენტარიზმის დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც ხდება, საპარლამენტო მმართველობას ახასიათებს მსგავსი პროცესები. ამის რისკი ყოველთვის არის და იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უპირველესად ქვეყნის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. იმედია, ჩვენი პოლიტიკოსები აცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება პოლარიზაციას, ეს დიდი პრობლემაა და მიხედვა სჭირდება. ეს არ არის ერთი რომელიმე ძალის პასუხისმგებლობა, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის საქმეა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლარიზაცია და რადიკალიზაცია ქვეყნისთვის უპირველესი საფრთხეა.

- ისევ ევროპარლამენტის ანგარიშს დავუბრუნდეთ. ტრადიციულად, ამგვარ ანგარიშებს ხელისუფლება და ოპოზიცია სათავისოდ "თარგმნის". ამჯერადაც ხელისუფლებამ მასში უფრო შექება ამოიკითხა, ოპოზიციამ კი კრიტიკა... - უპირველესად უნდა განვსაზღვროთ ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც - შეიძლება მივიჩნიოთ ესა თუ ის შეფასებები დადებითად ან უარყოფითად. მათ, ვინც დაინტერესებულია ამ ანგარიშის ანალიზით, ასეთ კრიტერიუმად წინა ანგარიშს შევთავაზებდი. ვნახოთ, მაშინ რაზე გამოითქვა დადებითი თუ უარყოფითი შეფასებები და რა შეიცვალა მას შემდგომ. თუ ამას გავაანალიზებთ, დავინახავთ, თუ რა დიდი დრო და რესურსი დავკარგეთ საარჩევნო კანონმდებლობის მეტ-ნაკლებად მოსაწესრიგებლად.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხია პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება. მართალია, ანგარიშში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ პწკარებს შორის აშკარად მიგვანიშნებენ, ამგვარი დაპირისპირება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებსო. ევროპარლამენტის ანგარიშში თავი, რომელიც სასამართლო სისტემას ეძღვნება, ძალზე მძიმეა. ეს სფერო აქილევსის ქუსლად იქცა და ანგარიშიდან ანგარიშში ლამის შეუცვლელად გადადის, რაც მიუთითებს მართლმსაჯულებაში დიდ პრობლემებზე, რაც უნდა აღმოიფხვრას, თუ ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი გვსურს. ვფიქრობ, ანგარიში მთლიანობაში პოზიტიურია. არაფერია მოულოდნელი იმაში, რომ ევროკავშირი საქართველოს რეგიონში ერთადერთ პარტნიორად მიიჩნევს. ეს უპირველესად იმით არის ნათქვამი, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულების გაფორმებისასვე იყო ცნობილი, მაგრამ მას მერე რა სიახლეა ამ ურთიერთობაში? თუ ევროპისკენ წინსვლა გვსურს, მაშინ სწორედ იმ პრობლემებზე უნდა დავფიქრდეთ, რომლებზეც მიგვითითებენ და შეძლებისდაგვარად სწრაფად ვცადოთ მათი გადაჭრა. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც სწორედ მომავალი პარლამენტი უნდა დაფიქრდეს და მათ მოგვარებას მაქსიმალური ყურადღება მოახმაროს. ეს მნიშვნელოვანია არა ევროკავშირისთვის, არამედ საქართველოსთვის.

საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და დააზარალოს პოლიტიკური პროცესი და ქვეყანა? სამწუხაროდ, რუსეთი ამ პროცესებში უკვე ერევა ყველა შესაძლო ფორმით - დაწყებული აშკარა დეზინფორმაციით და დასრულებული კიბერშეტევებით.

არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ამიტომ ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა ვიყოთ. ვიმეორებ, რუსეთი ერევა ჩვენს შიდა პროცესებში, ხვეწს და ცდის იმ მექანიზმებს, რომლებითაც საქართველოში სასურველი სურათის მიღება სურს.

- და როგორია ის? - რატომღაც ჩვენში ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში მისაღები ძალის მოყვანაა, არადა, მთლად ასეც არ არის საქმე. რუსეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, არამედ ქვეყნის დასუსტება. ამისთვის ხელისუფლების შეცვლა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია ყველასა და ყველაფრის დისკრედიტაცია, მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა, სხვადასხვა სახის ექსტრემიზმის, კრიმინალისა და არეულობის შექმნა, სადაც ადვილი იქნება დაპირისპირების ინსპირირება. ამას ემატება ის, რაც ხდება ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე. უკვე ლაპარაკია ფიზიკურ და უხეშ ჩარევაზე და არ უნდა დაგვავიწყდეს ის სამხედრო წვრთნები, რომელთა დასკვნითი ფაზაც ამ კვირიდან დაიწყება და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, რუსეთის არსენალი ძალიან დიდია. სამწუხაროდ, მის დესტრუქციულ მოქმედებებს საქართველოში თავისუფალი ასპარეზი აქვს, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის.

- როგორ ფიქრობთ, არ თუ ვერ ხერხდება ამ თავისუფალი ასპარეზის შეზღუდვა? - მრავალფაქტორიანი კითხვაა. ერთი ფაქტორია ის, რომ თვითონ რუსეთი ხვეწს ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რომელთა შემადგენელი ნაწილია საინფორმაციო ომი, ფსიქოლოგიური ოპერაციები და კიბერშეტევები. ამ ტიპის საფრთხეებისთვის დიდი ქვეყნებიც არ არიან სათანადოდ მზად, მით უფრო, საქართველო. სუს-ის ანგარიშები პირდაპირ არის აღიარებული რუსული ჰიბრიდული ომი ქვეყნის საფრთხედ, მაგრამ მის გასანეიტრალებლად რა კეთდება, არ ვიცით. ჩვენდა სავალალოდ, ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობაში ვაგებთ, მოსაგები სტრატეგია კი არა გვაქვს. წესით, ეს უნდა იყოს დეოკუპაციის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ... სამაგიეროდ, რუსეთს აქვს საქართველოში სამოქმედო კარგად დამუშავებული გეგმა და სტრატეგია, ჩვენ კი ამა თუ იმ ვითარებაში, რაც ისევ რუსეთის მიერაა შექმნილი, ერთჯერადად ვეძებთ გამოსავალს. ამიტომაც ვართ მუდამ მოპასუხის როლში. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით უკან ვართ და უპირატესობა მოწინააღმდეგეს აქვს. შეიძლება ეს იმიტომაც ხდება, რომ პოლიტიკური ძალები სხვა რამით არიან დაკავებული და ნაკლებად რჩებათ დრო იმ საკითხებისთვის, რომლებიც გრძელვადიან მუშაობას, ზოგჯერ კი შესაძლოა არაპოპულარულ ნაბიჯებსაც მოითხოვს. თუ ასეთი სტრატეგია არ შეიქმნა, მომავალში ეს პრობლემები უფრო გამწვავდება. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ევროპარლამენტის დახმარებაც. ისინი მყარად უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თუკი ქვეყანას არა აქვს სტრატეგია, ძნელია მისი დახმარება. სტრატეგიის უქონლობა განაპირობებს იმასაც, რომ ჩვენს პარტნიორებს კონკრეტულად ვუთხრათ, რა ტიპის დახმარება გვჭირდება.

- ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში". თქვენი აზრით, ლავროვის ნაგულისხმებ ძალებს ამ არჩევნებში რა შანსები ექნებათ? - ნაკლებად მჯერა, რომ გაიზრდება იმ პირთა რიცხვი, რომლებიც მართლა დაიჯერებენ, რომ საქართველოს ხსნა რუსეთშია და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, არის ჩვენში ასე მოფიქრალების ჯგუფი, მაგრამ საეჭვოა, ამ არჩევნებისთვის მათი ხმები გადამწყვეტი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ეცდება დეზორიენტაციის შეტანას სწორედ იმ ამომრჩეველში, რომელიც მისი მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, შეეცდება პროდასავლურ პოლიტიკურ ძალთა დისკრედიტაციით ამ ამომრჩევლის ნაწილი მაინც შინ დატოვოს.